სროლები მიუნხენის ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში - არიან დაღუპულები - კვირის პალიტრა

სროლები მიუნხენის ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში - არიან დაღუპულები

მიუნხენში სავაჭრო ცენტრ Olympia-ში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრთან მდებარე კაფეში და მეტროს სადგურზე.

მიუნხენში დღევანდელი სროლების გამო, განსაკუთრებული მდგომარეობა გამოცხადდა. „დოიჩე ველე“ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიუნხენში სროლები სამ ადგილზე განხორციელდა - ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში, ჰანაუერშტრასისა და რისშტრასეს ქუჩებზე.

სმარტფონებზე სპეციალური შეტყობინებებით მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ სახლები არ დატოვონ. ბავარიის პრემიერმინისტრი ხორსტ ზეეჰოფერი და შს მინისტრი იოაჰიმ ჰერმანი საგანგებო შეხვედრას გამართავენ.

ვრცელდება ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს, როგორ უწევს სამედიცინო დახმარებას მედპერსონალი დაჭრილ ადამიანებს.

არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ სამ პირს ეძებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში სამი ადამიანი ისროდა.

პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, ნუ აქვეყნებენ ფოტოებსა და ვიდეომასალებს შემთხვევის ადგილებიდან. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ამუშავდა უსაფრთხოების გადამოწმების ფუნქცია, სახელწოდებით „შეიარაღებული თავდასხმა მიუნხენში“. აღნიშნული ფუნქციით მომხმარებლებს შეუძლიათ დაადასტურონ, რამდენად უსაფრთხოდ იმყოფებიან თავად და მათი მეგობრები.

მიუნხენში საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, გერმანიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება გერმანულ მხარესთან ინფორმაციის ოპერატიულად მიღების მიზნით.

”ადგილზე მცხოვრები ქართველებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი, 24 საათიან რეჟიმში +491628855303”, - განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში

დაღუპულთა რაოდენობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ადგილობრივი პოლიცია გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. მანამდე კი მედია, თვითმხილველებზე დაყრდნობით 15 დაღუპულის შესახებ იუწყებოდა. დაშავებულია 20-მდე ადამიანი.

ამ დროისთვის რამდენიმე მეტროს სადგური დაიკეტა. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ დამნაშავე ჯერ კიდევ სავაჭრო ცენტრის შენობაში იმყოფებოდეს.