დონალდ ტრამპი უმართავია - რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას მსოფლიოს და საქართველოს მისმა გამარჯვებამ?! - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპი უმართავია - რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას მსოფლიოს და საქართველოს მისმა გამარჯვებამ?!

მილიარდერი კანდიდატი სერიოზულ პრობლემებს უქმნის რესპუბლიკური პარტიის ერთიანობას.

ტრამპი რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების იდეის განხორციელებას აპირებს. თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის კანდიდატურას

ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რამოდენიმე თვეა დარჩენილი. ამჟამად ორ წლიანი წინასაარჩევნო პერიოდის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი - საპრეზიდენტო პრაიმერები მიმდინარეობს. პრაიმერების შედეგების მიხედვით გამოვლინდება ორი ძირითადი პარტიის - რესპუბლიკელებისა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა. ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნები, ამერიკაში პრაიმერებიც ხმის მიცემის არაპირდაპირი პროცედურაა. კერძოდ, ამომრჩევლები ხმას აძლევენ არა საპრეზიდენტო კანდიდატს, არამედ მის წარმომადგენლებს, რომლებიც პარტიის ყრილობაზე შესაბამის კანდიდატებს დაუჭერენ მხარს. საპრეზიდენტო პრაიმერები, როგორც წესი, იანვრის ბოლოდან ივნისის ჩათვლით გრძელდება.

გასულ კვირას აშშ-ის კიდევ ხუთ შტატში გაიმართა საპრეზიდენტო პრაიმერები და პარტიული კონფერენციები საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად. რესპუბლიკელთა ფლანგზე კანზასსა და მენის შტატში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა სენატორმა ტედ კრუზმა, ხოლო ლუიზიანასა და კენტუკიში დონალდ ტრამპმა. მარკო რუბიოს, რომელსაც ერთადერთი შტატი მინესოტა აქვს მოგებული, ამჯერადაც არ გაუმართლა არც ერთ შტატში. რაც შეეხება დემოკრატებს, ბერნი სანდერსი ლიდერობს კანზასში და ნებრასკაში, ხოლო ლუიზიანაში ჰილარი კლინტონმა დიდი სხვაობით დაამარცხა ბერნი სანდერსი.

ამჟამინდელი მონაცემებით, მიმდინარე საპრეზიდენტო პრაიმერებში, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატთა შორის დონალდ ტრამპი, ხოლო დემოკრატებში ჰილარი კლინტონი ლიდერობს. როგორც წესი, თებერვლის ბოლოს გამართული პრაიმერის "სუპერ სამშაბათის" შედეგები ხშირად ემთხვევა საბოლოო შედეგს. "სუპერ სამშაბათის" შედეგების მიხედვით, დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი დამაჯერებლად ლიდერობენ საკუთარ პარტიებში, თუმცა წარმომადგენლების უმრავლესობა პარტიების ყრილობებზე ჯერჯერობით არც ერთ კანდიდატს არ ჰყავს.

მიმდინარე საპრეზიდენტო რბოლას რესპუბლიკელების მხრიდან უკვე ჩამოშორდნენ კარლი ფიორინა, კრის კრისტი, ჯებ ბუში, ბენ კარსონი და სხვა დაბალ რეიტინგიანი კანდიდატები. შესაბამისად, ბრძოლას აგრძელებენ დონალდ ტრამპი, ტედ კრუზი, მარკო რუბიო და ჯონ კასიჰი. ხოლო დემოკრატებში ბრძოლას მხოლოდ ჰილარი კლინტონი და ბერნი სანდერსი აგრძელებენ.

რესპუბლიკური პარტიის პრაიმერებში დონალდ ტრამპის წინსვლას დიდი ხმაური მოჰყვა. პარტიის ხელმძღვანელობას ამ მომენტამდე იმედი ჰქონდა, რომ ტრამპი ვერ შეძლებდა კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. თუმცა პრაიმერების შედეგებმა ნათელი გახადა, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატებს შორის უკონკურენტოა. რესპუბლიკურ პარტიაში ყველა თანხმდება, რომ დონალდ ტრამპი უმართავია, ის იგნორირებას უკეთებს პარტიის ისტორიასა და იდეებს. თუმცა, თუ აქამდე რესპუბლიკელების დიდი ნაწილი პარტიიდან მისი ჩამოშორების გზებზე ფიქრობდა, ახლა სულ უფრო მეტი მაღალი რანგის რესპუბლიკელი ღიად უჭერს მხარს. მათ შორის არის კრის კრისტი, ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მწვავედ აკრიტიკებდა ტრამპს.

