თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის წარმოშობით ირანელია - ბოლო მონაცემებით მიუნხენში სროლებს 9 ადამიანი შეეწირა - კვირის პალიტრა

თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის წარმოშობით ირანელია - ბოლო მონაცემებით მიუნხენში სროლებს 9 ადამიანი შეეწირა

ბოლო მონაცემებით, მიუნხენის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა, მათ შორის სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

იხილეთ ასევე: სროლები მიუნხენის ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში - არიან დაღუპულები

„ბიბისის“ ცნობით, როგორც გერმანიის პოლიცია იტყობინება, თავდასხმის მოტივი უცნობია.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის პირია, რომელიც წარმოშობით ირანელია და მიუნხენში ცხოვრობდა. მან ცეცხლი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გახსნა. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა ცეცხლი თავდაპირველად სწრაფი კვების ობიექტში მყოფ ადამიანებს გაუხსნა, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრ Olympia-სკენ დაიძრა.

მომხდარის გამო მიუნხენში სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხდა. ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. მოძრაობა სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათში აღდგა.

თავდაპირველად პოლიცია ვარაუდობდა, რომ თავდასხმაში სამი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. იგი რამდენიმე საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველთა ვარაუდით, მან თავი მოიკლა.

მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი ამ დრომდე სამართალდამცავი უწყებებისთვის ცნობილი არ იყო. ჯერჯერობით არ იკვეთება მისი ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

იხილეთ ინგლისური ვერსია

ვიდეო