იუშჩენკომ დაგვიბარა, ჩემი ნათლიმამის ფასს მალე გაიგებთო... სჯობს უკრაინელებმა იფრთხილოთ, მიშას ფასი ძალიან ძვირი არ დაგიჯდეთ! - კვირის პალიტრა

იუშჩენკომ დაგვიბარა, ჩემი ნათლიმამის ფასს მალე გაიგებთო... სჯობს უკრაინელებმა იფრთხილოთ, მიშას ფასი ძალიან ძვირი არ დაგიჯდეთ!

მიმდინარე წლის რვა ნოემბერს აშშ-ში ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ოკეანისგაღმა პოლიტიკურმა "დუღილის ტემპერატურამ" უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. დღე არ გავა ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა ერთმანეთს "ახალ-ახალი" ბრალდებები არ წამოუყენონ. ამ "კამპანიაში" საპრეზიდენტო კანდიდატების თაყვანისმცემლებიც აქტიურად არიან ჩაბმულნი და მომავალი ამერიკული არჩევნები იაფფასიანი "ყვითელი" მასმედიის "ჭორ-ინფორმაციების" გავრცელების არეალად გადაიქცა

ქალებისგან "შერცხვენილმა" დონალდ ტრამპმა თავი კიდევ ერთხელ "გამოიჩინა" და ჰილარი კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომით "შეგვაშინა". აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი "Reuters"-ის ჟურნალისტს ესაუბრა.

"მაქვს შიში, რომ ჰილარი კლინტონის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დავდგებით. საშიშროება სირიის გაჭიანურებულ კონფლიქტში უნდა ვეძიოთ. მომხრე ვარ, რომ ტერორისტული "ისლამური სახელმწიფო" პირწმინდად დავამარცხოთ და მის არსებობას საბოლოო წერტილი დავუსვათ. კლინტონს უპირველეს რიგში პოლიტიკური ასპარეზიდან სირიის ამჟამინდელი მმართველი ბაშირ ასადის პოლიტიკური სარბიელიდან გაქრობა სურს. ამ ქალბატონს არ ესმის რომ მსოფლიოსთვის უმთავრეს საფრთხეს "ისლამური რესპუბლიკა" წარმოადგენს და არა ბაშირ ასადი. ასადს მხარს რუსეთი უჭერს. კლინტონის სავარაუდო გეგმის განხორციელების შემთხვევაში პუტინთან და მის ქვეყანასთან სერიოზული დაპირისპირება მოგველის, რაც მსოფლიოში მშვიდობის საქმეს უკან დაწევს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

წინა კვირას დონალდ ტრამპი თანამემამულე პორნოვარსკვლავმა ჯესიკა დრეიკმა სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულა. რასაკვირველია, მილიარდერმა თავი დაიცვა. რამდენიმე დღის წინ ტრამპის წინააღმდეგ უკვე პოპულარულმა მსახიობმა სელმა ჰაიეკმა გაილაშქრა. მექსიკური ფესვების მქონე ლამაზმანმა ტრამპს 2006 წელი გაახსენა და "ერთი ღამის გატარებაში ათი ათასს დოლარს მთავაზობდაო", - განაცხადა. საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰაიეკის "ინფორმაციას" ბოდვა და მონაჩმახი უწოდა.

"ბოდვა და მონაჩმახი" გასაგებია, მაგრამ ბოლო თვის განმავლობაში მისტერ დონალდის სახელი ჭუჭყში უკვე თერთმეტმა ქალბატონმა გასვარა. ალბათ შთამბეჭდავი ციფრია და მეეჭვება ქალების ამ რაოდენობას ჰალუცინაციები ან ტრამპის მიმართ პირადი ანგარიშსწორება აწუხებდეთ.

"ანტიდონალდისეულმა" კამპანიამ ტრამპის ქალიშვილი ივანკას ბიზნესიც დააზარალა. გამოცემა "Daily Mail"-ის მტკიცებით, აშშ-ის სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობა (ძირითადად "სუსტი სქესის" წარმომადგენლებში) მოიპოვა ივანკა ტრამპის ფირმის მიერ წარმოებული ბრენდის, "Ivanka Trump" ბოიკოტირების თემამ. ამ "აქციაში" უკვე რამდენიმე ათასი ქალბატონია ჩართული და მილიარდერის ქალიშვილის წარმოებულ ტანსაცმელსა თუ პარფიუმერიას ახლოსაც აღარ ეკარებიან.

