„შეწყვიტეთ ალეპოში ბავშვების დაბომბვა“ - როგორ დახვდნენ პუტინს გერმანიაში - კვირის პალიტრა

„შეწყვიტეთ ალეპოში ბავშვების დაბომბვა“ - როგორ დახვდნენ პუტინს გერმანიაში

ბერლინში „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. ვლადიმერ პუტინის ბერლინში ჩასვლა ადგილობრივმა აქტივისტებმა „დასისხლიანებული“ სათამაშოებით გააპროტესტეს. მათ რაიხსტაგთან წითელი საღებავით შეღებილი დათვები მიიტანეს, რაც, მათი განმარტებით, სირიაში დაღუპული ბავშვების სიმბოლური გამოხატულებაა. მათ თან ჰქონდათ ლოზუნგები: „შეწყვიტეთ ალეპოში ბავშვების დაბომბვა“.

როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ბერლინში გამართულ შეხვედრაზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები ფრანსუა ოლანდი და პეტრო პოროშენკო, ასევე რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ნოემბრის ბოლომდე უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის დასარეგულირებლად, საგზაო რუკა შემუშავდება.

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ინფორმაციით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტის ზონაში ეუთო-ს შეიარაღებული საპოლიციო მისია დაიწყებს მონიტორინგს.

პოროშენკომ აღნიშნა, რომ პრორუსული სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება უცხოური ჯარების სრული გაყვანის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„დოიჩე ველე“-ს ცნობით, საგზაო რუკის შემუშავების შემდეგ, დოკუმენტს გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები მოაწერენ ხელს.

"ინტერპრესნიუსი"