"გერმანელი ქალები ნახევრად შიშვლები დადიან და იყენებენ პარფიუმს" - როგორ ხსნის იმამი მიგრანტთა ძალადობას კიოლნში - კვირის პალიტრა

"გერმანელი ქალები ნახევრად შიშვლები დადიან და იყენებენ პარფიუმს" - როგორ ხსნის იმამი მიგრანტთა ძალადობას კიოლნში

"იქ იყო კაცი, რომელმაც ფერება დამიწყო. ისე ძლიერად მიჭერდა ხელს, რომ სუნთქვაც კი აღარ შემეძლო. ვთხოვე გაჩერებულიყო, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა. შემდეგ ის გაიქცა და ვიღაც სხვა მოვიდა, რომელიც მკერდზე მიჭერდა ხელს. ეს საშინელება იყო! ირგვლივ უამრავი ადამიანი იყო. ზოგიერთი დაჭრილი ასფალტზე იწვა. ერთ-ერთ მათგანს ხელის თითები მოკვეთეს".

პირველ იანვარს, ახალი წლის ღამეს, კიოლნის ტაძარსა და რკინიგზის სადგურთან ადამიანები ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ლტოლვილთა თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ. დაზარალებულთა განცხადებით, მიგრანტები მათ დამიზნებით უშენდნენ ფეიერვერკებს, სძალავდნენ ფულს და ძვირფას ნივთებს, თავს ესხმოდნენ ქალებს. კიოლნის პოლიციამ 90-მდე განცხადება მიიღო ძალადობის მსხვერპლი ქალებისგან. იყო ცნობა ერთი გაუპატიურების შესახებაც.

გერმანიის ქალაქ კიოლნის იმამმა სამი აბუ-იუსუფმა განმარტა, რომ მიგრანტთა თავდასხმა გერმანელი ქალბატონების გამომწვევი ჩაცმის სტილისა და პარფიუმის სურნელის ბრალია..

РЕН ТВ - სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, იმამმა განაცხადა, რომ გერმანელი ქალბატონები თავად არიან დამნაშავენი აღმოსავლელი მამაკაცების საქციელში, რადგან ისინი ღია სამოსით და პარფიუმით მათ პროვოცირებას ახდენენ.

ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა ვიდეორგოლები სახელით „ახალი ევროპელები“, სადაც ემიგრანტები უდიერად ექცევიან ქალბატონებს. ერთ-ერთ ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად გერმანელ გოგონას ემიგრანტი ბიჭები და როგორ ართმევენ ზურგჩანთას. სამწუხაროდ, ახალი წლის ღამემდე მსგავს შემთხვევებზე სამართალდამცავები არ რეაგირებდნენ.

გერმანიის მოქალაქე ტაბეია ბეისტერი ახალი წლის ღამეს მშობლებთან ერთად ცდილობდა არეულობას თავი დაეღწია, თუმცა კიოლნის ტაძრის მიმდებარე მოედნიდან ისინი რკინიგზის სადგურთან აღმოჩდნენ, სადაც უარესი სიტუაცია დახვდათ.

„იქ იყო კაცი, რომელმაც ფერება დამიწყო. ისე ძლიერად მიჭერდა ხელს, რომ სუნთქვაც კი აღარ შემეძლო. ვთხოვე გაჩერებულიყო, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა. შემდეგ ის გაიქცა და ვიღაც სხვა მოვიდა, რომელიც მკერდზე მიჭერდა ხელს. ეს საშინელება იყო! ირგვლივ უამრავი ადამიანი იყო. ზოგიერთი დაჭრილი ასფალტზე იწვა. ერთ-ერთ მათგანს ხელის თითები მოკვეთეს". - ყვება ტაბეია.

პირველი იანვრის „არაბული ფლეშმობის“ შემდეგ, თანამდებობა დაატოვებინეს კიოლნის პოლიციის უფროსს. გათავისუფლების მიზეზი მხოლოდ პოლიციის უძლურება არ ყოფილა, პირველ იანვარს გავრცელდა პრესრელიზი, სადაც პოლიცია ამტკიცებდა, რომ თითქმის ყველაზე მშვიდი ახალი წელი იყო, ხოლო მიგრანტთა ქმედება მათ მხოლოდ 3 დღის შემდეგ აღიარეს და ისიც მხოლოდ მაშინ, როცა ადგილობრივმა ბეჭდურმა მედიამ ათობით ადამიანის მონათხრობი დაბეჭდა.

ნიკ ჰაინი ყოფილი პოლიციელი, ინფორმაციას ავრცელებს, რომ კიოლნის პოლიციისთვის მიგრანტთა დანაშაულის უგულებელყოფა ჩვეული საქმე გახდა.

„როცა ვიჭერდით დამნაშავეებს, ყველაფერს პროტოკოლით ვადგენდით, თუმცა ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. ალბათ, რადგან ყველაფერზე ღიად ვერ ვსაუბრობდით, მმართელმა ორგანოებმა კარგად ვერ გაიგეს პრობლემის სერიოზულობა.“

ნიკი სწორედ იმ რკინიგზის სადგურში მუშაობდა, სადაც არეულობა მოხდა.

