ნიგერიაში "ბოევიკებმა" საქართველოს მოქალაქე მძევლად აიყვანეს - კვირის პალიტრა

ნიგერიაში "ბოევიკებმა" საქართველოს მოქალაქე მძევლად აიყვანეს

ნიგერიაში, ტანკერზე თავდასხმის შედეგად 5 მძევალი აიყვანეს, რომელთა შორისაც ერთი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "Associate Press"-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ნიგერიელი მებრძოლები ნავთობტანკერ "ლეონ დიასს" დაესხნენ თავს, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 5 წევრი - 2 რუსი, 2 ფილიპინელი და ერთი ქართველი იმყოფებოდა. "Associate Press"-ი წერს, რომ თავდამსხმელები ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არსებული თვითაღიარებული სახელმწიფოს, ბიფარას აჯანყებულები არიან.

არსებული ინფორმაციით, მებრძოლები ნავთობტანკერს ჯერ კიდევ გასულ კვირას დაესხნენ თავს და ხომალდისა და ეკიპაჟის წევრების აფეთქებით იმუქრებოდნენ, თუმცა, 31 იანვარს ხომალდი დატოვეს და მძევლები თან წაიყვანეს. სააგენტოს ინფორმაციით, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ნიგერიელი მებრძოლები მძევლებისთვის გამოსასყიდს მოითხოვენ. ნავთბოტანკერი "ლეონ დიასი" ბერძნულ კომპანია  "Leon Shipping and Trading"-ს ეკუთვნის. კომპანიაში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. ტანკერი ამჟამად მეზობელი ბენინის რესპუბლიკის ტერიტორიულ წყლებში, ადგილობრივი საზღვაო ძალების დაცვის ქვეშ იმყოფება. რაც შეეხება მძევლებს, მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"