"ისლამური სახელმწიფო" დიდი პროფესიონალიზმით დევნის და უთვალთვალებს გეებს" - ვინ მოაწყო სასაკლაო გეიკლუბში? - კვირის პალიტრა

"ისლამური სახელმწიფო" დიდი პროფესიონალიზმით დევნის და უთვალთვალებს გეებს" - ვინ მოაწყო სასაკლაო გეიკლუბში?

აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასობრივი მკვლელობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით განახორციელეს, გეების საზოგადოების მიმართ ზიზღს აღნიშნავდა. ამ საზოგადოების წარმომადგენლები ჰომოფობიური ძალადობის მსხვერპლნი არაერთხელ გამხდარან, - წერს "ბი-ბი-სი".

ბოლო მონაცემებით, აშშ-ის ქალაქ ორლანდოში მომხდარი თავდასხმის დროს 50 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილთა რიცხვმა კი 53-ს მიაღწია. 12 ივნისს, გამთენიისას, 29 წლის აშშ-ის მოქალაქე, ომარ მატინი ქალაქ ორლანდოში მდებარე გეი-კლუბში შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა.

მატინის ქმედების მოტივი, რომელიც ღამის კლუბ Pulse-ში შეიჭრა, ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მომხდარი შეაფასა, როგორც "ზიზღისა და ტერორის აქტი".

"ეს დღე ყველაზე მძიმეა ჩვენი არატრადიციული ორიენტაციის მოქალაქეებისთვის, რომლებიც კლუბში მიდიოდნენ, რათა მეგობრებთან ერთად დრო გაეტარებინათ", - განაცხადა ობამამ.

ორლანდოში მომხდარი მასობრივი მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. შესაბამისი ინფორმაცია ტერორისტული დაჯგუფების კუთვნილმა მედიასააგენტომ „ამაქმა“ გაავრცელა.

ფლორიდას შტატის ქალაქ ორლანდოში თავდასხმა გეი-კლუბზე „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკმა განახორციელა“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ამერიკული მედია იტყობინება, თავდამსხმელმა ომარ მატინმა ისლამისტების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგულების ფიცი დადო.

სიეტლის მერი ედ მიურეი, რომელიც არ მალავს მის სექსუალურ ორიენტაციას, აცხადებს, რომ ბრძოლა თანაბარი უფებებისთვის დღესაც დიდი წარმატებით მიმდინარეობს.

"ამერიკელებმა უეცრად გაიღვიძეს ავადმყოფური, ძალიან კარგად ნაცნობი შიშის გრძნობით, რომელიც თან ახლდა ჩვენს საზოგადოებაზე თავდასხმას. ჩვენი საზოგადოება უკვე დიდი ხანია განიცდის დიდ ზეწოლას და ეს ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით".

როგორც აღმოჩნდა, არსებობს ჩვენებებით დაზუსტებული ფაქტები, როცა ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" დევნის და კლავს არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს.

"ისლამური სახელმწიფო" დიდი პროფესიონალიზმით დევნის და უთვალთვალებს გეებს" - განაცხადა ერაყიდან დევნილმა, "ბი-ბი-სი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში. "ისინი ცდილობენ იპოვონ ყველა ჰომოსექსუალი მამაკაცი და ამ დროს ირთვება "დომინოს ეფექტი", როცა იპოვი ერთს, პოულობ ყველას".

აღსანიშნავია, რომ თავდასხმამდე მატინმა დარეკა ცხელ ხაზზე 911-ში და განაცხადა, რომ ის "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერია.

აშშ-ის გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ დაადასტურა, რომ სამართალდამცავი ორგანოები თავდამსხმელ ომარ მატინით ჯერ კიდევ 2013 წელს დაინტერესდნენ.

„გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ მატინს პირველად 2013 წელს მიაქცია ყურადღება, როცა კოლეგებთან საუბარში განაცხადა, რომ თითქოსდა ტერორისტებთან ჰქონდა კავშირები“, - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა რონალდ ჰოფერმა გამართულ ბრიფინგზე.

მისი ინფორმაციით, მაშინ ომარ მატინი ორჯერ დაკითხეს, თუმცა მისი კავშირები ტერორისტებთან არ დადასტურდა.

როგორც ცნობილი ხდება, მატინი 2007 წლიდან აშშ-ის უმსხვილეს კერძო დაცვის კომპანია G4S-ში მუშაობდა. კომპანიის ხელმძღვანელობის ცნობით, ამჟამად G4S აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობს.

კომპანია G4S სახელმწიფო სტრუქტურებს და კერძო პირებს უსაფრთხოების სფეროში სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიური თამაშების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სწორედ აღნიშნული კომპანია მონაწილეობდა.

როგორც აშშ-ის გამოძიებათა ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის მოქალაქემ, ეთნიკურმა ავღანელმა ომარ მატინმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი დადო.

რაც შეეხება თავად თავდამსხმელს, მისი ყოფილი ცოლის განცხადებით, ომარ მატინი მას ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა და ნათესავებთან ურთიერთობას უკრძალავდა. ომარ მატინის მეუღლის ცნობით, თავდამსხმელი ჰომოფობი იყო, თუმცა რადიკალური ექსტრემიზმით არ გამოირჩეოდა.

"ის არასტაბილური პერსონა იყო. შეეძლო სახლში მოსულიყო და მხოლოდ იმიტომ ვეცემე, რომ სარეცხ მანქანას რეცხვა არ ჰქონდა დასრულებული, ან რაიმე მსგავსი მიზეზით", - იხსენებს ქალბატონი Washington post-თან საუბრისას.

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