შეცვლილი, შეცვლილი, შეცვლილი მსოფლიო! - კვირის პალიტრა

შეცვლილი, შეცვლილი, შეცვლილი მსოფლიო!

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი როგორც ამერიკელი, ასევე საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. რამ განაპირობა დონალდ ტრამპის გამარჯვება და რა ცვლილებებია მოსალოდნელი როგორც ქვეყანაში, ასევე მის გარეთ?

"რუსეთის პოლიტელიტამ ლამის ზეიმი გამართა, თუმცა..."

ირაკლი მენაღარიშვილი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი: - დასკვნების გაკეთება არ უნდა ვიჩქაროთ. მხოლოდ წინასაარჩევნო რიტორიკით ვერ ვიმსჯელებთ. დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტის გუნდში, რა პრიორიტეტებს აირჩევს ის პირველი ნაბიჯებისთვის და ა.შ. ჯერჯერობით ბევრი რამ გარკვეული არ არის და რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, უმეტესად ვარაუდებია.

- ვარაუდობთ, რომ ტრამპი წინასაარჩევნო რიტორიკის მძევალი არ გახდება და როგორც ევროკავშირთან, ასევე სხვა პარტნიორებთან რაციონალურ ურთიერთობას შეინარჩუნებს?

- ეს ერთ-ერთი ვერსიაა, რასაც უამრავი ფაქტორი განაპირობებს. აშშ-ის პრეზიდენტი ყოვლისშემძლე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი რესურსების, ძალის და გავლენის მქონე ფიგურაა. ნუ დაგვავიწყდება, რომ აშშ-ის დემოკრატია სწორედ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების ბალანსზე დგას და ამიტომაც მისი პოლიტიკის საბოლოო შედეგი ამ ინსტიტუტების ურთიერთქმედების პროდუქტია. შესაბამისად, ბევრ რამეს განსაზღვრავს ის, თუ რამდენად დაუჭერენ მხარს კონგრესი, სასამართლო სისტემა, ცალკეული შტატები (უამრავი საკითხი სწორედ შტატების დონეზე წყდება). ამასთან, არსებობს ობიექტური რეალობა, რომლის უგულებელყოფას, შესაძლოა, კატასტროფული შედეგიც კი მოჰყვეს.

ამგვარი საკითხი კი უამრავია: ძალების გადანაწილება მსოფლიოში, მშვიდობის და ომის პრობლემები, რუსეთის და ახლო აღმოსავლეთის თემები, ჩრდილოეთ კორეის პრობლემა, ჩინეთთან კონკურენცია და ა.შ. ცხადია, ყველაფერი ისე სწრაფად ვერ შეიცვლება, როგორც ტრამპის წინასაარჩევნო რიტორიკის დროს გვესმოდა.

- ცვლილებები მაინც ხომ იქნება?

- ალბათ გაძლიერდება იზოლაციონისტური ტენდენციები აშშ-ის პოლიტიკაში. ტრამპს არაერთხელ განუცხადებია, რომ მისთვის მთავარია ამერიკა და ამერიკელი ხალხის ინტერესები და ამის შემდგომ დანარჩენი მსოფლიო და პარტნიორები.

ისიც კი თქვა, რომ აშშ დახმარებას მხოლოდ ნატოს წევრ იმ სახელმწიფოებს გაუწევს, რომლებიც თავდაცვის სისტემის დაფინანსების ვალდებულებას ასრულებენ. დიახაც, ამერიკა ალიანსის თავდაცვის ხარჯებისთვის ლომის წილს გაიღებს, ეს კი ალიანსში კამათის საგანი ყოველთვის არის.

არ არის გამორიცხული, ტრამპმა რუსეთს დიალოგის ახალი ფორმატი შესთავაზოს და ამით დროებით მოხსნას, შეანელოს დაპირისპირება.

შეიძლება შეიცვალოს აშშ-ის დამოკიდებულება ისეთი გლობალური საკითხის მიმართ, როგორიცაა მსოფლიო ვაჭრობა... ასე რომ, როცა მოდის ისეთი ფიგურა, როგორიც ტრამპია, ამერიკის პოლიტიკა უცვლელი ვერ იქნება. სწორედ ამიტომ, ამერიკელი ხალხის არჩევანთან დაკავშირებით, ევროპის ლიდერების რეაქცია სხვადასხვაგვარი იყო.

პრეზიდენტმა ოლანდმა ემოციური განცხადება გააკეთა, რომ ევროპის და ამერიკის ურთიერთობაში გაურკვევლობის პერიოდი იწყება, ბრიტანეთის პრემიერი და გერმანიის კანცლერი ამ ამბავს ოპტიმისტურად და პრაგმატულად შეხვდნენ.

ტრამპის არჩევა უკანასკნელი დროის ერთადერთი სიურპრიზი არ ყოფილა. ჯერ იყო Brexit-ი (ბრიტანელებმა ევროკავშირის დატოვებას მხარი დაუჭირეს) და შემდეგ ტრამპის გამარჯვება. ფაქტობრივად, ამ ორი მნიშვნელოვანი სახელმწიფოს საზოგადოებებმა ცვლილებებისკენ სწრაფვა გამოხატეს. ბრიტანეთის საზოგადოებამ ევროპული ინტეგრაციის პროცესს შეაქცია ზურგი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კი ლიბერალური ფრთა დამარცხდა.

- ბევრი ელის, რომ ბრიტანეთში ჯონსონი გაიმარჯვებს, საფრანგეთში - ლე პენი და მსოფლიოში პროცესები სხვაგვარად წარიმართება.

