"ისლამური სახელმწიფო" - სიკვდილის მანქანა ისლამის კანონების გარეთ და ხალიფასთვის მიცემული ონლაინფიცი - კვირის პალიტრა

"ისლამური სახელმწიფო" - სიკვდილის მანქანა ისლამის კანონების გარეთ და ხალიფასთვის მიცემული ონლაინფიცი

"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში სირიაში წასული ახალგაზრდების 19%-მა ონლაინინსტრუქციებით ისწავლა ტერაქტების მომზადება"

მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" ორი წელია გამოჩნდა მსოფლიო ავანსცენაზე, დაჯგუფება უკვე აღიარებულია, ყველაზე სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციად. მას ხშირად ადარებენ ალ-ქაიდას, თუმცა მათ შორის არსებობს ძირეული განსხვავება იმიტომ, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" დაარღვია ისლამის ყველა აკრძალვა.

ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ "ისლამური სახელმწიფო" აქტიურად იყენებს 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან იარაღს - პიარ ტექნოლოგიებს და ისინი ამაში მილიონებს ხარჯავენ. ამის ნათელი მაგალითია, ის მაღალი ხარისხის ვიდეოები, რომელსაც ISIS საკმაოდ ხშირად ავრცელებს. ორგანიზაცია თანხებს არ იშურებს ახალგაზრდების რეკრუტირებისთვიაცს, რომლებიც მზად არიან ISIS-ის რიგებში საბრძოლველად და ხალიფას ფიცს ონლაინ აძლევენ.

ვის სახელს უკავშირდება "ისლამური სახელმწიფოს" ჩამოყალიბება, საიდან აქვს შემოსავალი დაჯგუფებას და რა სახის პიარ-ტექნოლოგიებს იყენებს ეს უკანასკნელი საკუთარი მიზნების პროპაგანდისთვის, ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს, ნინო ბურჭულაძეს ვესაუბრეთ.

- ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" ახალბედა ორგანიზაცია ნამდვილად არ არის.. მისი დაარსების ისტორია ერთგვარად დაკავშირებულია ერაყელი დიქტატორის სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობასთან. მისი დამხობიდან, დაახლოებით 3-4 დღის შემდეგ აშშ-ის საჯარისო დანაყოფების სარდლობამ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, სამსახურიდან გათავისუფლდა სადამ ჰუსეინის უსაფრთხოების სამსახურის და ასევე არმიის ყველა კადრის ოფიცერი. ამ ბრძანების შედეგი იყო ის რომ ყველა გამოცდილი სამხედრო პირი გადავიდა იატაქვეშეთში და ფაქტობრივად ამ პერიოდს უკავშირდება ერაყში პარტიზანული ომის გაჩაღება.

2004 წლის ოქტომბერში ერაყში შეიქმნა სამხედრო დაჯგუფება "ჯამაათ ათ თაუხინ ვალ ჯიჰადი", რომლის მეთაურიც გახლდათ იმ დროისთვის საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული აბუ მუსაფ ალ ზარქავი. სწორედ ამ უკანასნელის სახელს უკავშირდება პირველი ტერორისტული აქტები ბაღდადსა და ზოგადად ერაყში. ერთი წლის შემდეგ, ამ დაჯგუფებამ შეიცვალა სახელი და ერაყში ალ-ქაიდას ფილიალი გახდა, ხოლო 2005 წლის იანვარში "ჯამაათ ათ თაუხინ ვალ ჯიჰადი" სხვა სუნიტური დაჯგუფებებთან ერთად ქმნის" ერაყელი მოჯაჰედების სათათბიროს", რომლის გზაზეც მომავალში შეიქმნა ტერორისტული ორგანიზაცია" ისლამური სახელმწიფო".

ახლად შექმნილმა სათათბიროს წყალობით ერაყში მიმდინარე პარტიზანული ომი, შიიტებსა და სუნიტებს შორის სამოქალაქო ომად იქცა. აბუ მუსავ ალ ზარქავი, იორდანელი იყო პატარა ჭუჭყიან ქალაქ ზარქადან, სხვათა შორის ეს ქალაქი ბიბლიაში მოხსენიებულია ადგილად, სადაც იაკობმა ღმერთს ომი გამოუცხადა.. რომ არა დედის დაჟინება( შვილი ჯოჯოხეთის გზას აეცილებინა) ახალგაზრდა ალ ზარქავი კიდევ დიდხანს იქნებოდა ნარკოტიკების რეალიზაციასა და პროსტიტუციაში ჩაბმული. ის მოსულის ერთ მეჩეთში მიაბარეს, სადაც თავგამოდებული სალაფიტი გახდა.. სწორედ ალ ნურის მეჩეთში გატარებული დღეებს უკავშირდება " ისლამური ხალიფატის" შექმნის იდეაც.. თუმცა მას ეს არ დასცალდა, 2006 წელს აბუ მუსაფ ალ ზარქავი მოკლეს და მისი ადგილი აბუ აიუფ ალ მასრიმ დაიკავა. მისი ინიციატივით "ერაყელი მოჯახედების სათათბიროს" სახელი შეეცვალა და ის უკვე " ისლამური სახელმწიფო - ერაყში" გახდა.

