"ხანგოშვილის გარდა, სავარაუდოდ "ხალიფატის" რიგებში მებრძოლი საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა" - კვირის პალიტრა

"ხანგოშვილის გარდა, სავარაუდოდ "ხალიფატის" რიგებში მებრძოლი საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა"

რამდენიმე დღის წინ, ერაყში საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი მუჰმად ხანგოშვილი დაიღუპა.

22 წლის ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრია. ის "ისლამური სახელმწიფოს" წევრი და დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის, დაღუპულ თარხან ბათირაშვილის პირადი მცველი იყო.

როგორც ცნობილია, 2016 წლის 17 ოქტომბერს ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქურთებისა და საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით ქალაქ მოსულის გათავისუფლების სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს. kvirispalitra.ge ცოტა ხნის წინ წერდა, რომ ქალაქ მოსულის დასაცავად "ხალიფატის" რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ყოფნა არ დასტურდებოდა, თუმცა დაღუპული მუჰმად ხანგოშვილი მოსულში ავიაიერიშს ემსხვერპლა.

ნინო ბურჭულაძე, გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი:

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დაღუპულს "ხალიფატში" მუჰმად გიშკაევის გვარით იცნობდნენ. სირიაში საომრად ე.წ. პირველი ტალღის დროს, 2013 წელს წავიდა. მოგეხსენებათ, პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების მასშტაბური გადინება სწორედ ამ პერიოდში დაიწყო. "ხალიფატის" გამოცხადებამდე ხანგოშვილი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ თარხან ბათირაშვილის დაჯგუფებაში იბრძოდა, მისი პირადი დაცვის წევრი იყო. სხვათაშორის მინდა გითხრათ, რომ ცოტა ხნის წინ, დაღუპული ხალიფატის ე.წ. ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ადამ გუმაშვილის შვილი - სულთან გუმაშვილი და მუჰმად გიშკაევი აბუ ომარ ალ შიშანის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენდნენ და "ჟღალი გენერალი" მათ გვერდიდან არ იშორებდა.

ჩემი ინფორმაციით, მუჰმად ხანგოშვილი დაიღუპა მოსულში, ავიაიერიშის დროს. გარდა ამისა, ასევე ვიცით, რომ დაღუპულია საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე, რომელთა ამოცნობაც ამ ეტაპზე სამწუხაროდ ცხედრების დაზიანების გამო ვერ ხერხდება. თუმცა ალბათ მოგვიანებით მათი ვინაობაც გახდება ცნობილი. მომხდარი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ვარაუდი მართლდება და თანამოქალაქეების გარკვეული ნაწილი, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდნენ, ამჟამად მოსულიში არიან.

- ბოლო დროს, ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ პანკისის ხეობაში ხალიფატის იდეების პროპაგანდა მომძლავრდა, ეს რამდენად რეალურია?

- ნამდვილად არ ვიცი საიდან ფლობენ ექსპერტები ამგვარ ინფორმაციას. ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ ყველა ინფორმაცია გასაჯაროვებამდე სავარაუდოდ კარგად უნდა გადამოწმდეს.. ჩემის მხრივ მინდა დარწმუნებით გითხრათ, "ხალიფატის" იდეების პროპაგანდას პანკისში ამ ეტაპზე ადგილი არ აქვს, სირიაში მიმდინარე პროცესების ფონზე "ხალიფატმა" დიდი ხანია დაკარგა მხარდამჭერები ხეობაში, ამჟამად სულ ათიოდე მიმდევარი ჰყავს, მეტიც - ზაფხულში თარხან ბათირაშვილის სიკვდილის შემდეგ "ისლამური სახელმწიფოს" გავლენა ფაქტობრივად ნულამდე დავიდა, ამას თან ერთვის ე.წ. ზომიერი სალაფიზმის ( ვაჰაბიზმის) მომძლავრება და სახელმწიფოს მიერ გატარებული მთელი რიგი ღონისძიებები - მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის წახალისება ბიზნესის მხარდაჭერით, საზოგადოებაში ახალგაზრდების მეტი ინტეგრაციისთვის დაფინანსებული მრავალი პროექტი, რომლებიც დღესაც ხორციელდება ხეობაში და ა.შ. თუ გადავხედავთ 2013- 2016 წლებში ახალგაზრდების "ჯიჰადში" გადინების დინამიკას (2016 წელს სირიაში წასვლის ფაქტი საერთოდ არ დაფიქსირებულა), ჩანს, რომ სპეცსამსახურების საქმიანობა ამ მიმართულებით ეფექტურია, რა თქმა უნდა, ჯერ ჯერობით. გარდა ამისა, თავად ახალგაზრდების დამოკიდებულებაც შეიცვალა " ხალიფატური" ჯიჰადის მიმართ და დღეს აღარავის სურს უცხო მიწაზე სხვის ომში საზარბაზნე ხორცად იქცეს...

- ამ ეტაპზე საქართველოს რამდენი მოქალაქე იბრძვის "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში?

- დაუზუსტებელი ინფორმაციით, დღესდღეობით სირიის ფრონტებზე საქართველოს 21-23 მოქალაქე იბრძვის, მათი უმრავლესობა "ხალიფატის" რიგებშია. სამწუხაროდ არ გვაქვს მეტი ინფორმაცია, საქართველოს რამდენი მოქალაქეა მოსულში და რამდენი "ხალიფატის" "დედაქალაქ" რაყაში, რომელიც შიგადაშიგ უკვე იბომბება და მოსულის აღების შედეგ მისი გათავისუფლების ჯერიც დგება.

იხილეთ ასევე: იბრძვიან საქართველოს მოქალაქეები მოსულისთვის ISIS-ის რიგებში?! - შტურმი ქალაქზე, რომელიც 2014 წელს თარხან ბათირაშვილმა აიღო

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)