100 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ზარალის გამო, ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან სამართლებრივი დავა დაიწყო - კვირის პალიტრა

100 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ზარალის გამო, ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან სამართლებრივი დავა დაიწყო

ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან სამართლებრივი დავა დაიწყო მისი საინვესტიციო პორტფელის არასათანადოდ გამოყენების გამო, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ამის შესახებ  Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის ცნობით, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა დაახლოებით 100 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის ზარალი განიცადა. სტატიის თანახმად, გასული წლის დეკემბერში და შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში, ივანიშვილმა ჟენევის პროკურორს რამდენიმე საჩივარით მიმართა და ბანკ Credit Suisse-ის ცუდ მენეჯმენტსა და თაღლითობის ფაქტებზე მიუთითა.

პირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანკის კერძო ინვესტიციების მმართველის მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა შორის ივანიშვილიც აღმოჩნდა, შვეიცარიულ გამოცემა "ლა ტემპსში", მიმდინარე წლის იანვარში გაჩნდა. გამოცემის თანახმად, ივანიშვილის გარდა მილიონობით ზარალი განიცადა რუსულ "გაზპრომთან" კავშირში მყოფმა რუსთის ორმა მოქალაქემაც.

Wall Street Journal-ი წერს, რომ ბანკის ყოფილი მენეჯერი პატრის ლესკოდრონი, რომელსაც მაქინაციებში ადანაშაულებენ, ამჟამად დაკავებულია და ჟენევაში იმყოფება. მისი ადვოკატი საიმონ ნტა აცხადებს, რომ ლესკოდრონს პრობლემები ჯერ კიდევ 2007 წელს დაეწყო, როცა თავის კლიენტებს ერთ-ერთი ავსტრიული ჰოლდინგის აქციები მიჰყიდა. მოგვიანებით, ამ ჰოლდინგის აქციები დაეცა. მაშინ ლესკოდრონმა, კლიენტების ზარალის ანაზღაურების მიზნით, თანხა ბიძინა ივანიშვილის ანგარიშებიდან მოხსნა.

Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ "ფორბსის" შეფასებით ბიძინა ივანიშვილის ქონება 4,8 მილიარდი აშშ დოლარია და ის საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანია.

წყარო