ამის საპირისპიროდ, ტედ კრუზი მომხრეების მობილიზებას ცდილობს ტრამპის კანდიდატურის ჩასაგდებად. ის დანარჩენ ორ კანდიდატს, რომელთაც მასზე უარესი შედეგი აქვთ მოუწოდებს, მის სასარგებლოდ მოხსნან კანდიდატურა. პარტიაში აქტიურად განიხილავენ ასევე ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში მისგან გამიჯვნის და რომელიმე სხვა პარტიის კანდიდატის მხარდაჭერის ვარიანტს. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა ვერ გაიმარჯვა ძირითადად იმ შტატებში, სადაც პრაიმერების ნაცვლად შიდა პარტიულ კონფერენციებზე გადაწყდა არჩევნების შედეგები. ხოლო პრაიმერებში, სადაც მონაწილეობა არა მხოლოდ რესპუბლიკელებად რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, არამედ სხვა პარტიების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ, ტრამპი უმეტესად გამარჯვებულია.

დიდი პროტესტი გამოიწვია მიტ რომნისა და ჯონ მაკკეინის მიერ დაწყებულმა ტრამპის საწინააღმდეგო კამპანიამ მის მომხრე რესპუბლიკელებს შორის. ფაქტია, მილიარდერი კანდიდატი სერიოზულ პრობლემებს უქმნის რესპუბლიკური პარტიის ერთიანობას. თუმცა, სკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლებისთვის რესპუბლიკური პარტიის ტრადიციები ნაკლებად მნიშვნელოვანია.

მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ერთადერთ რეალურ საპრეზიდენტო კანდიდატად მილიარდერს განიხილავს და მთელ იმედებს მასზე ამყარებს. დონალდ ტრამპს მხარს უჭერს ამერიკელი ქრისტიანი ევანგელისტების უმრავლესობა, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენენ. აშკარაა, რომ ტრამპი საკუთარი რასისტული განცხადებების გამო ვერ მოიპოვებს აფრო-ამერიკელების მხარდაჭერას, რომლებიც ტრადიციულად დემოკრატებს აძლევენ ხმას.

პარადოქსულია ისიც, რომ დონალდ ტრამპი კუბური წარმმოშობის ამერიკელ მარკო რუბიოზე მეტი მხარდაჭერით სარგებლობს ესპანურენოვან ამომრჩევლებში, რომელთაც ცოტა ხნის წინ მოძალადეებსა და კრიმინალებს უწოდებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ პოპულარულ კედელზე მექსიკის საზღვართან, რომლის აშენებაც ტრამპის მთავარი საარჩევნო დაპირებაა.

ამომრჩევლების დიდი ნაწილის შეფასებით დონალდ ტრამპში ყველაზე მეტად მისი გულწრფელობა მოსწონთ. ასევე, ბევრი იმედებს ამყარებს მილიარდერის გონებრივ შესაძლებლობებზეც, რის დასტურადაც მის ფინანსურ წარმატებას მოიაზრებენ. დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა შორის საკმაოდ დიდია დაბალ შემოსავლიანი მოსახლეობის ნაწილი, რომელიც გაბრაზებული და სკეპტიკურად განწყობილია არსებული ხელმძღვანელობის და მთლიანად სისტემის მიმართ. თუმცა, არიან აპოკალიფსის და ქაოსის მოყვარულებიც, რომელთაც უბრალოდ აინტერესებთ რა მოხდება დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში.

რესპუბლიკური პარტია ასევე შიშობს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის ამერიკის მოკავშირეებთან ურთიერთობებს გააფუჭებს. მას არ გააჩნია მკაფიოდ ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკური ხედვა. ის ხშირად შემოიფარგლება მოკლე და რადიკალურობისკენ მიდრეკილი განცხადებებით საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის გართულებული ურთიერთობები პრეზიდენტ ბარაკ ობამას პერსონალური დამსახურებაა, ხოლო მას კარგად გამოუვა რუსებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებები. მთლიანობაში, ტრამპი რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების იდეის განხორციელებას აპირებს. თავის მხრივ ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის კანდიდატურას. მილიარდერი საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ ხედავს რუსეთის სამხედრო ძალების სირიაში ყოფნის პრობლემას, ის მიიჩნევს, რომ ამერიკელებმა უნდა მისცენ უფლება რუსებს გაანადგურონ "ისლამური სახელმწიფო". მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი იმ ადამიანებზე უკეთესიც კი იყო, ვისაც აშშ უჭერს მხარს სირიაში.

დონალდ ტრამპი თვლის, რომ აშშ არ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, არ უნდა იბრძოლოს დიქტატორების წინააღმდეგ და რუსეთთან მოლაპარაკებების გზას დაადგეს. აშშ-ის მხრიდან რუსეთისადმი ლოიალურმა პოლიტიკამ შესაძლოა საქართველოს დამატებითი პრობლემები შეუქმნას, განსაკუთრებით კი ახალი იმპერიალისტური საგარეო პოლიტიკის ფონზე, რომელსაც პუტინი ახორციელებს 2007 წლიდან მოყოლებული და რომლის მსხვერპლიც ერთხელ უკვე გახდა საქართველო.

ნატო მუჯირიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)