"ტრამპს გაეფურჩქნა კლინტონი, გადახვეოდა მიშასა" - კლინტონი - ტრამპის, ჯოლი კი პიტის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"ტრამპს გაეფურჩქნა კლინტონი, გადახვეოდა მიშასა" - კლინტონი - ტრამპის, ჯოლი კი პიტის წინააღმდეგ

"რა დღეშია ამერიკა, ამათ გარდა რომ ვერ მონახეს კანდიდატები"

ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო საზოგადოების განსაკუთრებული დაინტერესების საგანი აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეების პირველი ტელედებატები გახლდათ. აშშ მსოფლიო პოლიტიკის უმთავრესი წარმართველია. ამ მიზეზის გამო დიდი მნიშვნელობა ენიჭება თუ ვინ მოვა ამ ქვეყნის სათავეში და როგორი იქნება ამ პოლიტიკური ლიდერის მსოფლმხედველობა.

პირველი საპრეზიდენტო დებატები უკვე გაიმართა. ამერიკელი საზოგადოების ნაწილის აზრით, "დემოკრატების" კანდიდატი, ქალბატონი ჰილარი კლინტონი "რესპუბლიკელ" დონალდ ტრამპზე უფრო თავდაჯერებულად გამოიყურებოდა.

CNN -მა და BBC-იმ განსაკუთრებით ის ფაქტი აღნიშნეს, რომ კლინტონი ტრამპის არც ერთ "პროვოკაციას" არ წამოეგო და საკუთარი არგუმენტები დამაჯერებელი ფაქტებით დაასაბუთა, სწორედ CNN -ის გამოკითხვით, კლინტონს 62%-მა დაუჭირა მხარი. მოკლედ, CNN -მა და BBC-იმ უპირატესობა ბილ კლინტონის მეუღლეს კი მიანიჭეს, მაგრამ ამერიკული მასმედიის სხვა წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპი გამოარჩიეს.

პოპულარულმა გამოცემამ Time მკითხველებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა რომ ამერიკელების 59 პროცენტის აზრით, დებატებში 70 წლის მილიარდერმა იმარჯვა. რასაკვირველია, საკუთარი მოსაზრება დონალდ ტრამპმაც გამოთქვა:

"ჰილარი კლინტონი ტელედებატების მიმდინარეობისას სასტიკად დავამარცხე. მიუხედავად იმისა რომ CNN-მა წარმატება ჩემს ოპონენტს მიულოცა და მის მიმართ ამერიკელთა 62 პროცენტიანი მხარდაჭერა დააფიქსირა, მე მაინც გამარჯვებული გახლავართ. გადახედეთ სხვა საინფორმაციო საშუალებებს. მათი უმეტესობა უპირატესობას მე მანიჭებს. რაც შეეხება CNN-ს, საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ის "დემოკრატიული პარტიის" "რუპორია" და ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად ყველა შესაძლო ღონეს მიმართავს".

ალბათ ნაცნობი სურათია, ანალოგიური რამ ქართული არჩევნების წინაც ხომ მუდმივად ხდება. ამა თუ იმ კანდიდატისა თუ პარტიის მხარდამჭერი მასმედიის საშუალებები საკუთარი "პროტეჟეს" მუდმივ "გაქაჩვას" ცდილობენ.

აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო ტელედებატებს ქართულ ინტერნეტსივრცეში აქტიურად გამოეხმაურნენ:

"ტრამპი რაში მაინტერესებს, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვუყურებდი დებატებს! რა დღეშია ამერიკა, ამათ გარდა, რომ ვერ მონახეს კანდიდატები"!

ერთ-ერთმა ჩვენმა თანამემამულემ კი ამ მოვლენას მცირე პოეტური ქმნილებაც მიუძღვნა:

"ტრამპს გაეფურჩქნა კლინტონი, გადახვეოდა მიშასა, ბარაკსაც გაჰღვიძებოდა და თავს უხრიდა ნიავსა".

ამ კუპლეტში "მიშაც" არის ნახსენები და ინტერნეტში ერთი გამონათქვამიც ამოვიკითხე:

"პოროშენკომ თუ იცის, სააკოვი პარაშენკოს რომ ეძახის"?

დროა "პოროშენკო - პარაშენკოზეც" გადავიდეთ. აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს უკრაინაში მოუთმენლად ელიან. რამდენიმე თვის წინ დონალდ ტრამპა ხომ ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ყირიმის დამოუკიდებლობას აღიარებს.

ორი დღის წინ ამერიკულ CNN-ს უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო ესაუბრა და აღნიშნა, რომ არ სჯერა, რომ დონალდ ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში დანაპირებს აასრულებს და ყირიმის დამოუკიდებლობას ოფიციალურად ცნობს.

"თუ დანაპირები მაინც შეასრულა, ეს ნაბიჯი მსოფლიო პოლიტიკაში არასასურველ ეფექტს გამოიწვევს", - განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.

"მიმოხილვის" პოლიტიკური ნაწილის შემდეგ ნება მომეცით შედარებით "ლაით" თემებზე გადავიდე.

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ვარსკვლავური წყვილის დაშორების შემდეგ კიდევ ერთი მსახიობური ოჯახი დაიშალა. ორი დღის წინ ცნობილი გახდა რომ 48 წლის ლივ შრაიბერმა და 47 წლის ნაომი უოტსმა განქორწინება გადაწყვიტეს. წყვილი სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა და ერთად თერთმეტი წელი იცხოვრა. მათ ორი ვაჟიშვილი ჰყავთ.

რაც შეეხება ქალბატონ ანჯელინასა და ბატონ ბრედს. გავრცელდა ცნობა, რომ მსახიობების გაყრის სასამართლო პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება. ბრედსა და ანჯელინას გადაწყვეტილი აქვთ რომ უძრავი ქონება ჯერ არ გაინაწილონ. საუბარი 400 მილიონ დოლარზეა. ამის გაკეთებას მომავალში როგორ აპირებენ, ჯერ უცნობია.

ანჯელინას შვილებზე სრული მეურვეობის აღება სურს. ბრედ პიტს შვილების მონახულების უფლება კვირაში მხოლოდ ერთხელ ექნება. რასაკვირველია, ამას მამაკაცი არ ეთანხმება და სასამართლოზე ბოლომდე ბრძოლას აპირებს.

ბრედ პიტით აშშ-ის ფედერალური გამოძიების სამსახურიც დაინტერესდა და შვილების ცემის გამო მის წინააღმდეგ სპეციალური გამოძიების დაწყებას აპირებს.

წერილის დასასრულ, ერთ ლეგენდარულ პიროვნებას შევეხები, რომელსაც 27 სექტემბერს 40 წელი შეუსრულდა. ლაპარაკია იტალიელ ფეხბურთელ ფრანჩესკო ტოტიზე მაქვს. აი, კაცი, საკუთარი საქმის უდიდესი პროფესიონალია და საყვარელი საქმიანობის გარდა სხვა არაფერი აინტერესებს, განსხვავებით ზოგიერთი ადამიანისა, დღემდე რომ ვერ გაგვიგია, მუსიკოსია, მსახიობი, ფსიქოლოგი თუ პოლიტიკოსი

ფრანჩესკოს დაბადების დღე თვით ლეო მესიმაც მიულოცა:

"გამარჯობა, ფრანჩესკო. გილოცავ დაბადების დღეს. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი შენით, თუმცა უფრო აღვფრთოვანდი მას შემდეგ, როცა პირადად შეგხვდი. დიდ პატივს გცემ"!

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)