სააკაშვილ-ავაკოვის "ბიზნესი", "ამბიციური" სომხები, "ნოსტრადამუსი" ლუკაშენკო და ისლანდიური "სატყუარა" - კვირის პალიტრა

სააკაშვილ-ავაკოვის "ბიზნესი", "ამბიციური" სომხები, "ნოსტრადამუსი" ლუკაშენკო და ისლანდიური "სატყუარა"

მსოფლიოში მიმდინარე საინტერესო მოვლენების "მიმოხილვას" უკრაინიდან მოსული ინფორმაციით დავიწყებ. ეს "ნიუსი" ალბათ განსაკუთრებით საინტერესო იქნება. გასული წლის დეკემბერში, ერთ-ერთ სამთავრობო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვს შორის დიდი დაპირისპირება მოხდა. სომხური ფესვების მქონე ავაკოვმა ქარველ სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა და "ჩემი ქვეყნიდან წაეთრიეო", - მიაძახა.

იმ "ამბიდან" ლამის ერთი წელი გავიდა. ორი დღის წინ ავაკოვმა ოდესის ქართველი გუბერნატორი კვლავ გაიხსენა და უკრაინული მასმედიის საშუალებით "საინტერესო" ბიზნესგეგმა შესთავაზა. მან "მიშა მაგარი"-ას კიევში ქართულ-სომხური რესტორნის გახსნის იდეა მიაწოდა.

"იმედია შესანიშნავი იდეა გახლავთ და სააკაშვილი გვერდში ამომიდგება. რესტორანს სახელად "ბე-ბე-ბე"-ს დავარქმევთ. დარწმუნებული ვარ მოკლე დროში ქალაქის ღირთშესანიშნავ ადგილად გადაიქცევა. შესასვლელში სტუმრებს უფასოდ ერთი ჭიქა ცივი წყალი გადაეცემათ", - განაცხადა არსენ ავაკოვმა.

რაც შეეხება დასახელებას, ავაკოვის მტკიცებით, "ბე-ბე-ბე" სააკაშვილის საუბრის მანერასა და სტილს ზუსტად გამოხატავს.

ოდესის გუბერნატორს პოლიტიკური ოპონენტისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია. ალბათ სერიოზულად ჩაფიქრდა. ავაკოვი მისი მოწინააღმდეგე კი არის, მაგრამ ქართულ-სომხური ერთობლივი რესტორნის იდეა მაინც მაცდურად გამოიყურება.

სომხებზე ჩამოვარდა სიტყვა და ორი დღის წინ ქართულ ვებგვერდებზე ერთი "მარგალიტი" გავრცელდა - სომხები ირწმუნებიან რომ ეს ქვეყანა ღვინის ისტორიული სამშობლოა... რასაკვირველია, კომენტარი ზედმეტია. ერთს კი დავძენდი, რამდენიმე წლის წინ სომეხმა აკადემიკოსმა, ვინმე სურენ აივაზიანმა განაცხადა, რომ ნიკო ფიროსმანი ფიროსმანიანი გახლდათ, ზაქარია ფალიაშვილი - ფალიანი, კოტე მარჯანიშვილი - მარჯანიანი, ილია ჭავჭავაძე - ჭავჭავიანი, თამარ დედოფლის მშობლები სომხები იყვნენ, შოთა რუსთაველიც სომეხი იყო და სახელად აშოტა ერქვა.

ეს ფაქტები ჩემი მოგონილი ან ფანტაზიის ნაყოფი არ გეგონოთ. რა გითხრათ. დაგვიტოვეთ რაიმე, ბატონებო.

უკრაინას დავუბრუნდეთ. ამ ქვეყანასა და რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა გრძელდება. ამის მიუხედავად რუსი ტურისტებისთვის ქალაქი კიევი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. რამდენიმე დღის წინ რუსულ მასმედიაში გავრცელდა ცნობა, რომ რუსი ტურისტები ყველაზე მეტად ლონდონს, ნიუ-იორკსა და კიევს სტუმრობენ. ამ "ნიუსმა" არ გამაკვირვა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს თავად ვარ მომსწრე თბილისის ქუჩებში მოსეირნე რუსი ტურისტებისა. რას იზამ, კაცია და გუნება...

აშშ-ში მალე მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. რასაკვირველია, მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკური მიმომხილვები ტრამპისა და კლინტონის შესაძლებლობებსა და შანსებზე ლაპარაკობენ. მე რითი ვარ ნაკლებიო და ამ მარაქაში ბელორუსის ოდიოზური პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოც გაერია. "ბატკამ" საკუთარი პროგნოზი გააკეთა.

"ამერიკული საზოგადოება პირველ პირად ქალს არ აირჩევს. ამ ნაბიჯისთვის ის მზად არ არის. დონალდ ტრამპი არჩევნებს 5-7 პროცენტიანი უპირატესობით მოიგებს", - განაცხადა ბატონმა ალექსანდრემ.

საინტერესო იქნებოდა მისი მოსაზრება 8 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ირგვლივ. ჯერჯერობით ბელორუს ნოსტრადამუსს ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ იმედია "შეცდომას" უახლოეს დღეებში გამოასწორებს.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ აშშ-დან მოსული უკანასკნელი ცნობით, ტრამპსა და კლინტონს წინასწარი გამოკითხვებით, ამ ეტაპზე მათი რეიტინგები თანაბარია.

რამდენიმე დღის წინ სრულიად საქართველოს "ძლიერთა სქესის" უმეტესობა (განსაკუთრებით ინტერნეტმომხმარებლები) ფეხზე დადგა. ქვეყანაში შემდეგი "საინტერესო" ამბავი გავრცელდა.

"ისლანდიის სახელმწიფომ შემოიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც თუ უცხოელი მამაკაცი ისლანდიელ ქალთან ერთად იცხოვრებს ისლანდიაში ერთი წელი და ექნება მასთან სქესობრივი ურთიერთობა, მაშინ ისლანდიის სახელმწიფო ამ მამაკაცს ყოველთვიურად უხდის 5000 დოლარს".

დაიწყო და რა დაიწყო. პირადად ორმა ნაცნობმა დამირეკა, - ისლანდიის ვიზა სად ავიღოთო ?! დავინტერესდი და საჭირო ინფორმაცია უკვე მოვიძიე.

"საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ისლანდიის რესპუბლიკაში, ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

მოკლევადიანი 90 დღემდე ვიზა გაიცემა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ, ხოლო გრძელვადიანი ვიზა გაიცემა ქ. კიევში (უკრაინა) ისლანდიის საელჩოს მიერ".

ალბათ უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ ევროპის ამ ყინულოვან სახელმწიფოს ქართველი მამაკაცების დიდი ტალღა მიაწყდება. ხუმრობაა, ერთი წლის განმავლობაში მუდმივი სიამოვნება და "მუქთად" თვეში 5 ათასი დოლარი.

ჯერჯერობით "მასობრივი ემიგრაცია" არ დაწყებულა რადგან თანამემამულე კაცები "მზადების" პროცესში არიან. ქართველ მანდილოსნებს კი მოვუწოდებდი "ადგილობრივი" მამაკაცების მიმართ უფრო გულისხმიერები გხდნენ. კი, ბატონო, ქართველი კაცების ნაწილი ანგელოზის თვისებებით შემკულები არ არის, მაგრამ გაიქცევიან შორეულ ისლანდიაში და ნახეთ მერე…

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)