"პუტინი მას აქებს და მასაც უყვარს პუტინი" - რა ემუქრება პუტინის და ტრამპის "ზეცაში გადაწყვეტილ ქორწინებას"?! - კვირის პალიტრა

"პუტინი მას აქებს და მასაც უყვარს პუტინი" - რა ემუქრება პუტინის და ტრამპის "ზეცაში გადაწყვეტილ ქორწინებას"?!

„დონალდ ტრამპი ეს არის მაწანწალა ძაღლი, რომელსაც თუ მოეფერები სახლამდე გამოგყვება"

„ეჭვგარეშეა, რომ ტრამპი ძალიან გამოკვეთილი ფიგურაა პოლიტიკოსთა შორის, ის ძალიან ნიჭიერია“

მოგეხსენებათ, რესპუბლიკური პარტიის ყველაზე რეალურ საპრეზიდენტო კანდიდატად დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათია აქვთ და დღემდე ერთმანეთს მხოლოდ კომპლიმენტებით ამკობდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს,  ტრამპი მიხვდა, რომ საარჩევნოდ მაინც და მაინც ვერ წაადგა პუტინის ქება და ნელ-ნელა მსუბუქი კრიტიკაც შეურია.  სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ თუმრე არ ეთანხმება უკრაინის აღმოსავლეთში გატარებულ რუსეთის პოლიტიკას.

მან ასევე განაცხადა, რომ მის მიმართ გაკეთებული მაამებელი კომენტარები პუტინს მოლაპარაკებებისას მაინც არ უშველის.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი განცხადებისას ვლადიმირ პუტინმა ტრამპის საარჩევნო კამპანია შეაფასა და მას „აბსოლუტური ლიდერი“ უწოდა.

„ეჭვგარეშეა, რომ ტრამპი ძალიან გამოკვეთილი ფიგურაა პოლიტიკოსთა შორის, ის ძალიან ნიჭიერია“ - განაცხადა პუტინმა. (წყარო)

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სააგენტოსთან ინტერვიუში ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკების დაწყების მზაობაზეც ისაუბრა.

„გავესაუბრებოდი მას“ - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა თუმცა როგორ აპირებს პოლიტიკური ვითარების დალაგებას, ამაზე ვრცლად არ უსაუბრია.

მაისის დასაწყისში საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშნენ ტრამპის რესპუბლიკელი კონკურენტები, ოჰაიოს შტატის გუბერნატორი ჯონ კეისიკი და ტეხასის სენატორი ტედ კრუზი. დღეს განვითარებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ტრამპი ერთადერთი რეალური კანდიდატია ვისაც შეუძია რესპუბლიკელების სახელით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

საინტერესოა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ურთიერთდამოკიდებულება, რუსეთის პრეზიდენტი ყოველთვის უჭერს მხარს მულტიმილიონერის საარჩევნო პოლიტიკას, მის გამოსვლებს დადებითად აფასებს და ერთ-ერთ ინტერვიუში პუტინმა „ყველაზე გამორჩეულ და ნიჭიერ პოლიტიკოსად“ მოიხსენია. შექება ამერიკელ პოლიტიკოს უპასუხოდ არ დაუტოვებია, ის ასევე მხარს უჭერდა პუტინს, როცა მას ბრალს სდებდნენ ჟურნალისტების მკვლელობაში.

„არავის დაუმტკიცებია, რომ მან ვინმე მოკლა. ადამიანი უდანაშაულოა, ვიდრე მის დანაშაულებრივ ქმედებას არ დაამტკიცებს სასამართლო. თუ პუტინმა ჟურნალისტები მოკლა, ეს საშინელებაა, მაგრამ ეს ხომ ის შემთხვევა არაა, როცა ადამიანი იდგა იარაღით ხელში და პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე, ასე არ მომხდარა, პუტინი ყოველთვის უარყოფდა ამას.“ (წყარო)

„ის მართავს თავის ქვეყანას და ნამდვილი ლიდერია, არა ისეთი როგორც დღეს ჩვენ გვყავს“ - განაცხადა ტრამპმა.

საინტერესოა, რომ ამ დიდ ტანდემს საჯაროდ დასცინა სენატორმა ჯონ მაკკეინმა და ორი პოლიტიკოსის ალიანსს „ზეცაში გადაწყვეტილი ქორწინება“ უწოდა.

პუტინის მიმართ აქამდე გაკეთებული თბილი განცხადებების გამო, ტრამპი "რესპუბლიკელების" ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ, პარტიის ყოფილმა ლიდერმა რომნი სტიუარტ სტივენსმაც  გააკრიტიკა და რუსეთს ამერიკის მთავარი გეოპოლიტიკური მტერი უწოდა...

„დონალდ ტრამპი ეს არის მაწანწალა ძაღლი, რომელსაც თუ მოეფერები სახლამდე გამოგყვება. პუტინი მას აქებს და მასაც უყვარს პუტინი. ეს სამარცხვინოა და სამწუხაროა. ტრამპი არის დაკომპლექსებული ადამიანი, რომელსაც ყურადღება და შექება სჭირდება და არ აქვს მნიშვნელობა ეს შექება საიდან მოდის“ - განაცხადა სტივენსმა.

მომზადებულია ინტერნეტმასალების მიხედვით

მოამზადა ეკა გადახაბაძემ