სროლის შემდეგ გაისმა 2 აფეთქების ხმა - აფეთქებას თურქეთის ათათურქის აეროპორტში მსხვერპლი მოყვა - კვირის პალიტრა

სროლის შემდეგ გაისმა 2 აფეთქების ხმა - აფეთქებას თურქეთის ათათურქის აეროპორტში მსხვერპლი მოყვა

თურქეთში, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში 2 აფეთქება მოხდა. აფეთქებას წინ კი ისმოდა იარაღის სროლის ხმა. როგორც "როიტერს" თვითმხილველმა განუცხადა, სროლა ავტოპარკის მხარეს გაისმა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 10 ადამიანი და დაჭრილია 40-ზე მეტი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაინახეს 4 შეიარაღებული პირი, რომელთაც გაქცევა მოახერხეს, პოლიციამ კი მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, სწორედ სროლის შემდეგ გაისმა 2 აფეთქების ხმა.

როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, ჯერჯერობით ქმედებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

რუსთავი 2-ის გადაცემა "არჩევანში" ჩართვისას, ქართველმა სტუდენტმა ანანო გეგეშიძემ თქვა, რომ თურქეთში თითქოს ელოდებოდნენ, რომ უბედური შემთხვევა მოხდებოდა. უბედურ შემთხვევას არაოფიციალურად ქურთებს უკავშირებენ.

ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი ამ დროისთვის დაკეტილია. როგორც უცხოური მედია წერს, მომხდარი აფეთქებების გამო რეისების შესრულება შეწყდა. ადგილზე სამართალდამცავი ძალებია მობილიზებული.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