"თურქეთში ტერაქტები უკვე ძალიან საშიშ მასშტაბს იღებს" - რა ხდება ქვეყანაში, რომელიც ბოლო დღეებში ტერორისტთა სამიზნედ იქცა - კვირის პალიტრა

"თურქეთში ტერაქტები უკვე ძალიან საშიშ მასშტაბს იღებს" - რა ხდება ქვეყანაში, რომელიც ბოლო დღეებში ტერორისტთა სამიზნედ იქცა

ანტალიაში ტერორიზმის ბრალდებით რუსეთის სამი მოქალაქე დაააკვეს

ბოლო დღეების განმავლობაში თურქეთი ორჯერ იქცა ტერორისტთა სამიზნედ. 12 იანვარს სტამბოლის ცენტრში აფეთქებას ათი ადამიანი შეეწირა. თავდასხმა სტამბოლის ცენტრალურ, სულთანაჰმეთის მოედანზე მოხდა. ეს ის ადგილია, რომელიც დღე-ღამის ნებისმიერ მოანკვეთში ტურისტებითაა სავსე. დილის ათი საათისთვის, ლურჯი მეჩეთის მახლობლად, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მომხდარ აფეთქების შედეგად 9 გერმანელი და 1 პერუელი ტურისტი ემსხვერპლა... თურქეთის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, აფეთქება ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა განახორციელეს. 14 იანვარს კი აფეთქება ქალაქ დიარბაქირში, პოლიციის შენობასთან მოხდა, რომლის დროსაც პირველადი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, არიან დაშავებულებიც, მათი რიცხვი 30-ს აჭარბებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის ქალი და ერთი მცირეწლოვანიც. ამ დროისთვის მიმდინარეობს მსხვერპლთა რაოდენობის დაზუსტება.

როგორც თურქული მედია წერს, ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ ავტომობილში იყო დამონტაჟებული. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დაზიანდა ახლოს მდებარე შენობები.

ფოტოგალერეა

სტამბოლის აფეთქების შემდეგ თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ თვითმკვლელი ტერორისტი თურქეთში სირიიდან შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლის ტერაქტის შემდეგ თურქმა სამართალდამცავებმა ანტალიში, დააკავეს რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსები მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დააკავეს, რომელიც თურქეთში 12 იანვრიდან მოყოლებული მიმდინარეობს.

ოზრი კარჰამანი, სტამბოლის მცხოვრები:

- თურქეთში ტერაქტები უკვე ძალიან საშიშ მასშტაბს იღებს, ხელისუფლებამ რაღაც უნდა იღონოს, თორემ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ხალხი ძალიან შეშინებულია... ასე ხომ, ყველა ქვეყნის ტურისტი უარს იტყვის აქ ჩამოსვლაზე, ისედაც უკვე მწერენ ჩემი უცხოელი მეგობრები, რომ ჩამოვედით რამდენად უსაფრთხოა მანადაობაო... ძალიან ბევრმა, ვინც სტამბოლის დასათველირებლად იყო ჩამოსული, შეწყვიტა ვიზიტი და სამშობლოში დაბრუნდა... ჩვენ მშვიდობა და განვითარება გვინდა, რაც ალბათ ძნელად მოსაპოვებელი გახდება, რადგან მეზობლადაა სირია, საიდანაც ათასი ჯურის ტერორისტი შემოდის... როგორც ირკვევა, რუსეთის მოქალაქეები დააკავეს, ხალხი ისედაც არ იყო მათ მიმართ კეთილგანწყობილი, ძალიან სწრაფად შეიცვალა ურთიერთობები ამ ორ ერს შორის და ვშიშობ, ამან უფრო მასშტაბური სახე არ მიიღოს...

ჩვენ გვიყვარს სტუმრები. თურქეთი ტურისტების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანაა, მაგრამ თუ მათი მხრიდან ტერორისტული აქტები გახშირდა, იძულებული გავხდებით, ხელისუფლებისგან შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოვითხოვოთ.

მარიამ აბულაძე, სტამბოლში მცხოვრები ქართველი:

- სტამბოლის ტერაქტის შემდეგ, ქალაქში ძალიან დაძაბული ვითარებაა, - ჟანდარმი ყველა საეჭვო პირს აჩერებს და საბუთებს უმოწმებს. სტამბოლი კი, მუდმივად სავსეა სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანებით, ადგილობრივებითა და ტურისტებით. შემოდიოდნენ კაფეებსა დ მაღაზიებში და გვისმავდნენ კითხვებს, - რამე და ან ვინმე საეჭვო ხომ არ შეგვიმჩნევია... გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის ადგილობრივებიც არიან, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. როგორც ჩანს, ტერორისტმა გათვალა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილია სტამბოლში. ბოლო დროს, ხალხი ძალიან შეშინებულია. ხალხმრავალ ადგილებში რამე მსგავსი არ მოხდეს, - ახლობლები ერთმანეთს ურეკავენ და შინ მშვიდობით დაბრუნებას უსურვებენ... ბოლო წლებში, რუსების მიმართ ჩამოყალიბებული საოცარი კეთილგანწყობა ამ ორ თვეში კატასტროფულად შეიცვალა და ეს ყველა წრის ადამიანურ ურთიერთობებში იგრძნობა. აქამდე თურქეთში დამსვენებელთა 60-ზე მეტი რუსი იყო, თურქები ამბობდნენ, რომ ისინი ყველაზე კარგი, სარფიანი ვიზიტორები იყვნენ, უყვარდათ ფულის ხარჯვა და ამიტომაც ყველა ცდილობდა, საუკეთესო მომსახურებით მათი ნდობა დაემსახურებინა. თავის მხრივ, რუსებიც ცდილობდნენ, საიმედო თურქი ბიზნესპარტნიორების პოვნას და საკმაოდ აწყობილი ჰქონდათ ბიზნესსქემები.

ერთი სიტყვით მათი თანამშრომლობა ორმხრივი იყო, მაგრამ პოლიტიკურმა პროცესებმა მათ ურთიერთობებზე ძალზედ უარყოფითად იმოქმედა. ახლა ძალიან ხშირად გაიგებთ, თურქებისგან, რომ რუსები დამპრყობლის პოზიციიდან ვერ გამოვიდნენ და ბატონობა ყველგან უნდათ. ეს ძალიან ცუდია. ჯერჯერობით დიდი ბიზნესს არ ეტყობა, მაგრამ მცირე მეწარმეები ჩივიან, რომ ტურისტების სიმცირეს იგძნობა, - რაც ზაფხულის სეზონზე უფრო გამწვავდება. ამას ემატება ეკონომიკური სანქციები, თავად რუსი ბიზნესმემებიც, რომელთაც თურქი პარტნიორები ჰყავდათ ამაზე ძალიან წუხან.

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)