"ტრამპის გაპრეზიდენტება პლანეტაზე ყველაზე მწუხარე დღე იქნება" - ამერიკული საარჩევნო კამპანია ლანძღვა-გინებით ქართულს ემსგავსება - კვირის პალიტრა

"ტრამპის გაპრეზიდენტება პლანეტაზე ყველაზე მწუხარე დღე იქნება" - ამერიკული საარჩევნო კამპანია ლანძღვა-გინებით ქართულს ემსგავსება

რობერტ დე ნირო: „ჰილარიმ დაიმსახურა, აშშ-ს პრეზიდენტობა“

მაიკლ ტაისონი: „მოდით, სიახლეებიც ვცადოთ, მოდით, ვმართოთ ამერიკა ისე როგორც ბიზნესს ვმართავთ, სადაც კანის ფერს არ აქვს მნიშვნელობა“

გაგიკვირდებათ და აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესი უფრო და უფრო ემსგავსება ქართულ საარჩვენო პროცესს. აქეთ კანდიდატები და მისი მხარდამჭერები ერთნეთს დაუზოგავად ლანძღავენ, იქით ფარული ჩანაწერებიც გამოჩნდა, რომელშიც ერთ-ერთი კანდიდატის დონალდ ტრამპის ქალებისდამი უარყოფითი დამოკიდებულება ჩანს... მეტიც, ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ ჰილსბოროში „რესპუბლიკური პარტიის“ შტაბს „მოლოტოვის კოქტეილიც“ კი ესროლეს და დაწვეს. მომხდარს სამართალდამცავები იძიებენ. ზარალი საკმაოდ დიდია. ამ ვანდალურ ფაქტში „რესპუბლიკელები“ „დემოკრატებს“ ადანაშაულებენ. ტრამპმა ჰილარის მხარდამჭერებს ცხოველები უწოდა. ერთ-ერთ გამოცემაში, როემლიც აშკარად დემოკრატებისადმი სიმპათიით არის განმსჭვალული ისიც კი დაიწერა, თითქოს „რესპუბლიკელებმა“ თავად დაწვეს საკუთარი ოფისი.

პერიოდულად იზრდება იმ ქალბატონთა რიცხვიც, ვინც რესპუბლიკელების წარმომადგენელს დონალდ ტრამპს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. 46 წლის კრისტინ ანდერსონმა Washington Post-თან საუბრისას განაცხადა, რომ 1990-იან წლებში, როცა ის მანჰეტენზე ერთ-ერთ კლუბში ოფიციანტად მუშაობდა, ტრამპი მასზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა.

„არ ვიცი ეს რატომ გააკეთა, ვფიქრობდი უნდოდა დაემტკიცებინა, რომ მსგავსი საქციელის გამო პასუხს ვერავინ მოთხოვდა. ამის შემდეგ ჩვენ არანაერი ურთიერთობა არ გვქონია, ერთმანეთს არც კი ვუყურებდით“

მსგავსი ბრალდეით გამოვიდა  სამერ ზერვოსიც. როგორც აღმოჩნდა, ზერვოსი იმ შოუში მონაწილეობდა, რომლის წამყვანიც ტრამპი იყო. როგორც ქალბატონი ამბობს, ტრამპმა ის სასტუმრო Beverly Hills-ში გასაუბრებაზე მიიპატიჟა, მან ქალს კოცნა დაუწყო და ცდილობდა ინტიმური ურთიერთობა დაემყარებინა.

ბოლო პერიოდში მსგავსი ბრალდებებით ბევრი ქალი გამოვიდა ტრამპის წინააღმდეგ. თუმცა, „რესპუბლიკელების“ ფალავანმა განაცხადა, რომ ყველა ბრალდება სიცრუე და ცილისწამებაა, ეს ყველაფერი კი „კლინტონების და მისი მომხრეების“ მოწყობილია. (წყარო)

„არ ვიცნობ ამ ხალხს. მათ არ ჰყავთ მოწმეები ეს ბრალდებები რომ დაადასტურონ“, ხოლო ტრამპის პრეს-მდივნის ჰოუპ ჰიკსის განცხადებით:

„ამ ხერხით ქალები ცდილობენ პოპულარობა მოიპოვონ“.

სექსუალურ ძალადობაში არა, მაგრამ ტრამპმა ჰილარი კლინტონს დოპინგის მიღებაში დასდო ბრალი. როგორც „რესპუბლიკელმა“ ბიზნესმენმა განაცხადა, ჰილარი ბოლო დებატებისას ძალიან ენერგიული იყო, ეს კი დოპინგმა გამოიწვია, ხოლო დებატების შემდეგ ძალა გამოეცალა და მანქანამდეც ძვლივს მიაღწია.

„სპორტსმენებს აიძულებენ დოპინგზე შემოწმება გაიარონ, ჩვენც უნდა გავიაროთ ეს შემოწმება დებატების დაწყებამდე“ - განაცხადა ტრამპმა. საინტერესოა ისიც, რომ დებატებისას ტრამპი თავს იცავდა, რადგან მას 2005 წელს გაკეთებული ჩანაწერი გამოუქვეყნეს, სადაც უშვერი სიტყვებით აკნინებდა ქალბატონების როლს საზოგადოებაში. ტრამპი ცდილობდა საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება შეესუსტებინა და ჰილარის ბილ კლინტონის სექსუალური ძალადობის ისტორიები საჯაროდ გაახსენა. მან ისიც აღნიშნა, რომ ჰილარი დაზარალებულ ქალებს სასტიკად ექცეოდა. ჰილარიმ თავის მართლება არ დაიწყო, მხოლოდ მიშელ ობამას ციტატა გაიმეორა: „როცა სხვები უღირსად იქცევიან, დადექი მათზე მაღლა“. (წყარო)

ამ და კიდევ უამრავმა ფაქტმა კი საზოგადოება ტრამპის მიმართ უარყოფითად განაწყო. ჰოლივუდის ვარსკვლავები ხშირად ხუმრობენ, რომ ტრამპი თუ ამერიკის პრეზიდენტი გახდება, ამერიკას დატოვებენ. ტომ ჰენკსმა ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტთან განაცხადა, რომ "ტრამპის გაპრეზიდენტება  მთელ პლანეტაზე ყველაზე მწუხარე დღე იქნება". ჰილარის მხარს უჭერენ ოსკაროსანი ლეონარდო დი კაპრიო და მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი. ჰილარის მხარდასაჭერად საზოგადოებას სიტყვით მიმართა ლეგენდარულმა მსახიობმა მერილ სტრიპმაც.

„ჰილარიმ დაიმსახურა, აშშ-ს პრეზიდენტობა“, - განაცხდა რობერტ დე ნირომ.

„მოდით სიახლეებიც ვცადოთ, მოდით ვმართოთ ამერიკა ისე როგორც ბიზნესს ვმართავთ, სადაც კანის ფერს არ აქვს მნიშვნელობა“ - - განაცხადა მოკრივე მაიკლ ტაისონმა, რომელიც ტრამპის მხარდამჭერია.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა სურვილი გამოთქვა, გამარჯვების შემთხვევაში ინაუგურაციამდე პუტინს შეხვდეს და მოაგვაროს რუსეთსა და აშშ-ს შორის დაძაბული მდგომარეობა.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