სავჩენკო სამშობლოში ბრუნდება - უკრაინელ მფრინავს ორ რუს სამხედროში ცვლიან - კვირის პალიტრა

სავჩენკო სამშობლოში ბრუნდება - უკრაინელ მფრინავს ორ რუს სამხედროში ცვლიან

2016 წლის 22 მარტს, როსტოვის ოლქის დონეცკის სასამართლომ უკრაინელი მფრინავს, ნადია სავჩენკოს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ სავჩენკო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მას შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რუსეთის პრეზიდენტს, ნადეჟდა სავჩენკოს ორ რუს სამხედროში გაცვლას სთავაზობდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, სავჩენკოს გადაცემის სანაცვლოდ, უკრაინული მხარე მოსკოვს რუს სამხედროებს, ევგენი ეროფეევსა და ალექსანდრ ალექსანდროვს გადასცემს, რომლებიც უკრაინაში იხდიან სასჯელს.

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პირადი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ევგენი ეროფეევი და ალექსანდრ ალექსანდროვი იმყოფებოდნენ, კიევიდან როსტოვში ჩავიდა. პატიმრების გაცვლა როსტოვის აეროპორტში მოხდა.

ადგილობრივი დროით 13:21 წუთზე ნადია სავჩენკო უკვე სამშობლოსკენ მიმავალი რეისის ბორტზე იმყოფებოდა. შესაბამისად, უკრაინელი სამხედრო პილოტი, რომელიც რუსეთში 2-წლიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, უკრაინაში ბრუნდება. უკრაინული მედიის ცნობით, კიევის აეროპორტში სავჩენკოს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დახვდება.

იხილეთ ფოტოგალერეა: ნადეჟდა სავჩენკო - უკრაინის ეროვნული გმირი