"რუსეთში ოპოზიციის ლიდერებს კლავდნენ, იჭერდნენ ან აიძულებდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ" - პუტინის ფიქტიური არჩევნები - კვირის პალიტრა

"რუსეთში ოპოზიციის ლიდერებს კლავდნენ, იჭერდნენ ან აიძულებდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ" - პუტინის ფიქტიური არჩევნები

18 სექტემბერს რუსეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო უბნები გახსნილი იყო ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეც. კრემლის მიერ მიტაცებული ყირიმის მოსახლეობამ კი უკვე რუსეთის მოქალაქეების სტატუსით იმონაწილევა არჩევნებში.

როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნებში სახელისუფლებო პარტიამ „Единая Россия“-მ გაიმარჯვა და ხმათა 54,21%აიღო, მეორე ადგილზე კომუნისტური პარტია გავიდა 13, 53%-ით. კომუნისტებმა ЛДП-ს (ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია) , რომელმაც 13,28% აიღო, ხმების მინიმალური რაოდენობით გაუსწრეს. “სამართლიანი რუსეთი” მეოთხე ადგილზეა - 6,19%. დანარჩენმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

რუსეთში მიმდინარე არჩევნებმა საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, არასამთავრობო ორგანიზაციები ლაპარაკობენ უამრავ დარღვევაზე. ევროკავშირმა კი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა კიდევ ერთხელ აღიარა და ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები არ აღიარა.

ამერიკულმა პრესამ, რომელიც აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო პროცესებშია ჩაძირული, რუსეთში ჩატარებულ არჩევნებზეც საკმაოდ ბევრი დაწერა. როგორც Wall Street Journal-ში ვკითხულობთ, ეს იყო „პუტინის ფიქტიური არჩევნები“. „რუსეთის ავტორიტარ მმართველს სურს დაამყაროს დემოკრატია რეალური ოპოზიციის გარეშე“, - წერს გამოცემა.

საინტერესო იყო ის მეთოდებიც, რომლითაც სახელისუფლებო გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. სხვადასხვა საარჩევნო ოლქის დახურვისა და ოპოზიციონერების ზეწოლის გამო ამერიკულმა პრესამ შანსი ხელიდან არ გაუსვა და რესპუბლიკელების საარჩევნო კანდიდატს ამერიკაში დონალდ ტრამპს პუტინის მიმართ გამოჩენილი სიმპატია გაახსენა.

„პუტინის დასავლელი თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ პუტინი სამშობლოში ძალიან პოპულარულია“- წერს Wall Street Journal-ი - ამ საკვირაო ხმის მიცემის პროცედურამ კი უნდა შეახსენოს ამ თაყვანისმცემლებს, თუ როგორი მეთოდებით მიიღწევა ეს პოპულარობა“. (წყარო)

ლიბერალური სარედაქციო პოლიტიკით გამორჩეულმა Washington Post-მა კი დაწერა: „ამჯერად პუტინმა მიიღო ის, რაც სურდა და ეს არის შედეგი იმ რეპრესიული პოლიტიკისა, რასაც კრემლი ატარებს".

2011 წლის საპროტესტო ტალღის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღო იმისთვის, რომ პროტესტანტულად განწყობილი ადამიანები გაენეიტრალებინა.

აშშ-ს ყველაზე დიდი გამოცემა წერს: „რუსეთში ოპოზიციის ლიდერებს კლავდნენ, იჭერდნენ ან აიძულებდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ. ხოლო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომელთა შორისაც არჩევნებზე დამკვირვებლებიც იყვნენ - მკაცრი შეზღუდვები ჰქონდათ. წესები მმართველი პარტიის სასარგებლოდ იცვლებოდა. კრემლის დასაცავად კი იყო შექმნილი "პრეტორიანული" გვარდია. პუტინმა უეცრად შეცვალა არჩევნების დღეც, რომელმაც დეკემბრიდან სექტემბერში გადმოინაცვლა და შვებულებიდან ახალდაბრუნებულ მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლა მოუხდათ. აშკარაა, რომ მას ხელოვნურად სურდა აქტივობის შემცირება“.

პუტინმა არჩევნების შემდეგ საკუთარი კმაყოფილება საჯარო განცახდებით გამოხატა, თუმცა როგორც ამერიკული გამოცემა წერს, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი არ მივიდა არჩევნებზე, რადგან საბჭოთა კავშირის მსგავსი რეჟიმის მიმართ ასე გამოხატეს პროტესტი ან საერთოდაც არ აინტერესებთ პოლიტიკა.

„რუსეთის ყველაზე დიდ ქალაქებში მცხოვრებთა ორი მესამედი, რომელიც არ მივიდა არჩევნებზე, არ გამოვა პუტინის წინააღმდეგ, რადგან მათ ცუდი მომავლის ეშინიათ. როგორც ცნობილია 2011 წლის არჩევნების შემდეგ ემიგრირებულია მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე“ - წერს ამერიკული გამოცემა Washington Post-ი. (წყარო)

მოამზადა ეკა გადახაბაძემ