თურქეთის არმია - მეორე ადგილზე ნატო-ში და მეათეზე მსოფლიო მასშტაბით - კვირის პალიტრა

თურქეთის არმია - მეორე ადგილზე ნატო-ში და მეათეზე მსოფლიო მასშტაბით

თურქეთის ხელისუფლებამ თითქმის 45 ათასი ადამიანი დააკავა ან სამსახურიდან დაითხოვა ვერგანხორციელებული სამხედრო გადატრიალებასთან კავშირის ბრალდებით. მათ შორის სამხედროები, პოლიციელები, მასწავლებელები, უნივერსიტეტის პროფესორები, ჟურნალისტები... დასავლეთი უკვე სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ჩვენს მეზობლად განვითარებული არადემოკრატიული პროცესების გამო. მას შემდეგ, რაც თურქეთის ხელისუფლებამ სიკვდილით დასჯის აღდგენაზე დაიწყო ლაპარაკი, ევროკავშირიდან ღიად მოუწოდეს ეს არ გააკეთოს და ისიც განაცხადეს, რომ ქვეყანა, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს, ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი. შეშფოთებულები არიან ნატო-შიც. საუბარი იმაზეც მიდის, რომ არ არის გამორიცხული დღის წესრიგში თურქეთის ნატო-დან გასვლაც დადგეს. უკვე ღიად გამოითქმის ვარაუდები, რომ მომხდარი შესაძლოა სწორედ ხელისუფლებისა და უშუალოდ პრეზიდენტ ერდოღანის ინსპირირებული იყოს, რაზეც განმარტების გაკეთება სწორედ ერდოღანს მოუწია. მან კატეგორიულად უარყო ამგვარი ბრალდებები.

გადავწყვიტეთ თვალი გადაგვევლო თურქეთის არმიის საბრძოლო პოტენციალისთვის. როგორც ირკვევა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ატომურ იარაღს, ნატო-ს ქვეყნებს შორის, საბრძოლო პოტენციალით, ის ამერიკის შემდეგ, მეორე ადგილზეა.

თურქეთ ნატოს-წევრი 1952 წელს გახდა.

Global Power-ის ინდექსის მიხედვით კი თურქეთი მსოფლიოს ქვეყნებს შორის შეიარაღებულ ძალთა ათეულში ბოლო ადგილს იკავებს. ეს რეიტინგი უამრავ ფაქტორს ითვალისწინებს, მათ შორის შეიარაღებული ძალების რიცხვს, ტექნიკის ხარისხს, ფინანსურ მდგომარეობას და ელექტროენერგიის წარმოებასაც კი.

Global Power-ის აღრიცხვით, თურქეთის არმიაში 400 ათას ადამიანზე მეტი მსახურობს, ხოლო რეზერვში 185 ათასი ადამიანი ირიცხება (ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში 760 ათას ადამიანზე მეტია ხოლო რეზერვში ქვეყანას 2,4 მილიონი მოქალაქე ჰყავს).

სამხედრო საჰაერო ძალებში 1020 ვერტმფრენი შედის, რუსებს კი 3,5 ათასი ვერტმფრენი ჰყავთ. ავიაგამანადგურებელთა თანაფარდობა თურქეთსა და რუსეთს შორის კი შემდეგგვარია: 223/769.

თურქეთის არმიაში 3778 ტანკია, მათგან დაახლოებით 300 თანამედროვე Leopard 2-ია, ხოლო დანარჩენი შედარებით ძველი მოდელები: Leopard 1, M60, M48.

თურქეთს სუსტი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქვს, თუმცა შეიარაღებულ ძალებში საკმაო რაოდენობითაა მსუბუქი, რეაქტიული, თვითმავალი, ბრონირებული და მისაბმელიანი ტექნიკაც.

პოლიტიკური გეოგრაფია

მიუხედავად სამხედრო პოტენციალის რიცხვებში ასახული სხვაობისა, თურქეთისა და რუსეთის გეოპოლიტიკური მდგომარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

თურქეთის შეიარაღებული ძალები ერთ რეგიონზეა კონცენტრირებული, თუმცა რეგიონალური მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ დიდი სახელმწიფოა.

თურქეთის ფლოტი ეგეოსისა და შავ ზღვაშია დისლოცირებული, სამხედრო საზღვაო ფლოტის გადაადგილება კი 1936 წლის კონვენციით რეგულირდება, რომლის თანახმადაც, ომის შემთხვევაში საომარ სიტუაციებში ანკარას შეუძლია ბოსფორის და დარდანელის სრუტეები ჩაკეტოს.

თუმცა ომის ოფიციალურად გამოცხადების შემთხვევაში შესაძლოა უსაფრთხოების ჩრდილოატლანტიკური შეთანხმება ამოქმედდეს - მეხუთე მუხლის თანახმად ერთ ქვეყანაზე თავდასხმა განიხილება ალიანსის შეიარაღებულ ძალებზე და მის წევრ ყველა ქვეყანაზე თავდასხმად. ამ შემთხვევაში თურქეთს ყველა მოწინააღმდეგე ქვეყანას საქმე ექნება ნატო-ს შეიარაღებულ ძალებთან.

საბრძოლო მომზადება

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც  მოქმედებს კონფლიქტების წარმართვაზე, თურქული არმიის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადებაა.

ექსპერტების აზრით, თურქეთის არმია როგორც რეგიონში ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული არმიაა.

სამხედროებს ნატო-ს სტანდარტებით წვრთნიან. სტრატეგიული ანალიზისა და ტექნოლოგიების ცენტრის ექსპერტის, კონსტანტინ მაკიენკოს "ბი-ბი-სი-სთან" მიცემულ ინტერვიუში ვკითხულობთ, რომ: „ქურთების წინააღმდეგ ანტიპარტიზანული მოქმედებები ძალიან სპეციფიურ გამოცდილებას იძლევა. რა თქმა უნდა ნაომარი ჯარისკაცი ყოველთის სჯობია, გამოუცდელ ჯარისკაცს. თურქეთის შეიარაღებული ძალები - ეს ძალიან დიდი ძალაა“.

მე-20 საუკუნეში ქემალ ათათურქის დემოკრატიული რეფორმების შემედეგ თურქეთის არმიის მაღალჩინოსნებს თურქეთის ახალი წყობილების მფარველებად მიიჩნევდნენ. თუ ისინი ხელისუფლებას არაკონსტიტუციურ ქმედებას ამჩნევდნენ, მაშინვე აშორებდნენ მმართველობით ორგანოებს.  (წყარო)

იხილეთ ასევე: ვინ არის ფეთჰულლაჰ გიულენი და იქცევა თუ არა ის აშშ-ისა და თურქეთის დაპირისპირების მიზეზად?!

მოამზადა ეკა გადახაბაძემ