"პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა" - კრემლი კვლავ ერთი ხელით გვირტყამს, მეორეთი თავზე ხელის გადასმას ცდილობს - კვირის პალიტრა

"პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა" - კრემლი კვლავ ერთი ხელით გვირტყამს, მეორეთი თავზე ხელის გადასმას ცდილობს

"ქართველი ხალხი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის არ უნდა იხდიდეს საფასურს რუს მეზობლებთან ურთიერთობაში"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან  ნორმალური და კეთილმეზობლური ურთიერთობის მომხრეა.

ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, რომელსაც უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ლავროვმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთ-საქართველოს შორის მოსკოვის ინიციატივით არ შეწყვეტილა.

"ჩვენ მომხრე ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ნორმალური იყოს. ქართველი ხალხი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის არ უნდა იხდიდეს საფასურს რუს მეზობლებთან ურთიერთობაში".  აგვისტოს ომზე საუბრისას კი, მიხეილ სააკაშვილი "საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაში" დაადანაშაულა.

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარდა, რუსეთს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური პოლიტიკის შედეგი. ის პროვოკაციებითაა ცნობილი, რომლის ნაწილი მისი ინიციატივით, ნაწილი კი შეკვეთით ხდება".  - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზებს და ოსებს "ამერიკელი კოლეგები" ვიზებს არ აძლევენ, რის გამოც მან ამერიკული მხარე ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და პარალელი გაავლო კოსოვოსთან, რომლის მოქალაქეებს "ვიზების მიღების საკითხში პრობლემებს არავინ უქმნის".

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივებს, სერგეი ლავროვის შეფასებით, "ეს ურთიერთობა ახლა გაყინვის სტადიიდან გამოდის". როგორც მან აღნიშნა, დამყარდა კონტაქტები ქართულ-რუსულ უწყებებს შორის რიგ სფეროში, მათ შორის ფიტოსანიტარულ და სავაჭრო სფეროებში.

"გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე ლავროვმა განაცხადა, რომ ეს არის "პრაგმატული პროცესი" და მოლოდინი, რომ მოლაპარაკებები ჩაიშლება, უადგილოა". მისი თქმით, საქართველოს მოლაპარაკებები "გაზპრომთან" აწყობს სომხეთსაც.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ "პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა" და სწორედ ხეობაში არსებული ვითარება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი დააწესა.

მისი თქმით, პერიოდულად ვრცდელდება ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობაში "ისლამური სახელწმიფოს" მებრძოლებს საწვრთნელი ბაზები აქვთ.

რაც შეეხება უვიზო რეჟიმის დაწესებას რუსეთ-საქართველოს შორის, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი "პერსპექტივაში მზად არის უვიზო რეჟიმზე წამოვიდეს", თუმცა ამაზე მსჯელობა უცნაური იქნებოდა, როცა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს.

სერგეი ლავროვმა ასევე კარასინი-აბაშიძის ფორმატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ შორის სანდო ურთიერთობაა დამყარებული, რაც საშუალებას აძლევს, ყველა საკითხზე ისაუბრონ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ქართველ კოლეგასთან ურთიერთობის დაწყების მზადყოფნა გამოთქვა და შეახსენა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომლის თანახმადაც, ის მზად არის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს.

"სხვათა შორის, მზად ვარ ჩემ ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია სხვა კონტაქტებიც. პრეზიდენტმა პუტინმა, როცა ამაზე ჰკითხეს, ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა", - განაცხადა ლავროვმა.

"ინტერპრესნიუსი"