კლინტონის კაჟივით ჯანმრთელი ცოლი, სააკაშვილისა და ჟირინოვსკის საყვარელი ტრამპი - ბერეზოვსკის გარდაცვალებას ფარდა აეხადა? - კვირის პალიტრა

კლინტონის კაჟივით ჯანმრთელი ცოლი, სააკაშვილისა და ჟირინოვსკის საყვარელი ტრამპი - ბერეზოვსკის გარდაცვალებას ფარდა აეხადა?

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიო მასმედიაში არაერთი საინტერესო პუბლიკაცია გამოქვეყნდა. ამათგან ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემაში გაჟღერებული ინფორმაცია ალბათ განსაკუთრებული ყურადღების ღირსია.

ცნობილი რუსი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი 2013 წლის 23 მარტს, ლონდონთან ახლოს მდებარე დასახლება ასკოტში უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. ბრიტანელი სამართალდამცველების ვერსიით ბადრი პატარკაციშვილის ყოფილმა ბიზნეს-პარტნიორმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ოფიციალური ვერსია გახლავთ. არაოფიციალური მტკიცებით კი, გარდაცვლილს არაერთი გავლენიანი მტერი ჰყავდა და ამ ხალხმა რუსეთიდან დიდ ბრიტანეთში გადასახლებული საქმოსანი უცნობი ქიმიური ნივთიერებით მოწამლა.

ინგლისურ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბორის ბერეზოვსკი სიცოცხლეს ბრიტანული საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გამოასალმეს. თურმე ბიზნესმენს დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთ გავლენიან წევრზე, დედოფალ ელისაბედის მეუღლე პრინც ფილიპზე საჩოთირო ფოტომასალები გააჩნდა და მომავალში სამეფო კარის შანტაჟს აპირებდა.

პრინცი ფილიპი წინა საუკუნის 40-იან წლებში კანონიერ მეუღლეს აქტიურად ღალატობდა, ქალებში დიდი სიხშირით "დაძვრებოდა" და ქალაქ ლონდონის ერთ-ერთი ცნობილი ბორდელის "მუდმივი კლიენტი" გახლდათ. "გართობის" დროს მავანმა ფოტოგრაფმა სურათები გადაუღო, რომელიც ლამის ნახევარი საუკუნის შემდეგ ბორის ბერეზოვსკის ხელში აღმოჩნდა. საქმოსანმა ამ "მასალით" დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის წარმომადგენლებს მიაშურა...

ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია რამდენად დამაჯერებელია ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და გარკვეულ რეალობას ალბათ მაინც შეიცავს.

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს აშშ-ში რიგით 58-ე პრეზიდენტს აირჩევენ. ჰილარი კლინტონი თუ დონალდ ტრამპი - ბოლო გამოკვლევებით მილიარდერი ტრამპის რეიტინგი ბილ ქლინტონის მეუღლისას მცირედით უსწრებს. ოკეანისგაღმა ამ დუელს "პენსიონერთა ჭიდილი" უწოდეს, - კლინტონი 68 წლის ბრძანდება, მიხეილ სააკაშვილის დიდი მეგობარი კი 70-ს უკაკუნებს.

ბოლო ხანს ჰილარი კლინტონს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა და რამდენიმე ოფიციალურ ღონისძიებაზე შეუძლოდ შეიქმნა. ამერიკულ მასმედიაში ელვისებურად გავრცელდა პუბლიკაციები იმის შესახებ, თუ რამდენად მართებული იქნებოდა ავადმყოფი ქალბატონის ქვეყნის პირველ პირად არჩევა. რასაკვირველია ამ "მოძრაობაში" დონალდ ტრამპის მომხრეებს დიდი წვლილი მიუძღვით.

ორი დღის წინ ქალბატონი ჰილარი ბილ კლინტონმა დაიცვა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა გავრცელებულ ინფორმაციებს "სულელური მონაჩმახი" უწოდა და განაცხადა, "კაჟივით ჯანმრთელი მეუღლე მყავსო".

