დაჭრილები, მძევლები, გარდაცვლილი - არეულობა სომხეთის დედაქალაქში - კვირის პალიტრა

დაჭრილები, მძევლები, გარდაცვლილი - არეულობა სომხეთის დედაქალაქში

სოციალურ ქსელებში ვრეცლდება ინფორმაცია, რომ სომხეთის დედაქალაქში შეიარაღებული ამბოხი დაიწყო.

ხმაურია სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სადაც 17 ივლისს, გამთენიისას შეიარაღებული ადამიანების ჯგუფმა ერებუნის რაიონის პოლიციის შენობა დაიკავა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალების ინფორმაციით, მძევლად აიყვანეს ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი. შენობასთან იმყოფება სომხეთის პოლიციის უფროსი ვლადიმერ გასპარიანი. ადგილზე მობილიზებული არიან სამხედროები. შენობაში შეჭრილი ადამიანები 20 ივნისს დაკავებული ჟირაის სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ. გამოძიების ინფორმაციით, სეფელიანი შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად აპირებდა შენობების, ტელეკომუნიკაციების, მათ შორის ერევნის სატელევიზიო ანძის დაკავებას. მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი გეგმავდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციას პროვოკაციების გზით.

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური იუწყება, რომ სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან, რომლებიც დღეს ერევნის პოლიციის შენობაში შეიჭრნენ, მოლაპარაკებები დაიწყეს. "დღეს დილით, შეიარაღებული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი სომხეთის საპატრულო დაცვის პოლკში შეიჭრა და ძალადობის მუქარით ადამიანები ჰყავთ დაკავებული. ამ დროისთვის მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ხელისუფლებას მშვიდობიანად ჩაბარდნენ", - ნათქვამია უშიშროების სამსახურის განცხადებაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის შენობაში შეჭრილთა მომხრეები სოციალური ქსელებით ავრცელებენ განცხადებებს, რომ შეიარაღებული ამბოხი დაიწყო. თუმცა, უშიშროების სამსახური ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენობაში მყოფი ადამიანები ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.

იხილეთ ასევე: ერევნის პოლიციაში შეჭრილები პრეზიდენტის გადადგომასა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემას ითხოვენ