"თალიბები და "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლები ჩემზე ნადირობენ" - რას ყვება ავღანელი ჟურნალისტი?! - კვირის პალიტრა

"თალიბები და "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლები ჩემზე ნადირობენ" - რას ყვება ავღანელი ჟურნალისტი?!

"მნიშვნელობა არ აქვს, მშვიდობის დასამყარებლად საიდან ჩამოიყვანენ ჯარისკაცებს - საქართველოდან, საფრანგეთიდან თუ ინდოეთიდან... ქვეყანაში უნდა იყოს მზაობა, იქ კი, წლების წინ დაწყებული ხოცვა-ჟლეტა არ წყდება"

ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, ამერიკის 9800-კაციანი კონტინგენტი 2016 წლის ბოლომდე ავღანეთში დარჩება. აქამდე კი ცნობილი იყო, რომ ამერიკული ჯარი, მომავალი წლის განმავლობაში ავღანეთს ეტაპობრივად დატოვებდა.

ამერიკელი სამხედროები დისლოცირებულ იქნებიან ქაბულიდან ჩრდილოეთით, ბაგრამში მდებარე სამხედრო ბაზებზე, აღმოსავლეთით ჯალალაბადში და სამხრეთით ყარდაართან ახლოს. უცვლელი დარჩება მათი მისიაც - თალიბანის, ალ-ქაიდასა და "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტების წინააღმდეგ მხარდაჭერის აღმოჩენა.

"კვირის პალიტრა" ბრიტანეთში მცხოვრებ ავღანელ ჟურნალისტს, ნაჯიბულა ქურაიშს ესაუბრა. ის ამჟამად ამერიკულ და ბრიტანულ გაზეთებთან - "ვაშინგტონ-პოსტი", "ტელეგრაფი", "ინდეპენდენტი" - თანამშრომლობს. ჟურნალისტს სამშობლოსთან, როგორც თავად უწოდებს "დანაღმულ უდაბნოსთან" მუდმივი კავშირი აქვს.

ნაჯიბულა ქურაიში: - მართალია, ქაბულში აღარ ვცხოვრობ, მაგრამ იქ ხშირად ჩავდივარ, ხანდახან განსაკუთრებული რისკის ფასად სიუჟეტებს ვამზადებ და როდესაც სიტუაციას ვაკვირდები, ვხვდები, რომ ავღანეთის მთავრობის არც ერთი უწყება არ არის მზად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომ არაფერი ვთქვათ თალიბებზე, რომლებიც წლებია, როგორც ავღანეთის, ისე "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლების მიერ ჩადენილ სისასტიკეებზე არაფერს ამბობენ, მათ ადამიანის სიცოცხლე, მნიშველობა არ აქვს, ქალია, ბავშვი თუ მოხუცი, არაფრად უღირთ...

ხანდახან მგონია, რომ ბრძოლასაც არ აქვს აზრი. სამწუხაროდ, იქ სამოქალაქო განათლების პრობლემაა და ასე იქნება დიდხანს, რადგან ჯერ ქვეყანაში მშვიდობა უნდა დამყარდეს, მშვიდობა კი, ამ ღმერთისგან დავიწყებულ მიწაზე კიდევ დიდხანს არ იქნება. მნიშვნელობა არ აქვს, მშვიდობის დასამყარებლად საიდან ჩამოიყვანენ ჯარისკაცებს - საქართველოდან, საფრანგეთიდან თუ ინდოეთიდან... ქვეყანაში უნდა იყოს მზაობა, იქ კი, წლების წინ დაწყებული ხოცვა-ჟლეტა არ წყდება.

ვისაც თავის შველა შეუძლია, გარბის. მეც გავეცალე იქაურობას, რადგან შვილების მომავალზე ვიზრუნე და ვფიქრობდი, შორიდან უფრო დავეხმარებოდი ჩემს ქვეყანასა და ხალხს, რომლებიც უკვე მერამდენე წელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების დახმარების იმედად არიან...

აღმოსავლური სიბრძნე ამბობს: "თუ არ შეგიძლია ბოლო მოუღო უსამართლობას, უამბე მაინც ყველას ამის შესახებ" - მეც ამას ვაკეთებ, ვყვები, რა იქ ხდება... ვისაც წასვლა არ შეუძლია, იმ ჯოჯოხეთში რჩება, რისკის ფასად. ვინც იცის, მერამდენე თაობა ითვლება და ჩაითვლება დაკარგულად.

- ბოლოს როდის იყავით ავღანეთში და რა ხდებოდა იქ?

- იქ მხოლოდ მაშინ ჩავდივარ, როდესაც აუცილებლობა ითხოვს, რადგან თალიბები და "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლები ჩემზე ნადირობენ. გარდა ამისა, ყოველ ჯერზე უარესი ვითარება მხვდება - დანგრეული სახლები, სკოლები, შენობა-ნაგებობები, დაღუპული ადამიანები; ყოველ ნაბიჯზე უდანაშაულო მსხვერპლი, მშიერი და ქუჩაში დარჩენილი ბავშვები, რომელთაც ბნელი ძალები უჩლუნგებენ გონებას და ისე წვრთნიან, როგორც მოუნდებათ. იქ, მიტოვებულ შენობებსა და სარდაფებში, ბავშვებს თვითმკვლელ ტერორისტებად ზრდიან... არ არსებობს კანონი, ეს ცნება უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, გარშემო კორუფციაა. იქ იმაზე მეტად "ბნელა", ვიდრე ვინმეს, ცივილურ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს წარმოუდგენია...

რამდენიმე სიუჟეტი მოვამზადე, მაგრამ რა? - არაფერი შეცვლილა. მე ვყვები ქაბულზე, სადაც თითქოს უკეთესი ვითარება უნდა იყოს, რადგან დედაქალაქია, მაგრამ... ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ხდება პროვინციებში... ამას წინათ გავიგე, რომ 13 წლის გოგონა სასტიკი წამებით მოკლეს იმის გამო, რომ სკოლის ეზოში თავის აფეთქება ვერ შეძლო. ის გოგონა მეპურის შვილი იყო და მშობლებს ეგონათ, სკოლაში დადიოდა... ცხადია, პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ. სრულებით შესაძლებელია, რომ სხვა ბავშვებსაც ასეთი ბედი ელოდეთ... ხალხი ინერციით ცხოვრობს, მხოლოდ იმისთვის, რომ საკვები იშოვონ...

როდესაც ბრიტანეთში ვბრუნდები და ჩემი შვილები მეკითხებიან, - რა ხდება იქ? - ვერაფერს ვპასუხობ, რადგან ავღანეთში, საშინელებისა და ამაზრზენობის გარდა, არაფერი ხდება, საერთოდ არაფერი. ეს არ არის ქვეყანა, ეს უბრალოდ ადგილია, სადაც მუდმივად ომია და იქ მთელი მსოფლიოსთვის საშიში ადამიანები არიან თავმოყრილი.

- რამდენიმე დღის წინ ავღანეთსა და პაკისტანში მიწისვძრას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა... რამდენად აქტიურია საერთაშორისო საზოგადოება?

- ადამიანური დანაკარგის გარდა, ამას უზარმაზარი სოციალური პრობლემები მოჰყვა. უსახლკაროდ დარჩნენ ადამიანები... საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული "მხარდაჭერა" კი, როგორც წესი, ავღანეთის ხელისუფლების მაღალჩნისონთა ჯიბეებზე აისახება. ხალხი პურის ფულის გამო ისევ "ისლამური სახელმწიფოსა" და თალიბების რიგებს უერთდება. ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ, მათი რიგები ღატაკთა რიგებით შეივსება.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)