2010 წელს, როდესაც ალ მასრი გარდაიცვალა, ყველა ფიქრობდა რომ " ისლამური სახელმწიფო" დაიშლებოდა, თუმცაღა ყველასთვის მოულოდნელად, ერთი თვის შემდეგ, ალ-ქაიდამ ამ დაჯგუფების ხელმძღვანელად გამოგზავნა ვინმე იბრაჰიმ ავაუდ იბრაჰიმ ალ-ბადრი, რომელსაც მანამდე ერაყში არავინ იცნობდა. მანამდე მან, 2004-2009 წლებში "ამერიკულ" ციხეში ჯდომაც მოასწრო(საინტერესოა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ვიდეორგოლებში სასიკვდილოდ განწირულებს ნარინჯისფერი სამოსი აცვიათ, რაც ისლამისტების ერთგვარი პროტესტია, მოგეხსენებათ - გუანტანამოს და სხვა ციხეებში სწორედ ასეთი ნარინჯისფერი სამოსი ეცვათ ისლამისტ ტუსაღებს, რომლებსაც ამერიკელი ჯარისკაცები აწამებდნენ). იბრაჰიმ ალ ბადრის შემდგომში მსოფლიო გაიცნობს როგორც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის, რომელმაც 2014 წლის 28 ივნისს ისლამური ხალიფატი გამოაცხადა და მისი პირველი ხალიფაც გახდა.

- თუ სირიაში საბრძოლო მოქმედებების ქრონიკებს გადავავლებთ თვალს, ნათლად ჩანს, რომ ომის საწყის ეტაპზე "ისლამური სახელმწიფოს" ინტერესები სირიაში არ იკვეთებოდა, რა დროიდან ხდება მისი ჩართვა საბრძოლო მოქმედებებში?

- გეთანხმებით, სირიის პროცესების პირველ ეტაპზე მხოლოდ სამი მოთამაშე იკვეთებოდა. ასადის რეჟიმი - ოპოზიცია (რომელშიც შედიოდნენ სირიის თავისუფალი არმია და მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან) და ქურთები, რომლებიც 2012 წლამდე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ. საინტერესო ის ფაქტი, რომ ვიდრე "ისლამური სახელმწიფო" ომში ჩაერთვებოდა, მან სერიოზული რებრედინგი განიცადა და რაც მთავარია უარი თქვა ყოფილიყო ალ - ქაიდას ჩრდილში...

2012 წელის ბოლოს, როდესაც სირიაში ომი დასასრულისკენ მიდიოდა და ოპოზიციას მხოლოდ ერთი გამარჯვებაღა რჩებოდა, მათ რიგებში მოხდა განხეთქილება და სწორედ ეს პერიოდი სირიაში მოიხსენიება, როგორც ისლამისტების მიერ რევოლუციის მიტაცება, ანუ აქ უკვე გამოჩნდა ისლამური დაჯგუფებების ინტერესები, რომლებიც ძირეულად განსხვავდებოდნენ ოპოზიციის რევოლუციური იდეებისგან... ამ ყველაფრისთვის კი ოპოზიცია და ასადის რეჟიმიც კი მოუმზადებელი აღმოჩნდა... საქმეს ისიც ართულებდა, რომ ისლამისტების რიგებს გამოცდილი მებრძოლები ემატებოდნენ, რასაც ხელი უნებლიეთ თავად ბაშარ ასადმა შეუწყო.. საქმე კი აი რაში იყო - საომარი მოქმედებების პერიოდში ბაშარ ალ ასადმა ოპოზიციის ზეწოლით გამოაცხადა ამნისტია და ციხიდან გამოუშვა ბევრი ისლამისტი, აქვე გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ომამდე, სირიაში ციხეებში მყოფ გარკვეული კატეგორიის ადამიანებს ხელისუფლება ამზადებდა და ალ-ქაიდას მხარდასაჭერად აგზავნიდა სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, გარკვეულ ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად შემდეგ კი უკან, ციხეებში აბრუნებდა. სწორედ ამ ამინისტიით ის ტუსაღები გამოვიდნენ, რომელთა უმრავლესობა კარგად მომზადებული იყო და საბრძოლო გამოცდილება მიღებული ჰქონდათ.