"ბოლო წლების განმავლობაში ჰილარი ზომაზე მეტს მუშაობს და საკუთარ თავს ნაკლებ ყურადღებას უთმობს. მას ეპიზოდურად პნევმონია აწუხებს, რაც საგანგაშო არ გახლავთ".

რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპს ერთმა ოდიოზურმა პიროვნებამ ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადა. ლაპარაკია ვლადიმერ ჟირინოვსკიზე, რომელმაც ამერიკელი მილიარდერი რუსეთისთვის სასურველ კანდიდატად მონათლა და იმედი გამოთქვა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში მსოფლიოში ახალი "სამართლიანი" წესრიგი დამყარდება.

მართლაც საინტერესოა ტრამპის თანამდებობაზე მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური მოვლენები რა გზით განვითარდება. ეს უკანასკნელი ვლადიმერ პუტინთან ახლობლობს, ცოტა ხნის წინ კი - "ყირიმი რუსეთის განუყოფელი ნაწილიაო" განაცხადა.

საარჩევნო ბატალიების წინ პოლიტიკოსები შოუ-ბიზნესის პოპულარული წარმომადგენლების მხარდაჭერას ყოველთვის ეძებენ. საქართველო გავიხსენოთ. "გიხაროდენ", სოსო პავლიაშვილი, ალა პუგაჩოვა - შევარდნაძესა და "მოქალაქეთა კავშირს" უჭერდნენ მხარს, ასლან აბაშიძემ თავის დროზე წინასაარჩევნოდ ბათუმში ლამის ადრიანო ჩელენტანოც კი ჩაიყვანა. "მიშა მაგარია"-ზე ლაპარაკი არც მაქვს, ყველას გვახსოვს რა ხდებოდა.

გამონაკლისი არც აშშ-ია და ჰილარი კლინტონს მხარი ოფიციალურად სერ პოლ მაკარტნიმ, ჯგუფმა "Bon Jovi" და მუსიკოს-შემსრულებელმა ჯიმი ბაფეტმა გამოუცხადა. რამდენიმე დღის წინ ამ სამეულმა კონცერტი ჩაატარა და შემოსავალი ჰილარი კლინტონის საარჩევნო ფონდში ჩარიცხა. საინტერესოა, რომ ამ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი "სულ რაღაც" 25 ათასი დოლარი ღირდა.

დღევანდელ "მიმოხილვას" გერმანიიდან მოსული ერთი სასეირო ამბით დავასრულებ. ბოლო დღეების განმავლობაში ამ ქვეყნის თვალთახედვის არეში მავანი 12 წლის ბიჭუნა მოექცა. ბავშვს ბებიის მონახულება უნდოდა, მაგრამ მშობლები მოუცლელობის გამო ნატვრას ვერ უსრულებდნენ. გამოსავალი მაინც მოიძებნა. მოზარდმა მამას მანქანა აწაპნა და საქსონიიდან ბავარიის მიმართულებით მიმავალ გზას გაუდგა. საინტერესოა რომ ბავშვმა ჩქაროსნულ ტრასაზე 200 კილომეტრი ყოველგვარი ფათერაკის გარეშე გაიარა. საღამოს ბებიის სახლის კარზე დააკაკუნა და "შენს სანახავად მანქანით ჩამოვედიო", - ახარა.

მთელი გერმანია ამ ბიჭზე ლაპარაკობს და მომავალში გამოჩენილი მრბოლელის კარიერას უწინასწარმეტყველებს. რასაკვირველია პოლიციას მოზარდი არ დაუსჯია და მხოლოდ "მსუბუქი გაფრთხილებით" შემოიფარგლა.

საინტერესოა ამ ბიჭს საქართველოში რომ ეცხოვრა და ანალოგიური "მოგზაურობა" თბილისიდან ქუთაისამდე გადაეწყვიტა. ქართველი მძღოლებისა და აქაური მოძრაობის "წესების" შემყურეს, მეეჭვება დანიშნულების ადგილამდე უხიფათოდ ჩაეღწია...

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)