"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიაში რუსული სამხედრო ბაზა დაბომბა - კვირის პალიტრა

"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიაში რუსული სამხედრო ბაზა დაბომბა

ამერიკული კომპანია Stratfor-ის ცნობით, სირიაში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც დასახლება ტიასთან მდებარეობს, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა შეტევის შედეგად თითქმის განადგურდა.

თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოზე კარგად ჩანს ბაზაზე განთავსებულ შენობებთან ერთად, ასაფრენ ბილიკზე დაბომბილი ვერტმფრენები.

ადრე გადაღებული ფოტოების დღევანდელთან შედარებისას, ამერიკული კომპანიის ექსპერტები გამოთქვამენ აზრს, რომ განადგურებულია Ми-24-ის ტიპის ვერტმფრენები, ხოლო დაბომბილი შენობები იარაღის შესანახად გამოიყენებოდა.

ფოტოებზე ჩანს ასევე აფეთქებული Миг-25, რომელიც, სავარაუდოდ, სირიის სამხედრო ძალებს ეკუთვნოდა.

ბი-ბი-სის ინფორმაციით, ბაზაზე შეტევა რამდენჯერმე განხორციელდა. შეტევის შემდეგ, ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ თავად გააკეთა განცხადება და აღწერა ის ობიექტები, რომლებიც ტერორისტებმა დაბომბეს.

ამ დროისთვის მომხდარი ფაქტის შესახებ კრემლში განცხადება არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ოფიციალურად დააანონსა „ტერორიზმთან ბრძოლის“ დაწყება. რუსი სამხედროები სირიის პრეზიდენტთან შეთანხმებით დაუპირისპირდნენ „ისლამურ სახელმწიფოს“, თუმცა 2016 წლის 14 მარტში ვლადიმირ პუტინმა გააკეთა განცხადება, რომ რუსული ტექნიკა სირიის ტერიტორიას დატოვებდა.

იხილეთ ასევე: "რუსეთს სირიაში გროზნოს მოვუწყობთ!" - ექსკლუზიური ინტერვიუ აბდურაჰმან ალ შიშანთან

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