"მაპატიე, რომ დავიგვიანეთ" - გოგონა, რომელიც სხეულით გადაეფარა 4 წლის დას და სიცოცხლის ფასად გადაარჩინა - კვირის პალიტრა

"მაპატიე, რომ დავიგვიანეთ" - გოგონა, რომელიც სხეულით გადაეფარა 4 წლის დას და სიცოცხლის ფასად გადაარჩინა

"ნახვამდის ჯულია, მე შენ მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ არ მიცნობდი..."

სტატია 2016 წლის არქივიდან...

სულ რაღაც ერთი კვირის წინ, იტალიაში რენალდოების ერთ ჩვეულებრივ ოჯახში გოგონები ჯულია და ჯორჯია იზრდებოდნენ. სულ რამდენიმე დღის წინ ეს გოგონები მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ისინი 24 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის სიმბოლოებად იქცნენ.

გოგონები არდადეგებს, მშობლებთან ერთად, ქალაქ ამეტრიჩეს მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში ატარებდნენ. 8 წლის ჯულია და 4 წლის ჯორჯია იმ საბედისწერო დღეს საძინებელ ოთახში ერთად იყვნენ...

მიწისძვრიდან 17 საათიანი ძებნის შემდეგ, გოგონები მეხანძრემ იპოვა. სწორედ მან ნახა პირველმა როგორ იყო უფროსი და პატარას გადაფარებული, ასე გადარჩა 4 წლის ჯორჯია, ჯულია კი...

სახლის ნანგრევები, სადაც გოგონები მიწისძვრისას იმყოფებოდნენ

ახლა ჯორჯია საავადმყოფოშია... მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა აღარ ლაპარაკობს...

ჯულია 28 აგვისტოს დაკრძალეს, სწორედ ამ დღეს მისი დაიკოს - ჯორჯიას დაბადების დღეც იყო...

ჯორჯიას ამოყვანა ნანგრევებიდან

გოგონების მშობლები ცოცხლები არიან. დედა ამჟამად საავადმყოფოშია. მამა კი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გრძნობს თავს მაინც, ასე ვთქვათ, ბედნიერია, რომ ერთი შვილი მაინც გადაურჩა ცოცხალი.

მეხანძრის წერილი, რომელმაც ნანგრევებში ჩაფლული გოგონები იპოვა:

"გამარჯობა პატარავ, ვცადე დაგხმარებოდი ნანგრევების ციხიდან დაღწევაში. მაპატიე, რომ დავიგვიანეთ, სამწუხაროდ, სუნთქვა უკვე შეწყვეტილი გქონდა, ვერ გადაგარჩინეთ... მაგრამ იქ, მაღლა, მინდა იცოდე, რომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რათა როგორმე გამოგვეყვანე. ჩემს სახლში, აქვილაში, დაბრუნების შემდეგ, მეცოდინება, რომ შენი სახით, იქ, ციდან ერთი პატარა ანგელოზი დამყურებს, ღამით კი - მბრწყინავი, კაშკაშა ვარსკვლავი... ნახვამდის ჯულია, მე შენ მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ არ მიცნობდი...

ანდრეა"

kvirispalitra.ge ჩვენს თანამემაულე მარინა შავლაძეს დაუკავშირდა. ქალბატონი მარინა უკვე 4 წელია იტალიაში ცხოვრობს:

"ისეთი კადრებს ვუყურებთ, რომ გული გაგიჩერდება. მე ამჟამად ტოსკანის რეგიონში ვარ. ქალაქი, სადაც ვცხოვრობ, 200 კილომეტრზე მეტადაა დაშორებული იმ ზონიდან, სადაც მიწისძვრა მოხდა. შიში აქ, სადაც მე ვარ არ იგრძნობა, მაგრამ თანაგრძნობა და წუხილი მომხდარი ტრაგედიის გამო დიდია. ამ ბავშვების ტრაგედიამ ხომ შეძრა მთელი იტალია, ყველა დათრგუნულია. დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილია ანგარიში, რომლის ნომერიც "მორბენალ სტრიქონში" სულ ჩანს ტელეეკრანებზე. ფულის ჩარიცხვა შესაძლებელია ტელეფონითაც.

მართლაც არნახული გვერდით დგომა შეუძლიათ იტალიელებს. შექმნილია ჯგუფები, ადგილზე დახმარების გასაწევად. ადგილზე ამანათები ჩადის სხვადასხვა საჭირო ნივთებით. ბოლო ინფორმაციით, 289 ადამიანია დაღუპული. სამძებრო სამუშაოებში ჩართეს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები, რათა მიაკვლიონ ნანგრევებში თუკი ვინმეა კიდევ ცოცხალი. ბიძგები კიდევ გრძელდება, თუმცა ხმები აღარ ისმის ნანგრევებიდან..."

ეკა სალაღაია (სპეციალურად საიტისთვის)