"სავარაუდოდ, ბორტზე ხანძარი იყო, ეს იყო ტექნიკური აალება თუ ბომბის აფეთქება, ჩვენ არ ვიცით" - Airbus A320 -ს ძებნა გრძელდება - კვირის პალიტრა

"სავარაუდოდ, ბორტზე ხანძარი იყო, ეს იყო ტექნიკური აალება თუ ბომბის აფეთქება, ჩვენ არ ვიცით" - Airbus A320 -ს ძებნა გრძელდება

ეგვიპტური ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი Airbus A320, რომელიც ასრულებდა რეისს პარიზი - ქაირო, 19 მაისს რადარებიდან ქაიროს დროით დაახლოებით 02:45 წუთზე გაქრა. თვითმფრინავის ძებნის მასშტაბური სპეცოპერაცია დღემდე მიმდინარეობს.

გამოცემა Aviation Herald-ის ინფორმაციით, Airbus A320 -ის ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე თვითმფრინავის სალონში ამუშავდა კვამლის დეტექტორი. საავიაციო სისტემის სპეციალური სისტემის (ACARS) მონაცემებით, რასაც გამოცემა ეყრდნობა, კვამლის დეტექტორი ჯერ ამუშავდა ლაინერის ერთ-ერთ ტუალეტში, რის შემდეგაც კვამლი გაჩნდა რადიოელექტრონულ განყოფილებაში, რის შემდეგაც თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა.

როგორც "ბი-ბი-სის" გამოცემა Aviation Security International Magazine-ის რედაქტორმა ფილიპ ბაუმმა განუცხადა, ეს მონაცემები არ გამორიცხავს თვითმფრინავის ბორტზე ტექნიკური გაუმართაობის ვერსიას.

"სავარაუდოდ, ბორტზე ხანძარი იყო, ეს იყო ტექნიკური აალება თუ ბომბის აფეთქება, ჩვენ არ ვიცით".

მანამდე საბერძნეთის ხელისუფლება იტყობინებოდა, რომ ეგვიპტურმა ლაინერმა ორი მკვეთრი მანევრი შესრულა, რის შემდეგაც დიდი სისწრაფით დაკარგა სიმაღლე და ჩავარდა ზღვაში. (წყარო)

20 მაისს გავრცელდა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ მასშტაბური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ალექსანდრიიდან 290 კილომეტრში, ხმელთაშუა ზღვაში იპოვეს გაუჩინარებული ლაინერის ფრაგმენტები, ადამიანის სხეულის ნაწილები, თვითმფრინავის ორი სავარძელი და ბარგის მცირე ნაწილი.

შეგახსენებთ, რომ სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობენ როგორც ეგვიპტის ასევე, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, აშშ-ის და საბერძნეთის სპეცსამსახურები. სწორედ ისინი შეისწავლიან აღმოჩენილ ნივთებს.

მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს ღამით ეგვიპტის პრეზიდენტმა სპეცსამსახურებს სამძებრო სამუშაოების გაძლიერებისკენ მოუწოდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთის ტერიტორიაზე ზღვის პირას აღმოაჩინეს თვითმფრინავის ნამსხვრევები, თუმცა ბერძენი სპეციალისტები ვერ ადასტურებენ, რომ აღმოჩენილი ნამსხვრევები EgyptAir-ის ლაინერს ეკუთვნის. ამ ინფორმაციის შემდეგ კი თეთრი და ცისფერი შეფერილობის ნამსხვრევები საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე კარპატოსზე აღმოაჩინეს. მიიჩნევენ, რომ ნამსხვრევები სწორედ ამ გაუჩინარებულ თვითმფრინავს ეკუთვნის. ინფორმაციას ადასტურებენ EgyptAir-ის წარმომადგენლები.

ლაინერის ბოლო ფოტო, ვიდრე ის აეროპორტის ტერიტორიას დატოვებდა

თვითმფრინავი A320, რომელიც კომპანია EgyptAir-ის საკუთრება იყო, ასრულებდა რეისს პარიზიდან კაირომდე, ის რადარებიდან მას შემდეგ გაქრა, რაც ეგვიპტის საჰაერო ზოლში შევიდა. თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 69 ადამიანი, მათ შორის 59 მგზავრი იყო, აქედან კი 30 ეგვიპტის მოქალაქე, 15 საფრანგეთის მოქალაქე, 10 ეკიპაჟის წევრი, მათ შორის კი იყვნენ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. როგორც აღმოჩნდა, ბორტზე 3 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.

როგორც ეგვიპტის მხარე აცხადებს, თვითმფრინავის გაქრობის ვერსია ყველაზე მეტად ახლოსაა ტერორისტულ აქტთან, თუმცა სხვა ვერსიებსაც არ გამორიცხავენ. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჯერ ლაინერის ნამსხვრევები იპოვონ.

ბრიტანეთის ტერორიზმთან ბრძოლის ნაციონალური სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შესაძლოა თვითმფრინავის გაუჩინარება ქვეყნის იმ ნაწილში არსებულ კონფლიქტურ ვითარებას უკავშირდებოდეს.

„გამიკვირდება თუ სამხედრო მოსამსახურეები ვერ გაიგებენ რა მიზეზით გაუჩინარდა ლაინერი. ეს რაიონი გაძლიერებული კონტროლის ქვეშაა, რადგან სამხედრო კონფლიქტის ზონასთანაა ახლოს".

გავრცელებულ ფოტოზე, კარგად ჩანს, რომ საზღვრის გადმოკვეთიდან 16 კილომეტრში ლაინერი რადარებიდან გაქრა.

ამერიკის ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომმა განაცხადა, რომ ლაინერის გაქრობის ფაქტი არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია. მისი თქმით, ამერიკის სპეცსამსახურები თანამშრობლობენ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან, რათა შეთანხმებულად იმოქმედონ და სწრაფად იპოვონ გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევები.

CNN-ის ინფორმაციით, ბორტზე მყოფი არც ერთი მგზავრი არ ავრცელებდა ინფორმაციას რაიმე უწესრიგობისა თუ საშიშროების შესახებ.

ეგვიპტური ბეჭდური გამოცემის Ahram-ის თანახმად, მფრინავთან ბოლო კავშირი რადარიდან ლაინერის გაქრობამდე 10 წუთით ადრე შედგა.

EgyptAir-ის ვიცე-პრეზიდენტის აჰმედ აბდელის განცხადებით, ხომალდს არ გადაჰქონდა სპეციალური ტვირთი, მიზეზი ეს რომ გამხდარიყო.

ამჟამად დაკარგული მგზავრების ნათესავები ქაიროს აეროპორტში იმყოფებიან, მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, ისინი ახალ ინფორმაციას ელოდებიან.

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