"ეს ქალი ქმრის მოღალატეა, განაჩენი ქვებით ჩაქოლვა" - კვირის პალიტრა

"ეს ქალი ქმრის მოღალატეა, განაჩენი ქვებით ჩაქოლვა"

"დედის დღის მილოცვა - ტერორისტები რაყაში"

თავისუფალი მსოფლიოს წარმომადგენლებისთვის წარმოუდგენელია რა სიმკაცრითა და სისასტიკით ექცევიან "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები მშვიდობიან მოქალაქეებსა თუ სხვადასხვა დავალებაზე მყოფ უცხოელებს.

ახალი ამბების გაშუქება იმდენად სახიფათოა, რომ არცერთ ჟურნალისტს არ სურს სირიაში წასვლა. ქვეყანის დიდი ნაწილი კვლავაც ტერორისტების, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების ტყვეობაშია. თუმცა, მუქარების, ადამიანთა სიკვდილით დასჯის და სხვა საშინელი ქმედებების მიუხედავად, მაინც მოიძებნება ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას სირიაში მიმდინარე მოვლენეზე.

ბოლო სამი თვის განმავლობაში, ბი-ბი-სი-ს კორესპოდენტი რაყაში მცხოვრებ აქტივისტს უკავშირდებოდა. ის აწარმოებდა დღიურს, სადაც აღწერდა როგორ ცხოვრობს ხალხი "ისლამური სახელმწიფოს" ტყვეობაში.

შეგახსენებთ, რომ ხალიფატის კანონების მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გინება ისჯება მათრახის 40 დარტყმით, ხოლო უცხოელ ჟურნალისტთან ურთიერთობის გამო მოქალაქეებს სიკვდილით სჯიან.

"დედის დღის მილოცვა - ტერორისტები რაყაში"

"დღეს პარასკევია, ადრე  ლოცვის შემდეგ ჩვეულებრივ ეზოში ვიკრიბებოდით და დიდ ხანი ვსაუბრობდით, დღეს ასე უკვე აღარ ვიქცევით. ახლა, ყველა ვინც საზოდაოებრივ თავშეყრის ადგილებში შეიკრიბება "ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებენ.

მოედანზე შეკრებილ ხალხს გვერდი ავუარე, არ მინდა მათთან მისვლა, ალბათ აიძულებენ უყურონ იმას, თუ როგორ კვეთენ ვიღაცას თავს, როგორ სჯიან და აწამებენ მორიგ "დამნაშავეს".

არა! ღმერთს მადლობა! ამჯერად მხოლოდ გაშოლტვაა...

ხვალ ისევ წავალ სამსახურში. ახალი კვირა დაიწყება თუ არა არავინ იცის, თუმცა ახალი დღე გვაძლევს იმედს, რომ გაგვათავისუფლებენ.

მინდა, მოგიყვეთ იმ დღის შესახებ, როცა "ისლამური სახელმწიფო" პირველად შემოვიდა ჩემს საყვარელ ქალაქში.

ქალაქში დედის დღეს აღნიშნავდნენ. უეცრად სამხედრო თვითმფრინავების ხმა გაისმა, ვჩქარობდი, თუმცა მაინც ნელა გავეშურე სახლისკენ. ამ საღამოს პატარა წვეულებას ვგეგმავდით ჩემს ძმებთან და დებთან ერთად. სახლს ვუახლოვდებოდი და ირგვლივ ყველაფერი კვამლში დაიფარა, სამმართველო ორგანოების თვითმფრინავმა ჩვენს ქუჩაზე ბომბი ჩამოაგდო. ყველგან სასწრაფო დახმარების მანქანები იდგა, ხალხი ცდილობდა გაქცეულიყო, თავი დაეღწია ამ სიტუაციას, გარდაცვლილთა გვამები გაეტანათ და დაჭრილებს დახმარებოდნენ. მეც ირგვლივ დავრბოდი და ჩემი ოჯახის წევრებს ვეძებდი. ერთ-ერთმა მეზობელმა მითხრა, რომ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში სისხლის და სიკვდილის სუნი ტრიალებდა. ჩვენს წინ გარდაცვლილები იწვნენ, სანიტრებმა გვამებზე მიმანიშნა და მითხრეს იქ მომეძებნა ჩემი მშობლები. მამა დავინახე. ბომბსა და ნანგრევებს უკვალოდ მისი სხეულიც არ დაუტოვებია, მთლიანად დასახიჩრებული გარდაცვლილიყო. აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა და უეცრად დედაჩემზე ფიქრმა გამომაფხიზლა.

