ბარაკ ობამა: "რუსეთმა საქართველოში გაყინული კონფლიქტი შექმნა" - კვირის პალიტრა

ბარაკ ობამა: "რუსეთმა საქართველოში გაყინული კონფლიქტი შექმნა"

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას შეფასებით, რუსეთმა საქართველოში გაყინული კონფლიქტი შექმნა. ამის შესახებ ობამამ იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რა დროსაც ჟურნალისტმა ჰკითხა მას, რამდენად ეთანხმება დონალდ ტრამპის მტკიცებას, რომ აშშ რუსეთის პრეზიდენტს საკმარისად არ სცემს პატივს.

„როდესაც პრეზიდენტი გავხდი, რუსეთი, წინა ადმინისტრაციის დროს, უკვე იყო შეჭრილი საქართველოს ტერიტორიაზე და იქ გაყინული კონფლიქტი ჰქონდა შექმნილი. მაშინ რუსეთში ახალი პრეზიდენტი იყო და შევეცადეთ, ამერიკულ-რუსული ურთიერთობებისთვის უფრო კონსტრუქციული გზა გამოგვენახა. ვფიქრობ, რომ რუსეთს საკმარისი პატივისცემა დავანახეთ, უზარმაზარ სხვაობებსა და განსხვავებულ ფასეულობებს ვაღიარებდით და ამასთანავე, ვცდილობდით ერთობლივი თანამშრომლობისთვის გზების გამონახვას“, - განაცხადა ობამამ.

მისი მოსაზრებით, აშშ-სთვის გამოწვევა რუსეთის აგრესიულობა გახდა მსოფლიოს კონკრეტულ რეგიონებში. ამის მაგალითად, ობამამ მოიყვანა უკრაინა, სადაც, მისი თქმით, რუსეთი მოქმედებს იგივე გზით, როგორც მოქმედებდა საქართველოში.

"ინტერპრესნიუსი"