"თავდასხმისას 17 წლის ავღანელი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა და ნაჯახს გამეტებით იქნევდა" - კვირის პალიტრა

"თავდასხმისას 17 წლის ავღანელი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა და ნაჯახს გამეტებით იქნევდა"

ნაჯახითა და დანით შეიარაღებული, ავღანური წარმოშობის 17 წლის ახალგაზრდა ბავარიის რეგიონალურ მატარებელს დაესხა თავს.

თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრა 3 ადამიანი, ერთმა კი  მსუბუქი დაზიანება მიიღო. 14 მგზავრი შოკურ მდგომარეობაშია.

Deutsche Welle - ს ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 17 წლის ავღანელია, რომელიც ქალაქ ოკსენფურტში ცხოვრობდა. გაირკვა, რომ თინეიჯერი არასრულწლოვანის სტატუსით, მიგრანტებთან ერთად, აღმზრდელისა და მშობლის გარეშე ჩავიდა გერმანიაში.

18 ივლისს, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე ის მატარებელში შევიდა და მგზავრებს ოკსენფურტისა და ვურცბურგ-ჰაიდინგსფელდის სადგურებს შორის დაესხა თავს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს: „ავღანელი მატარებლით მარტო მგზავროდა და თავდასხმაც მარტომ განახორციელა“.

„შესაძლებელია, რომ ეს იყო ტერორისტული შეტევა“, - განაცხადა ბავარიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იოაჰიმ ჰერმანმა. თვითმხილველთა თქმით, "თავდასხმისას 17 წლის ავღანელი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა და ნაჯახს გამეტებით იქნევდა".

„როიტერის“ ცნობით, ავღანელის სახლში „ისლამური სახელმწიფოს“ ხელნაკეთი დროშა აღმოაჩინეს.

Deutsche Welle - ს ცნობით, მატარებლის გაჩერებისას დამნაშავემ გაქცევა სცადა, ის თავს დაესხა სადგურში მყოფ პოლიციელებს, რის გამოც ესროლეს და მოკლეს.

მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით

მოამზადა ეკა გადახაბაძემ