- შეიძლება ითქვას, ამ დროისთვის ISIS აგროვებს საუკეთესო მებრძოლებს.

- 2013 წელს "ისლამური სახელმწიფო" განუდგა "ჯაფხატ ან ნუსრას", რომელსაც თავადვე უზრუნველყოფდა ფინანსური თუ ადამიანური რესურსით. პარალელურად აბუ ბაქრ ალ ბაღდადიმ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც "მოძმეებს" ამცნო, რომ ალ - ქაიდასგან დამოუკიდებელ თამაშს იწყებდა. ISIS სირიის ომში ჩაება როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი მოთამაშე საკუთარი ინტერესით - "ისლამური ხალიფატის" იდეებით, ამ დროს სირიის ომში უკვე იყო ჩართული კიდევ ერთი ახალი მოთამაშე - ქურთები. ამას გარდა, "ისლამურმა სახელმწიფომ" მიისაკუთრა "ჯაფხატ ან ნუსრას" მიერ დაკავებული ტერიტორიები და დაიწყო ერაყის მიმართულებით შეტევისთვის მზადება.

2014 წლის ივნისში, აბუ ბაქრ ალ ბაღდადიმ აბუ გრეიდისა და ტაჯის ციხეებიდან გაათავისუფლა 500-მდე პატიმარი, ესენი იყვნენ გამოცდილი ვეტერანები ანუ ის ისლამისტები, რომლებიც სხვადასხვა ომებში იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის ავღანეთშის ომში, და ეს პატიმრები მიიღო თავის რიგებში. 2014 წლის 10 ივნისს "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფებებმა თარხან ბათრაშვილის მეთაურობით ქალაქი მოსული აიღეს, მოგვიანებით სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქი ტიგრიტი. 2014 წლის 28 ივნისს, მოსულში ან ნურის მეჩეთიდან აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა მიმართა მსოფლიო მუსულმანებს და "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე ( ჩრდილოეთ სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში) გამოაცხადა ისლამური ხალიფატი, თავად კი გახდა პირველი ხალიფა. "ისლამური ხალიფატის" კონტროლირებად ტერიტორიას 2014 წლის ივნისისთვის შეადგენდა 40-90 000 კვადრატულ კილომეტრს, 8 მილიონი სუნიტი მოსახლეობით, დედაქალაქად გამოცხადდა ქალაქი რაქა.

თუმცა 2015 წლის ბოლოს სირიის სამთავრობო ჯარების და რუსეთი ავიაიერიშების შედეგად "ისლამურმა სახელმწიფომ" ტერიტორიების 35-40% უკვე დაკარგა... სხვადასხვა ინფორმაციით დაჯგუფების განკარგულებაშია 30 000 დაქირავეული მეომარი მსოფლიოს 100 ქვეყნიდან. მათ შორის პოსტსაბჭოური სივრციდან "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში 4700 მებრძოლია.

- ბოლო ხანს "ისლამურ სახელმწიფოს" მსოფლიო მედია ხშირად უწოდებს დაიშს, რატომ და რას ნიშნავს ეს სიტყვა?

- დაიში არაბული სიტყვაა და თავად "ისლამურ სახელმწიფოს" ნიშნავს, თუმცა აქვს მეორე განმარტებაც და აღნიშნავს ფეხქვეშგამთელელს. პარიზის ტერაქტების შემდგომ, ევროპულმა მედიამ გადაწყვიტა ეს ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" სახელწოდებით არ მოეხსენებინა, რადგან ფიქრობდნენ, რომ სახელმწიფოს ხსენება ამ დაჯგუფებას გარკვეულ ლეგიტიმაციას აძლევდა, ამიტომ დაიში, როგორც ფეხქვეშგამთელელი, მათთვის ერთგვარად დამაკნინებელი იყო. თუმცა სიტყვა დაიშმა გლობალურ მედიაში თავი ვერ დაიმკვიდრა და ამ ორგანიზაციას დღემდე "ისლამურ სახელმწიფოდ" მოიხსენიებენ.

"ისლამური სახელმწიფო" ნიგერიულ " ბოკო ხარაბთან", ეს უანასკნელი "ისლამური სახელმწიფოს" ფილიალია ნიგერიაში, ყველაზე სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევიან. მათ ხშირად ადარებენ ალ-ქაიდას, თუმცა მათ შორის არსებობს ძირეული განსხვავება იმიტომ, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" დაარღვია ისლამის ყველა აკრძალვა. მან დაიწყო უდანაშაულო მოსახლეობის ხოცვა, მათ შორის მუსულმანებისაც, დაჯგუფებამ აღადგინა მონობა, არაკანონიერად გამოაცხადა ჯიჰადი, რადგან ამ უკანასკნელის გამოცხადებასაც კანონი უნდა. იმის გარდა, რომ დაჯგუფება ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას, ისინი ასახიჩრებენ ცხედრებს, რაც იგივე ისლამისთვის არის მიუღებელი და თუ მაგალითად ალ-ქაიდას იდეოლოგიაზე დღემდე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ისლამის სწავლულებს შორის, "ისლამური სახელმწიფო" დაგმო თანამედროვე ისლამის ყველაზე ავტორიტეტულმა 130- მდე სწავლულმა.

