ტერორისტმა "კალაშნიკოვის" ავტომატიდან გაისროლა, შემდეგ კი თავი აიფეთქა - სტამბოლის ტერაქტში დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

ტერორისტმა "კალაშნიკოვის" ავტომატიდან გაისროლა, შემდეგ კი თავი აიფეთქა - სტამბოლის ტერაქტში დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

28 ივნისს ღამის საათებში, თურქეთში, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. დაღუპულთა რიცხვი კი 50-მდეა გაზრდილი.

სტამბოლის აეროპორტში 2 აფეთქება მოხდა. აფეთქების წინ კი ისმოდა იარაღის სროლის ხმა. როგორც "როიტერს" თვითმხილველმა განუცხადა, სროლა ავტოპარკის მხარეს გაისმა. (იხ: სროლის შემდეგ გაისმა 2 აფეთქების ხმა - აფეთქებას თურქეთის ათათურქის აეროპორტში მსხვერპლი მოყვა)

თავდამსხმელმა "კალაშნიკოვის" ავტომატიდან გახსნა ცეცხლი, მოგვიანებით კი, თავი აიფეთქა

ათათურქის აეროპორტში დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ძალადობრივი აქტები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ან დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.

“რამადანის თვეში მსგავსი თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ტერორიზმი რწმენისა და ღირებულებების მიუხედავად ყველას გვიტევს. იმედი მაქვს, სტამბოლში მომხდარი ტერორისტული აქტი შემოაბრუნებს მთელი მსოფლიოს ქვეყნებს და ერთად დაიწყება ბრძოლა მის წინააღმდეგ“- განაცხადა თურქეთს პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა კი საერთაშორისო ფრენების ტერმინალში „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალ ილდირიმის განცხადებით, "აფეთქების ადგილზე აღმოჩენილი ყველა სამხილი მიუთითებს, რომ ტერორისტული აქტის უკან ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დგას".

ტერაქტს აშშ-ს მხარეც გამოეხმაურა: "ჩვენ ვწუხვართ დაღუპულთა გამო... ჩვენ თურქეთის გვერდით ვართ".

თურქეთში მომხდარ ტრაგედიას საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. მათ გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.

"შეძრწუნებული ვარ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ამ განსაცდელის ჟამს ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს ტერორიზმთან ბრძოლაში", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში.

„უკიდურეს მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც. შეძრწუნებული ვარ უდანაშაულო ადამიანების მიმართ ჩადენილი ვერაგული აქტით. ეს სისასტიკე მთელმა მსოფლიომ საერთო ძალისხმევით უნდა შეაჩეროს. ამ მძიმე წუთებში გამძლეობას ვუსურვებ თურქ ხალხს და თურქეთის მთავრობას“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.

"თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე სასტუმროშია გადაყვანილი", - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, თურქეთის მხარისა და საქართველოს მთავრობის დახმარებით, დაახლოებით საქართველოს 100-მდე მოქალაქის დაბინავება მოხდა. ასოშვილის ინფორმაციით, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თანხა არ ჰქონდათ, სასტუმროში დაბინავების მიზნით შესაბამისი რესურსი საქართველოს მთავრობამ გამოყო.

თურქეთში 2016 წელს მომხდარი თავდასხმები:

7 ივნისი, სტამბოლი: ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა 7 სამართალდამცავი და 4 მშვიდობიანი მოქალაქე. ქმედებაზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ აიღო.

19 მარტი, სტამბოლი: თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სავაჭრო ცენტრში აიფეთქა, შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

13 მარტი, ანკარა: ავტომობილზე დამონტაჟებული ხელნაკეთი ასაფეთქებლის ამოქმედების შედეგად დაიღუპა 34 ადამიანი, ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ აიღო.

17 თებერვალი, ანკარა: 29 ადამიანი გარდაცვალა იმ ავტობუსებზე თავდასხმისას, რომლებითაც სამხედრო პირები გადაადგილდებოდნენ. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ აიღო.

21 იანვარი, სტამბოლი: 11 გერმანელი ტურისტი დაიღუპა, მას შემდეგ რაც სირიის მოქალაქემ სტამბოლში ბომბი ააფეთქა.

წყარო

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Istanbul Ataturk airport attack: At least 36 dead and more than 140 hurt

ვიდეო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