ბრიუსელის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო - კვირის პალიტრა

ბრიუსელის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

"ისლამურმა სახელმწიფომ" ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტებისთვის პასუხისმგებლობა აიღო. შესაბამისი განცხადება გაავრცელა ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ, სააგენტო "ალ-ამაკმა".

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა თავდასხმები შაჰიდის ქამრებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების საშუალებით განახორციელეს.

"ისინი თავს დაესხნენ აეროპორტსა და მეტროს ცენტრალურ სადგურს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის ცენტრში, ქვეყანაში, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციაში მონაწილეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ტერორისტების თქმით, "ბოევიკებმა" ზავენტემის აეროპორტში ცეცხლი გახსნეს, რის შემდეგაც რამდენიმე მათგანმა თავი აიფეთქა.

რაც შეეხება ბრიუსელის მეტროს, ტერორისტების ინფორმაციით, მალბეკის სადგურზე ასევე თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.

ამას გარდა, როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, "ისლამური სახელმწიფო" ახალი მუქარით გამოდის. ტერორისტული დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში  ნათქვამია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული "ჯვაროსნული" ქვეყნებისთვის "უარესი დღეები დადგება".

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯიჰადისტებმა ბელგიის დედაქალაქში სამიზნეები წინასწარ შეარჩიეს.