- საიდან აქვს ამ დაჯგუფებას ასეთი მატერიალური რესურსი?

- "ისლამური სახელმწიფო" არის ერთადერთი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც არ ფინანსდება შემოწირულობებით. მათ აქვთ თავიანთი მუდმივი ფინანსური წყაროები. კერძოდ, ერაყის ტერიტორიაზე არსებული ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობპროდუქტებითა და მონობით ვაჭრობა, შავი არქეოლოგია (პალმირა), რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ წყაროებს წარმოადგენს.

- როგორ ახორციელებს ISIS მსოფლიოში საკუთარი მიზნების პროპაგანდას და როგორ იყენებს სათავისოდ პიარისტექნოლოგიებს?

- "ისლამური სახელმწიფო" ჯერჯერობით არის ერთადერთი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც ძალიან კარგად აქვს აწყობილი პიარის მიმართულება. მათ სრულად აითვისეს ინტერნეტრუსურსები, ისინი დღემდე კარგად იყენებენ მაღალ ტექნოლოგიებს და მარკეტინგულ სტრატეგიებს. მაღალტექნოლოგიურ ისნტრუმენტებში ვგულისხმობ მაღალი ხარისხის ვიდეორგოლებს, რომელსაც ISIS ავრცელებს და რომელშიც ასახულია მასობრივი თავის კვეთა. მათ ინტერნეტის საშუალებით შექმნეს "იატაქვეშეთის" ქსელები, რომლის საშუალებით ახდენენ მოხალისეთა რეკრუტირებას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. სწორედ ინტერნეტის საშუალებით მოხვდნენ "ისლამურ სახელმწიფოს" რიგებში სირიაში წასული ახალგზარდების 84%. ხოლო 41%- მა აბუ ბაქრ ალ ბაღდადს ფიცი ონლაინით მისცა. 19%-მა სწორედ ონლაინ ინსტრუქციებით ისწავლა ტერაქტების მომზადება - თვით ნაკეთი ბომბების და ასაფეთქებლების დამზადება. ეს მონაცემები აღებულია სხვადასხვა ევროპული ორგანიზაციების კვლევებიდან..

ამის გარდა, "ისლამური სახელმწიფო" არანაირ ფინანსურ რესურს არ იშურებს სხვადასხვა ქვეყნებში მხარდამჭერების მოსაზიდად, აქ არ არის მარტო საუბარი მეომრებზე, არამედ სხვდასხვა დარგის სპეციალისტებზე, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა სამედიცინო და საიჟინრო სფეროს მუშაკებზე. ცალკე თემაა ახალგზრდების რეკრუტირების მეთოდები. ამ მხრივ "ისლამურ სახელმწიფოს" სოციალური ქსელები ძალიან ეფექტიანად აქვს გამოყენებული. ასეთ დროს, მაგალითად ის ხშირად იყენებს წარმატებული სამხედრო მოქმედებების ამსახველ სცენებს, ან მოუთხრობს რომელიმე მამაცი მოჯაჰედის გმირულად სიკვდილის ისტორიას, ეს ყველაფერი ერთგვარი მოწოდებაა -"იბრძოლე იდეალებისთვის იარაღით ხელში, ნუ იქნები პასიური, შეუერთდი ჩვენს რიგებს, გახდი ჩვენი ერთ-ერთი ძმა."

ამგვარი ვიდეორგოლი საქართველოშიც გავრცელდა 21 თებერვალს, სადაც "ისლამური სახელმწიფოს" ქართველი მეომრები ყვებიან მათი ასევე ქართველი ძმების გმირულად დაცემის, ანუ შაჰიდობის ამბავს... მართალია ეს ვიდეო მეორე დღესვე დაიბლოკა, თუმცა ვფიქრობ ეს პირველი და უკანასკნელი არ იქნება, მითუმეტეს მაშინ, როცა სირიის ფრონტებზე მდგომარეობა კარდინალურად შეცვლილია და "ისლამურ სახელმწიფოს" ძლევამოსილი მარშის ნაცვლად დღეს ჯერ კიდევ შემორჩენილი ტერიტორიების დაცვა უწევს. ამ დროს კი, მეომრები ჰაერივით სჭირდება...

იხილეთ ფოტოგალერეა: ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერები

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)