"გარდიანი": "სექსუალური ძალადობის ინციდენტებში, სავარაუდოდ, 10 ქვეყნის სამხედროები მონაწილეობდნენ" - კვირის პალიტრა

"გარდიანი": "სექსუალური ძალადობის ინციდენტებში, სავარაუდოდ, 10 ქვეყნის სამხედროები მონაწილეობდნენ"

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" ვრცელ სტატიას უძღვნის გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტების შესახებ, რომელშიც ქართველი ჯარისკაცები ფიგურირებენ.

როგორც "გარდიანი" კომისარიატზე დაყრდნობით წერს, ინციდენტები 2014 წელს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგუიში, აეროპორტის სიახლოვეს მდებარე დევნილთა ბანაკში ან მის მახლობლად მოხდა, თუმცა ეს ფაქტები მხოლოდ ბოლო კვირებში გასაჯაროვდა.

"გარდიანი" აღნიშნავს, რომ 2013 წლის ბოლოს, ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, საფრანგეთმა, რომლის კოლონიაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა იყო, რამდენიმე ათასი სამხედრო განალაგა.

2014 წლის აპრილში ქვეყანაში გაიგზავნა აფრიკული კავშირის მისია, რომელიც 5 თვის შემდეგ გაერო-ს მშვიდობისმყოფელებმა ჩაანაცვლეს.

როგორც "გარდიანი" წერს, გუშინ გაერო-მ მშვიდობისმყოფელებს ახალი ბრალდებები წაუყენა. გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ენტონი ბენბერიმ კი, გაასაჯაროვა ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობის ახალი ფაქტები, რომელშიც, როგორც "გარდიანი" წერს, გაერო-ს მშვიდობისმყოფელები, ასევე პოლიციელები ბანგლადეშიდან, კონგოდან, ნიგერიასა და სენეგალიდან მონაწილეობდნენ.

ენტონი ბენბერიომ ასევე განაცხადა, რომ 2015 წელს დაფიქსირდა 69 დადასტურებული სექსუალური ძალადობის ან ექსპლუატაციის ფაქტი გაერო-ს 16 სამშვიდობო მისიაში მსოფლიოს მასშტაბით, აქედან 22 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოხდა. მაშინ როცა 2014 წელს დაფიქსირდა 51 მსგავსი ფაქტი.

ენტონი ბენბერის განცხადებით, გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მომავალ თვეს გამოაქვეყნებს ანგარიშს გასულ წელს მომხდარი ძალადობის ყველა ფაქტის შესახებ, მათ შორის დასახელდება ყველა ის ქვეყანა, რომლის სამხედრო მოსამსახურე ძალადობაში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.

როგორც "გარდიანი" წერს, გაერო ზეწოლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც გასულ თვეს გავრცელდა ინფორმაცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაერო-ს მშვიდობისმყოფელთა მიერ სექსუალური ძალადობის ჩადენის შესახებ. დამოუკიდებელი ანგარიშების თანახმად, საერთაშორისო ორგანიზაციის შეყოვნებულმა რეაქციამ ხელი შეუწყო ახალი დანაშაულებრივი ფაქტების ჩადენას.

"გარდიანი" წერს, რომ გაერო-ს მხოლოდ ის შეუძლია, რომ მსგავსი ფაქტები გაასაჯაროვოს, მაგრამ ქვეყანაა პასუხისმგებელი გამოიძიოს საკუთარი სამხედროების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული. "ბევრი მათგანი ამას არ აკეთებს", - წერს გარდიანი.

"გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, სამმა გოგონამ განაცხადა, რომ მას მიაჩნია, რომ მოძალადეები იყვნენ ქართული კონტინგენტის წევრები ევროკავშირის მისიიდან, კიდევ ერთი გოგონა სავარაუდოდ, გააუპატიურა ჯარისკაცმა სხვა ევროპული ქვეყნიდან, რომელიც არ დასახელდა, რადგან ამ შემთხვევაში დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო.

გაერო-ს თანამშრომლები გაესაუბრნენ 7 წლის გოგონას და 9 წლის ბიჭს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათზე ძალადობა განახორციელეს სამხედროებმა ოპერაცია "სანგარისის" ჩატარების დროს. გოგონამ თქვა, რომ მას "ფრანგ ჯარისკაცებთან ორალური სექსი ჰქონდა წყლის ბოთლის და ტკბილეულის სანაცვლოდ", - ნათქვამია უმაღლესი კომისარიატის განცხადებაში.

გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის ცნობით, 7 წლის გოგონა იყო ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი. ორმა ბავშვმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ძალადობა არაერთხელ განხორციელდა სხვა ბავშვებზე და ამაში ფრანგი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ", - წერს გარდიანი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუპერტ კოლვილმა განაცხადა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მომხდარი სექსუალური ძალადობის ინციდენტებში სავარაუდოდ, 10 უცხოური ქვეყნის სამხედრო კონტინგენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მაგრამ რთულია იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რამდენი ჯარისკაცი იღებდა ამაში მონაწილეობას.

რუპერტ კოლვილის თქმით, სექსუალური ძალადობის ფაქტების აღკვეთის მიზნით და დაზარალებულთა დასახმარებლად გაერო-მ ახალი ნაბიჯები გადადგა. ახლა სამშვიდობო მისიის ყოველ ახალ წევრს ამოწმებენ, ხოლო თუ დადასტურდა, რომ ის მსგავს ფაქტებში ან ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობდა, მსახურების უფლებას არ აძლევენ.

კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, ძალადობრივი აქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, იწყება მტკიცებულებების შეგროვება არაუგვიანეს 24 საათისა და ამ პროცესში სპეციალურად მომზადებული გამომძიებლები მონაწილეობენ.

გაერო ასევე სთხოვს სამშვიდობო მისიაში ჩართულ ქვეყნებს, დაასრულონ გამოძიება 6 თვეში და შედეგები საერთაშორისო ორგანიზაციას აცნობონ.

გარდა ამისა, გაერო-მ შეწყვიტა ხელფასების გაცემა იმ პერსონალისთვის, რომელთა მიმართებაში დადასტურდა, რომ ძალადობის აქტები განახორციელეს.

"ინტერპრესნიუსი"