- დედათქვენს აქეთაა, - გავიგონებ ვიღაცის ხმა, - მაგრამ ჯერ პალატაში არ შეხვიდეთო...

2 საათი ძვლივს მიილია, დროც როგორ მიიზლაზნება ხოლმე ასეთ დროს! საბოლოოდ თეთრხალათიანი ექიმი გამოვიდა.

- მისი გადარჩენა შევძელი, თუმცა რთულ მდგომარეობაშია. - მითხრა მან აუღელვებლად.

რამდენიმე კვირის შემდეგ, ქუჩაში ტყვიების ზუზუნმა დააფრთხო გამვლელები, უეცრად ყველამ ფეხს აუჩქარა. გარბოდნენ, გარბოდნენ უმისამართოდ, მთავარი იყო როგრმე ტყვიები აეცილებინათ. მეგობარმა ხელი ხელში წამავლო და მითხრა "ისლამურმა სახელმწიფომ" ჩვენი ქალაქი დაიკავაო.

... შემდეგ მოვიდა მამაკაცი, რომელიც აქამდე ჩვენს ქალაქში არ მინახავს, დამიყვირა: "ჰეი, შენ! მოწევა აკრძალულია! - ვიღაც უცნობმა მეორე მხრიდან იყვირა: ჰეი, შენ! რატომ არ ატარებს შენი ცოლი ჩადრს?! - ეს აკრძალულია"!

მესმოდა, როგორ აცხადებდნენ ქუჩაში მეგაფონით, რომ სიკვდილით დასჯა გაიმართებოდა. უცებ დავინახე რამდენიმე თვალახვეული და ხელებშეკრული ახალგაზრდა, ნიღბიანმა მამაკაცმა კი განაჩენის წაკითხვა დაიწყო:

ჰასანი - იბრძვის მთავრობის მხარეს.

განაჩენი: თავის მოკვეთა!

აიშა- მედიააქტივისტი, დადანაშაულებულია უცხოელ აქტივისტებთან კავშირში.

განაჩენი: თავის მოკვეთა!

ჯალათმა ხმლით აღასრულა განაჩენი... კმაყოფილი თვალებით გადმოხედა სეირის მაყრებელთ და მხრებში გაშლილმა დატოვა ტერიტორია.

მივდიოდი ქუჩაში და ხმამაღლა ვილანძღებოდი, ვიგინებოდი, ვერ ვეგუებოდი იმას, რომ ეს ყველაფერი ჩემს საყვარელ ქალაქში ჩემს ხალხს, ჩემს მეგობრებს ემართებდა. ვიგინებოდი და ალბათ ბედსაც კი ვიწყევლიდი, მე რატომ დავრჩი ცოცხალი. სწორედ ამ დროს შარიათის კანონების მიმდევრებმა შემიპყრეს და შტაბში წამიყვანეს. სხვა გზა რომ აღარ დამრჩა, ვეცადე თავი გამემართლებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

"შენ ხმამაღლა იგინებოდი, შენი სასჯელია 40 მათრახი"!

ჯალათი ყოველგვარი თანაგრძნობის და შეწყალების გარეშე იქნევდა ჯოხს, მის თვალებში უსაზღვრო კმაყოფილებას ვხედავდი. ბოლოს დავაღწიე თავი "კანონის დამცველებს" და სახლის კართან გონება დავკარგე.

სახლში ფეხმძიმე და დამხვდა, ჩემი ამბავი რომ გაიგო უფრო ინერვიულა და გაუსაძლის ტკივილებს ძლიერი სისხლდენა მოჰყვა. მანქანით წავედით გინეკოლოგთან, თუმცა ახალი აკრძალვაც აღმოვაჩინეთ. საავადმყოფო დაკეტილი დაგვხვდა, ვიღაც კაცმა კი გვითხრა, რომ ექიმი დაიშის წევრებმა დააკავეს, რადგან მამაკაცებს ქალების მკურნალობა ეკრძალებათ. ქალი გინეკოლოგის ძებნის შემდეგ კი, სახლში დაბრუნება გვირჩიეს.

- მოგვიანებით ქუჩაში გამოსულს ჩემი ძველი მეგობარი შემხვდა. ნერვიულობდა და ჩუმად მითხრა: "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საიდუმლო დაჯგუფება შევქმენით, მთელს მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, ეს მკვლელები როგორც ექცევიან ჩვენს ქალაქს"...