„ისინი კარგად ორგანიზებული დამნაშავეები არიან. მათ არ აქვთ პატივისცემა არც პოლიციელების და მით უმეტეს, არც ქალბატონების მიმართ“. - ამბობს ის.

მსგავსი მოვლენების შემდეგ, კიოლნის მერმა ჰენრიეტა რეკერმა ყველასთის მოულოდნელად თავად ქალბატონები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ გერმანელი ქალები თავად არიან დამნაშავენი. მათ არაფერი ესაქმებათ მიგრანტ კაცებთან. თუმცა პოლიტიკოსმა ამის გამო მოიბოდიშა.

მასობრივ არეულობას მნიშვნელოვანი აღიარება მოჰყვა კანცლერის მხრიდანაც. ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია ამ სტუმართმოყვარეობისთვის მზად არ აღმოჩნდა.

„მიგრანტთა ტალღამ ევროპას პრობლემები მოუტანა, რომლისთვისაც ჩვენ მზად არ აღმოვჩნდით. ჩვენ უძლურები ვართ, რადგან ჯერ კიდევ ვერ აღვადგინეთ წესრიგი და ვერ აღვადგინეთ კონტროლი.“- განაცხადა მერკელმა

მსგავსი შემთხვევის შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, ნამდვილად შემთხვევით მოხდა თუ არა კიოლნის ცენტრში ათასობით მიგრანტთა თავმოყრა? ხომ არ იყო ეს უფრო მაშტაბიანი არეულობისთვის მზადება. საზოგადოებრივი აზრი ორ ნაწილად გაიყო. ზოგიერთი მოქალაქე ტაბეია ბეისტერსა და მათ, ვინც თავს იცავდა აღმოსავლელი მამაკაცებისგან, ფაშისტს უწოდებს, ხოლო საზოგადოების მეორე ნაწილი ქუჩაში თავად გამოვიდა, რათა მორიგი თავდასხმებისგან შეშინებული მოსახლეობა დაიცვან. მსგავსი დაჯგუფებები მომრავლდა გერმანიის ქალაქებში და თუ ადრე, კიოლნის მთავარ მოედანზე დატოვებულ წერილებში საუბარი იყო მშვიდობაზე, ახლა გერმანიის მოქალაქეები ყოველ მოსალოდნელ აგრესიას აგრესიითვე ემუქრებიან. მსგავსი შინაარსის წერილების ავტორები კი, ძირითადად ნაციონალისტები და მემარვენე რადიკალები გახლავთ. აღსანიშნავია, რომ ისინი არ აპირებენ ერთმანეთისგან განასხვაონ მშვიდობიანი მიგრანტები და დამნაშავეები.

ევროპაში გამოწვეული უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, მიგრანტთა შორის არიან ისინიც, ვინც მაინც არ აპირებს მარჯვენა ლოყა მიუშვირონ „მუქარის ავტორებს“ (გერმანელებს) და ეს სწორედ იმიტომ, რომ ქალაქის მეჩეთში მომხდარი შემზარავი ფაქტი სხვაგვარად განიხილეს.

კიოლნის მეჩეთის იმამმა სამი აბუ-იუსუფმა კი შემდეგი განცხადება გააკეთა:

- „ ჩვენ სწორად უნდა მოვახდინოთ რეაგირება და ცეცხლი არ უნდა გავაღვივოთ. მაშინ, როცა ქალებს ვინმე თავს ესხმის და შეურაცხყოფას აყენებს, ირგვლივ იქმნება სახიფათო და დაძაბული მდგომარეობა, ამის მიზეზი კი ის არის, თუ როგორ იყვნენ შემოსილები თავად გერმანელი ქალები. ისინი ნახევრად შიშვლები დადიან და იყენებენ პარფიუმს, სწორედ ამიტომ ხდება მსგავსი ქმედებები. ეს ერთგვარი მიზეზია, თუ რატომაც გაღიზიანდნენ მამაკაცები“.

აღსანიშნავია, რომ მიგრანტთა თავდასხმების შემდეგ, საბრძოლო ხელოვნების შემსწავლელ დარბაზებში ქალბატონთა რაოდენობამ იმატა. ისინი სწავლობენ როგორ დააღწიონ თავი აგრესიულ კაცებს და როგორ მოიქცნენ მასაში მოხვედრისას. თუმცა მიგრანტთა თავდასხმა უკვე შეფასდა როგორც გენერალური რეპეტიცია. ცნობილია, რომ გერმანიაში საზოგადოება დღესასწაულის აღნიშვნას ელოდება, რომელიც მშვიდობიანი საკარნავალო მსვლელობებითა და კოსტუმირებული დადგმებით გამოირჩევა. კარნავალი ყოველ წელს თებერვლის დასაწყისში იმართება და ეს 200-წლიანი ტრადიციაა. გერმანელი მოქალაქეები შემდეგ აგრესიულ შეტევას სწორედ კარნავალის დროს ელოდებიან, ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი წლის არეულობა გენერალური რეპეტიცია იყო, თუმცა მაინც არ აპირებენ სახლში დარჩენას და ტრადიციის დარღვევას.

იხილე ასევე: კიოლნის ამბები ყველაფერს შეცვლის?! - გერმანიაში ნაციონალისტებმა "გაიღვიძეს"

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთის) წყარო