"პუტინს შეუძლია დასავლეთი ტრამპის ხელით გაანადგუროს" - კვირის პალიტრა

"პუტინს შეუძლია დასავლეთი ტრამპის ხელით გაანადგუროს"

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატები ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი თითქმის ყველაფერში ემიჯნებიან ერთმანეთს, მაგრამ ბოლო პერიოდში დაპირისპირების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გახდა - დამოკიდებულება პუტინთან და ამ უკანასკნელის საგარეო პოლიტიკასთან.

რამდენიმე დღის წინ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ "დემოკრატიული პარტიის" ეროვნული კომიტეტის კომპიუტერულ სერვისებზე ჰაკერული თავდასხმა რუსეთის სპეცსამსახურებმა განახორციელეს.

"ვიცით, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის კომპიუტერული სერვისები "გატეხეს". ასევე ვიცით, რომ დიდი რაოდენობით წერილი სწორედ ამ გზით გავრცელდა. დონალდ ტრამპის მხარდაჭერა ვლადიმერ პუტინის მიმართ, ძალიან შემაშფოთებელია", - განაცხადა კლინტონმა ინტერვიუში და კონკურენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

"პუტინს მხოლოდ ფოტოთი ვიცნობ"

კლინტონის ბრალდებას უპასუხა ტრამპმა. "ეი-ბი-სისთან" ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ კრემლთან და მითუმეტეს პუტინთან არავითარი ურთიერთობა არ აქვს.

"მან (პუტინმა) ჩემს შესახებ დადებითად ისაუბრა", - განაცხადა ბიზნესმენმა, "მაგრამ მას არ შევხედრივარ, არც მასთან ერთად მისადილია. ხალხში ვერც ვიცნობდი, მისი ფოტო რომ არ მქონდეს ნანახი".

ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა ამერიკას მეტ სარგებელს მოუტანს.

"თუ რუსეთთან კარგ ურთიერთობას დავამყარებთ და ის დაგვეხმარება "ისლამური სახელმწიფოსგან" თავის დაღწევაში, სიმართლე რომ ვთქვა, ეს იქნება დადებითი ქვეყნისთვის".

ბოლო დღეებში აშშ-ის პრესაში აქტიურად ხმარობენ სიტყვა "ბრომანს", რაც ძლიერ, კაცურ მეგობრობას აღნიშნავს და რომლითაც აღნიშნავენ პუტინისა და ტრამპის ურთიერთობას. აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯონ პოდესტი აცხადებს, რომ "ტრამპსა და პუტინს შორის "ბრომანსის" მსგავსი ურთიერთობაა დაწყებული".

"გაუწონასწორებელი მკვეხარა" პუტინის ხელშია

ერთ-ერთ ლიბერალურ საიტზე "Slate" განთავსებულია ფრანკლინ ფოერის სტატია სახელწოდებით "პუტინის მარიონეტი", სადაც ლაპარაკი პუტინისა და ტრამპის ურიერთობაზე.

"თუ რუსეთის პრეზიდენტს ამერიკის პრეზიდენტობისთვის ეყოლებოდა საკუთარი კანდიდატი, რომელიც ძირს გამოუთხრის ამერიკის ინტერესებს და რუსეთის ლიდერს მოემსახურება, ის ძალიან ემგვანებოდა ტრამპს. ვლადიმირ პუტინს დასავლეთის განადგურების გეგმა აქვს, პუტინს შეუძლია დასავლეთი ტრამპის ხელით გაანადგუროს", -  ვკითხულობთ სტატიაში.

წყარო

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)