რამდენიმე დღის წინ ტრამპს სოლიდარობა კინომსახიობმა ჟან-კლოდ ვან დამმა გამოუცხადა. წარმოშობით ბელგიელმა ჟან-კლოდმა ჰილარი კლინტონი მიწასთან გაასწორა. "ამერიკას ძლიერი და საქმიანი ხელი სჭირდება. მის სათავეში დიდი ნებისყოფის მამაკაცი უნდა იდგეს და არა ქალი, რომელიც კაციშვილმა არ იცის მომავალში რას მოიმოქმედებს და ქვეყანას რა გზით წაიყვანს", - განაცხადა ბატონმა ვან დამმა. არ დაგავიწყდეთ ტრამპს მხარს მოკრივე მაიკლ ტაისონიც უჭერს, მოკლედ, კუნთების თამაშის სიყვარულს რას გაუგებ კაცი...

ქალებთან "ბრძოლისა" და ყოველდღიური თავის მართლების მიუხედავად ტრამპმა სერიოზული თემებისთვისაც "მოიცალა" და ამერიკულ საზოგადოებას ამცნო, გამარჯვების შემთხვევაში თავდაპირველად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს.

უპირველესად ქვეყნიდან ორ მილიონამდე არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ დამნაშავეს გააძევებს. ამის შემდეგ "აშვებულ" მასმედიას ნაწილობრივ კონტროლს დაუწესებს და მის საქმიანობას სპეციალურად ჩამოყალიბებული ცენზორთა ჯგუფები გააკონტროლებს. ამის შემდეგ მაო-ძე-დუნის თანამემამულეებს მისდგება და აშშ-ში ჩინეთის მოქალაქეების ხელში არსებულ საწარმოებსა თუ კომპანიებს მკაცრად შეამოწმებს.

27 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აშშ-ში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში არ ერევა.

ამის გარდა ბატონმა ვლადიმირმა კიდევ ერთხელ "გაიმეორა", რომ მისი ქვეყანა აგრესორის ჭრილში არავინ უნდა განიხილოს. ბოლო განცხადება ალბათ ნატო - ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მიმართ გახლდათ განკუთვნილი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ეს სამხედრო ალიანსი მომავალ წელს აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიის ქვეყნებში დამატებით ოთხი ათასს ჯარისკაცს განათავსებს. ორი დღის წინ ბატონმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს ეს ნაბიჯი მომავალში მოსალოდნელი პოლიტიკური გართულებების თავიდან აცილებას ემსახურება. აქვე გენერალურმა მდივანმა ისიც დასძინა, რომ ნატო რუსეთს კვლავ ერთგულ მეკავშირედ მიიჩნევს და მის საერთაშორისო იზოლაციას არ აპირებს.

ამასობაში უკრაინის ყოფილი პირველი პირი ვიქტორ იუშენკო ბათუმს ეწვია და როგორ იქნებოდა სააკაშვილი არ ეხსენებინა. ჰოდა, იმანაც, ფაქტობრივად, გვითხრა, მიშას მიღწევების ფასს მალე გაიგებთო... გვეყოფა, ბატონო ვიქტორ, რაც გავიგეთ, ჩვენთვის საკმარისია, სჯობს უკრაინელებმა იფრთხილოთ, ეგ ფასი ძალიან ძვირად არ დაგიჯდეთ!

(იხილეთ: " საქართველო თავად გაერკვევა იმ მიღწევებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა" - რატომ ჩამოვიდა იუშჩენკო?)

ასეა ამბები. როდესაც მსოფლიო "ზანზარებს", სირიაში სკოლის შენობები იბომბება, აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატები ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან გადაკიდებულები, ევროპაში ლამის სამხედრო დაპირისპირება გაჩაღდეს, უკრაინაში სისხლი კვლავ იღვრება, ზოგიერთები კი დროსტარებას ძველებურად არ იკლებენ.

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)