სახლისკენ მიმავალი კიდევ ერთ სცენას შევესწარი, ქუჩის მეორე მხარეს მდებარე მარაზიაში რომლის მეპატრონესაც უკვე მრავალი წელია ვიცნობ, ახლა ტერორისტები ელაპარაკებოდნენ, ერთ-ერთ მათგანს ხელში საბუთები ეჭირა, საბოლოოდ მათ ფული მოითხოვეს, "წილი", რომელიც რატომღაც ეკუთვნოდათ. მუჰამედს ფული გამოართვეს და "ისლამური სახელმწიფოს" ბიუჯეტს შემატეს".

"მსოფლიოს დახმარება და ისევ დაღუპული მოქალაქეები"...

იმ ღამეს, ჩვენი სახლი აფეთქებებმა შეარყია, ცაში თვითმფრინავები გამოჩდნენ, ავიაიერიშები განუხორციელებიათ. მაშინვე ტელევიზორი ჩავრთე და მოვისმინე, რომ საერთაშორისო კოალიციამ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ პირველი ავია იერიში აღასრულა.

მეორე დღეს ტაქსის მძღოლმა მითხრა, კოალიციის ბომბები ტერორისტების შენობებს მოხვდაო. გამაფრთხილა, პოლიციელები ქუჩაში დადიან და აგენტებს ეძებენო.

ამ საუბარში ხალხის დიდი ბრბოს მივადექით, ორმოს ირგვლივ შეკრებილიყვნენ, ორმოში კი ქალი ჰყავდათ ჩაგდებული. მისი ვინაობა ვიკითხე, თუმცა სანამ ვინმე მიპასუხებდა, მაღალმა კაცმა განაჩენის წაკითხვა დაიწყო:

"ეს ქალი ქმრის მოღალატეა და განაჩენი სიკვდილამდე ქვებით ჩაქოლვაა", - მისი ხმა უეცრად თვითმფრინავების გუგუნმა ჩაახშო, ქუჩის რომელიღაც კუთხიდან გამყიდველის ხმა გაისმა, - "დაიმალეთ! დაიმალე"!

დახლებს ბომბი დაეცა, ყველგან ადამიანების სხეულის ნაწილები ეყარა და რაც მთავარია, შეტევისას ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ..."

გამქრალი მომავლის იმედი...

"ახლა ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. რევოლუციის შემდეგ იმედები მქონდა. ვოცნებობდი, რომ წავიდოდი ქვეყნიდან და ვიცხოვრებდი სადმე სხვა ადგილას, თუმცა დღეს ეს უკვე შეუძლებელია.

ახლა დილაა, ძალიან ადრე და მესმის როგორ ფეთქდება სახლები, როგორ ტირის მეზობლის ბავშვები, ეს რეალობის მწარე აღქმაა და შეხსენებაც, რომ დროა შევწყვიტო ოცნება და მთელი ენერგია საკუთარი თავის გადასარჩენად მივმართო.

გარეთ გამოვედი, ჩემს მეზობელის ისტერიკა აქვს, დარბის და ყველას ეკითხება მისი ვაჟი ვინმეს ხომ არ შემოხვდა.

უეცრად ვიღაც ამბობს, რომ ბომბი აბუ მუჰამედის სახლში ჩამოვარდა და დიდი სისწრაფით იქეთ გავრბივართ. ირგვლივ დანაწევრებული სხეულებია, ერთ-ერთი დაღუპული ფეხმძიმე გოგონაა. მეზობლების თქმით, მას რამდენიმე დღეში უნდა ემშობიარა...

თვითმფრინავებმა ჩვენი ქალაქის ცა რომ დატოვეს, ჩემს მაღაზიაში შევედი, სადაც უფროსი მშვიდად სვამდა ჩაის და იღიმებოდა, თუმცა შევამჩნიე, რომ სიგარეტს არ ეწეოდა. ჩვეულებრივ ის ისგარეტთან ერთად მიირთმევდა ჩაის. რამდენიმე დღის წინ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სიგარეტის სუნი იგრძნეს და ის სახალხოდ დაამცირეს, შემდეგ სცემეს, თითქოს დამნაშავე ყოფილიყო.

ვიდრე ვსაუბრობდით, მაღაზიაში უცხო პირები შემოვიდნენ, საბუთები დაგვიტოვეს ისე, რომ ხმაც კი არ ამოიღეს და წავიდნენ. აღმოჩნდა, რომ ტერორისტები ტელევიზორს კრძალავდნენ და მოგვცეს ერთი კვირა, რათა ჩვენი ტელევიზორი მოგვეშორებინა.

როგორც ჩანს, მათთვის არ არის საკმარისი, რომ გარე სამყაროსთან ლაპარაკი აგვიკრძალეს, ახლა მისკენ გახედვაც კი გვეკრძალება...

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