"საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, ევროპაში, განსაკუთრებით კი თურქეთიდან ტრანზიტს მოერიდონ" - კვირის პალიტრა

"საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, ევროპაში, განსაკუთრებით კი თურქეთიდან ტრანზიტს მოერიდონ"

რატომ ვერ უპირისპირდება მსოფლიო ტერორიზმს და რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო, ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში ბადრი ნაჭყებია გვესაუბრა:

- "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დავაანონსე, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრები ტერორისტული აქტების მოსაწყობ მეთოდებს დახვეწდნენ და მასშტაბური ტრაგედიის დასატრიალებლად იარაღის ან ნაღმის გამოყენება აუცილებელი სულაც არ იქნებოდა. "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერების განცხადებებსა და ვიდეომიმართვებს ინტენსიურად ვაკვირდები, არაორდინარული ხალხია, სიკვდილით დასჯის არაერთი ფორმა შეიმუშავეს, ადამიანებს თავს კვეთენ, ცოცხლად წვავენ, უამრავი ახალგაზრდა ჩამოახრჩვეს და ა.შ. ლოკალურ ტერაქტებში რადიკალები უკვე საკუთარი ინიციატივით ერთვებიან. 31 წლის ტუნისელი მუჰამედ ბუჰ-ლელი "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში შემჩნეული არ იყო, მაგრამ 84 კაცი სიცოცხლეს გამოასალმა. ათასობით რადიკალია ევროპაში, მათ შეუძლიათ ყოველ წამს ჩაიდინონ ტერორისტული აქტი.

- როგორ მოახერხა სატვირთო ავტომობილმა 2 კილომეტრის გავლა ისე, რომ სამართალდამცავებმა მისი დროულად შეჩერება ვერ მოახერხეს?

- ძნელია ფრანგი სპეცსამსახურის თანამშრომლები უმოქმედობაში ხელაღებით დაადანაშაულო, თუმცა ვიდეოფირში ჩანს, რომ პრევენციული ღონისძიებები გატარებული არ იყო. ხშირად ტერორისტებთან დაპირისპირება ჩვეულებრივ პოლიციელებს უწევთ და არა სამართალდამცავი სისტემის ელიტურ წარმომადგენლებს. დღეს ევროპა, მათ შორის, საფრანგეთი არსებობის სწორედ იმ ეტაპზეა, როგორშიც წლების განმავლობაში ისრაელი ცხოვრობდა. დასავლეთს არჩევანის გაკეთება მოუწევს ან დემოკრატიის მაღალი ხარისხი, ან მეტი კონტროლი ტერორიზმის თავიდან ასაცილებლად.

- რატომ გახდა ტერორისტების დარტყმის ობიექტი განსაკუთრებით საფრანგეთი და ევროპაში მიმდინარე პროცესი რა გავლენას ახდენს საქართველოზე?

- საფრანგეთის ტერიტორიაზე ევროპაში ყველაზე დიდი ისლამური თემი ცხოვრობს, თანაც, აშშ-ისა და რუსეთის შემდეგ, საფრანგეთი "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სახელმწიფოა. ხმელთაშუა ზღვაში მყოფ ფრანგულ ავიამზიდ "შარლ დე გოლიდან" "ისლამურ სახელმწიფოს" დარტყმებს აყენებენ... რაც შეეხება საქართველოს, ჯერჯერობით, ტერორისტების მიზანში არ მოქცეულა, თუმცა, შესაძლოა, ვითარება ერთ დღეში რადიკალურად შეიცვალოს. ბულგარეთი და კენიაც კი, რომლებიც საქართველოს მსგავსი სახელმწიფოებია, ტერორიზმის საფრთხის წინაშე რეალურად დგანან. არადა, ერთი შეხედვით, ორივე სახელმწიფო ტერორისტების სამიზნეს ნაკლებად უნდა წარმოადგენდეს. ქართველი სპეცსამსახურები მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყვნენ. არ არის გამორიცხული, დესტაბილიზაციის მიზნით პროვოკაცია მესამე ძალისგან დაიგეგმოს. მით უმეტეს, ამ მხრივ დიდი გამოცდილება გვაქვს: კოდორის ხეობაში საერთაშორისო ტერორისტული აქტი იყო, როდესაც გაეროს წარმომადგენელი გაიტაცეს, გორში მასშტაბური ტერაქტი მოეწყო, შევარდნაძეს ორჯერ დაესხნენ თავს, შამილ ბასაევიც კარგად გვახსოვს და ა.შ. საფრთხე ნებისმიერი მხრიდან არსებობს. დასავლეთში კი ტერორისტული აქტები მომავალშიც გაგრძელდება. ამის აღკვეთა ევროპას, ჯერჯერობით, არ შეუძლია, მით უმეტეს, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" მოქმედების არეალი გააფართოვა. სწორედ ამიტომ, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, აუცილებელი გადაუდებლობის გარდა, ევროპაში, განსაკუთრებით კი თურქეთიდან ტრანზიტს მოერიდონ. ერთ-ერთი საშიში ეპიცენტრია ეგვიპტეც, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსახლეობისთვის რეკომენდაციები ამ დრომდე არ მიუცია. არადა, მსგავსი ინდიფერენტულობა დაუშვებელია.

რუსუდან შელია