„სიკვდილისთვის მზად ვიყავი, ოღონდ ტერორისტი გამეჩერებინა" - კვირის პალიტრა

„სიკვდილისთვის მზად ვიყავი, ოღონდ ტერორისტი გამეჩერებინა"

"ზუსტად ვიცოდი რასაც ვაკეთებდი. კაბინის კარს ვერ ვაღებდი, მინდოდა, ფანჯრიდან გადმომეთრია “

დღე არ გავა არ გავრცელდეს ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შესახებ. აქამდე ყველაზე უსაფრთხოდ მიჩნეული ქვეყნებიც კი ტერორიზმთან ბრძოლაში ჩათრეულნი აღმოჩნდნენ. ეს ომია და როგორც ყველა ომს, ანტიგმირებთან ერთად, გმირებიც ჰყავს.

14 ივლისს, საფრანგეთში, ნიცაში მომხდარ ტერაქტს, 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 31 წლის ტუნისელი მოჰამედ ლაჰუაიეჯ ბუჰლელი დღესასწაულისას გადაკეტილ ქუჩაზე სატვირთო ავტომობილით შეიჭრა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტერორისტი განზრახ ისე მართავდა მანქანას, რომ მის ბორბლებ ქვეშ უფრო მეტი ადამიანი აღმოჩენილიყო. მანქანის გაჩერების შემდეგ ტერორისტმა ირგვლივ მყოფებს ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა. საბოლოოდ, სამართალდამცავებმა მოახერხეს და დამნაშავე გააუვნებელყვეს.

გავრცლებულ ვიდეოში კარგად ჩანს სიკვდილის მანქანად ქცეულ სატვირთოს გვერდით მოტოციკლი როგორ მიჰყვება, რომლის მძღოლი სატვირთზე შეხტომას ცდილობს.

როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ფრანგი მამაკაცია, რომლის ნამდვილ სახელსა და გვარს მისი უსაფრთხოებისთვის არ ახმაურებენ და როგორც „ფრანკს“ ისე მოიხსენიებენ.

ფრანკი მეუღლესთან ერთად მოტოციკლით სეირნობდა და სადღესასწაულო სანახაობებით ტკბებოდა:

"ჩემს მეუღლესთან ერთად სანაპიროზე ფოიერვერკების შოუს ვადევნებდი თვალს, უეცრად ყვირილი შემომესმა და რომ გავიხედე, დავინახე თეთრი სატვირთო გადაკეტილ ქუჩაზე დიდი სისწრაფით მოდიოდა. პირველად ვიფიქრე რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მაგრამ რომ დავინახე ხალხი როგორ გაიტანა, მეუღლე დავტოვე, ჩემი ბაიკი დავძარი და მის შესაჩერებლად გავიქეცი.

არ ვიცი, თავი როგორ შევიკავე, ირგვლივ ყველგან სისხლი იყო, ადრე სისხლზე გონება მებინდებოდა...

დავეწიე სატვირთოს, მივუახლოვდი და სატვირთოს კაბინაში ასასვლელ საფეხურზე გადავხტი, მძღოლს მუშტი რამდენჯერმე სახეში დავარტყი, მან ხელი გაითავისუფლა, იარაღი გადატენა, თავში დამიმიზნა და სასხლეტს გამოჰკრა. შემთხვევით გადავრჩი - არ გაისროლა. შემდეგ თავში კონდახი ჩამარტყა, უნდა გადმოვვარდნილიყავი, მაგრამ სატვირთოს კარის სახელურს მოვეჭიდე. ამ დროს ტერორისტმა მანქანა გააჩერა და სამართალდამცავებმა საპასუხო ცეცხლის გახსნისას მოკლეს.

„სიკვდილისთვის მზად ვიყავი, ოღონდ ტერორისტი გამეჩერებინა, ზუსტად ვიცოდი რასაც ვაკეთებდი. კაბინის კარს ვერ ვაღებდი, მინდოდა ფანჯრიდან გადმომეთრია “ - განაცხადა ფრანკმა ინტერვიუში. (წყარო)

სასწაულებრივად გადარჩენილი ფრანკი დღეს ტერაქტისას მიღებულ დაზიანებებს მკურნალობს, მისი თქმით, მას მძიმე დაზიანებები არ მიუღია.

იხილეთ ასევე: "ისლამური სახელმწიფო" ცდილობს ევროპა სირიაში სახმელეთო ომში ჩაითრიოს?!

მოამზადა ეკა გადახაბაძემ