იბრძვიან საქართველოს მოქალაქეები მოსულისთვის ISIS-ის რიგებში?! - შტურმი ქალაქზე, რომელიც 2014 წელს თარხან ბათირაშვილმა აიღო - კვირის პალიტრა

იბრძვიან საქართველოს მოქალაქეები მოსულისთვის ISIS-ის რიგებში?! - შტურმი ქალაქზე, რომელიც 2014 წელს თარხან ბათირაშვილმა აიღო

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულის 2014 წლის ზაფხულიდან ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს. აქამდე ქალაქის გასათავისუფლებლად ადგილობრივი სამთავრობო ძალების ნებისმიერი ძალისხმება უშედეგოდ რჩებოდა.

2016 წლის 17 ოქტომბერს ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქურთებისა და საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით ქალაქ მოსულის გათავისუფლების სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს.

ვინ არის ჩართული საბრძოლო მოქმედებებში?

ქალაქის გათავისუფლების ოპერაციაში ერაყის სამთავრობო ჯარების 30 000 ჯარისკაცი მონაწილეობს.

ასევე დაახლოებით 4000 ქურთი მებრძოლი ცდილობს შეაღწიოს მოსულის აღმოსავლეთ მდებარე სოფლებში, რითაც ჯარს გადაადგილების საშუალებას მისცემენ.

ასევე მობილიზებულია აშშ-ის სპეციალური ოპერაციების პერსონალი და უახლოეს დღეებში შესაძლებელია საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთოს ერაყის ანტიტერორისტული ძალები.

ქალაქის გათავისუფლების ოპერაციაში ხელმძღვანელი პოზიცია ერაყის არმიას უკავია.

მოსულს "ისლამური სახელმწიფოს" 4000-8000 ათასამდე მებრძოლი იცავს.

რატომ არის მოსული ასეთი მნიშვნელოვანი?

ნავთობით მდიდარი მოსული ერაყში სიდიდით მეორე ქალაქია, რომელსაც "ისლამური სახელმწიფო" 2014 წლის ივნისიდან აკონტროლებს.

მოსული "ხალიფატის" ჩამოყალიბებამდე  ერაყში ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვან ქალაქად მიიჩნეოდა, სადაც ერთად ცხოვრობდნენ: სუნიტი არაბები, ქურთები, ასირიელები და თურქმენები, ასევე სხვა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებიც.

გაერო-ს ინფორმაციით,  სამხედრო თავდასხმებს ქალაქ მოსულიდან სირიასა და თურქეთში 100 000-ზე მეტი ერაყელი მოქალაქე გაექცა.

აშშ - ში ვარაუდობენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები, მოსულში საბრძოლო მოქმედების დროს მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად გამოიყენებენ.

ნინო ბურჭულაძე, გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი:

- მოსული "ისლამური სახელმწიფოსთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია.  2014 წლის 10 ივნისს სწორედ მოსულის აღებით დაიწყო "ისლამური სახელმწიფოს" საბრძოლო მარში სირიის კონფლიქტში. ეს იყო მათი ერთგვარი განაცხადი, რომ სირიის სამხედრო დაპირისპირების ავანსცენაზე კიდევ ერთი მოთამაშე გაჩნდა. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, რომ მოსული თავის დროზე თარხან ბათირაშვილმა, იგივე აბუ ომარ ალ შიშანმა აიღო, რომელიც ამ ზაფხულს დაიღუპა. სავარაუდოდ, ამ წარმატებული სამხედრო ოპერაციის შედეგმა გადაწყვიტა მისი უკვე "ხალიფატის" სამხედრო მინისტრად დანიშვნა. გარდა ამისა, 2014 წლის 29 ივნისს მოსულის ან ნურის მეჩეთიდან აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა მსოფლიო მუსულმანებს მიმართა და "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე სირიასა და ერაყში "ხალიფატი" გამოაცხადა. საინტერესოა, რომ მოსული ტყუილად არ იყო შერჩეული. თავის დროზე სალადინმა სწორედ ან ნურის მეჩეთიდან მოუწოდა მუსულმანებს იერუსალიმის გათავისუფლებისკენ. ამიტომ ცხადია მოჯაჰედები ქალაქის შენარჩუნებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ...

- მოსულიში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში თუ იბრძვიან საქართველოს მოქალაქეები?

- როგორც ვიცი, ჩვენი თანამოქალაქეები ძირითადად რაყაში იმყოფებიან. თუმცა არ არის გამორიცხული მოსულის დასაცავად გარკვეული გადაჯგუფებები მომხდარიყო და მათი რაღაც ნაწილი ამჟამად მოსულშიც იყოს... ჩვენი ინფორმაციით, ზოგადად "ხალიფატის" რიგებში 20-23 საქართველოს მოქალაქე იბრძვის.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)