- ეს მოლოდინი კი არა, შიშია... ქალბატონი მარინ ლე პენი ერთ-ერთი პირველი მიესალმა ტრამპის არჩევას, ხოლო ბატონმა ნაიჯელ ფარაჯმა, ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის ყოფილმა ლიდერმა, განაცხადა, რომ ამერიკელი ხალხის არჩევანის გამო უბედნიერესია. რას ვიზამთ, ზოგიერთმა ტრამპის არჩევაში საკუთარი ოცნებების (ზოგჯერ არარეალისტურისაც კი) ასრულების შანსი დაინახა.

რუსეთის პოლიტელიტამაც ლამის ზეიმი გამართა... თუმცა, ყველაფერი წინ არის, დავინახავთ, ვინ მოიგებს და ვინ წააგებს.

- და მაინც, ტრამპის ლოიალური დამოკიდებულება პუტინისადმი რუსეთისგან პროვოკაციების რისკს ხომ არ გაზრდის?

- გაიხსენეთ ბუშის მიერ პუტინისთვის თვალებში ჩახედვის ისტორია, ობამას "გადატვირთვის" პოლიტიკა. უკანასკნელი ათწლეულების ყველა ამერიკელი ლიდერი რუსეთთან ურთიერთობას დათბობის ცდით იწყებდა. ასე რომ, ტრამპის მცდელობასაც განსაკუთრებული შედეგი არ ექნება. კი ბატონო, დიალოგს დაიწყებს, მაგრამ შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოიქცევა თავად რუსეთი. რუსეთმა ბუშის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა სწორედ თავისი ნაბიჯებით გააფუჭა, ობამას დროინდელი "გადატვირთვის პოლიტიკა" კი რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციებით დასრულდა.

გასაგებია რუსეთის ოცნება, აშშ-მა ხელი აიღოს უკრაინასა და კავკასიაზე, უარი თქვას ბალტიის ქვეყნების დაცვაზე და ა.შ., მაგრამ ეს მხოლოდ სურვილებია...

- რა გავლენას იქონიებს ამერიკული არჩევნების შედეგები საქართველოზე?

- საქართველოს საგარეო კურსი და მისი ევროატლანტიკური არჩევანი უცვლელი დარჩება. ჩვენი ამოცანაა სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს ახალ ადმინისტრაციასთან ვითანამშრომლოთ და კომუნიკაციის ეფექტიანი გზები მოვძებნოთ.

"ნუ დაგვავიწყდება, რომ ტრამპი ბიზნესმენია"

კახა გოგოლაშვილი, ექსპერტი: - ტრამპის მიერ პუტინის დადებითად დახასიათებამ მოლოდინი გააჩინა, რომ ისინი, შესაძლოა, ზოგიერთ საკითხზე შეთანხმდნენ. არ არის გამორიცხული, სირიის საკიYთხში დათმობაზე წავიდნენ. რუსეთის მიზანია, ასადი ხელისუფლებაში დატოვოს, რასაც აშშ ეწინააღმდეგებოდა, ტრამპი კი, შესაძლოა, ამას დათანხმდეს, ვნახოთ, კონგრესი თუ დაუჭერს მხარს... შესაძლოა, სირია ზონებად დაიყოს, რომელთაგან ერთ-ერთს აჯანყებულები გააკონტროლებენ, მეორეს - ასადი. აშშ-მა, შესაძლოა, რუსეთთან "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების მიზნით ითანამშრომლოს...

აშშ-ის ეკონომიკური ჰეგემონიაც შეირყა, ახლა მისი ძლიერი კონკურენტია ჩინეთი... ალბათ, ტრამპი სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფას არ დაუშვებს. არ გამოვრიცხავ, რომ დროებით შეფერხდეს პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ველოდებით. შესაძლოა, ერთხანს უკანა პლანზე გადაიწიოს აშშ-ის ჩართულობამ და დახმარებამ ნატოსა და ევროკავშირისკენ ჩვენს სვლაში... ალბათ, უფრო პრიორიტეტული მისთვის "ისლამურ საფრთხესთან" ბრძოლა გახდება. ცხადია, რუსეთის ნებისმიერი პროვოკაცია იქნება საბაბი, რომ აშშ-მა დაიცვას საკუთარი ინტერესები კავკასიაში... სხვათა შორის, ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი უკვე ამბობს, რომ რუსეთიდან უფრო მეტად უნდა ველოდოთ პროვოკაციებს. თუმცა, თუკი ასეთი რამ იქნება, ის რუსეთისვე საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ტრამპი ბიზნესმენია და საკუთარი სტრატეგია აქვს. მან ის პროდუქტი შესთავაზა ამომრჩეველს, რაც უკეთ "გაიყიდა", თუმცა, თუ დაინახა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სასურველი შედეგის მიღების ნაკლები ალბათობა აქვს, ტაქტიკას შეცვლის.

მისთვის მთავარი სასურველი შედეგი ამომრჩეველთა ნდობის მოპოვებაა, რადგან არჩევნებში ამომრჩეველთა ნახევარმაც კი არ დაუჭირა მხარი და მისი გაპრეზიდენტება უფრო ამერიკული სისტემის დამსახურებაა. ამიტომ ის, როგორც პოპულისტი ფიგურა, რეიტინგის გაზრდაზე იმუშავებს, ამერიკის სახელმწიფო ინტერესებს კი არაფრის სანაცვლოდ არ დათმობს.

მელანია ტრამპი - თეთრი სახლის პირველი ევროპელი ლედი

დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ აშშ-ის პირველი ლედი გახდა სლოვენიელი 46 წლის მელანია ტრამპი, რომელიც თეთრი სახლის პირველი ევროპელი დიასახლისია.

მელანიამ და დონალდ ტრამპმა ერთმანეთი ნიუ-იორკში მოდის საღამოზე გაიცნეს. ტრამპისა და მელანიას კავშირის შესახებ ცნობილი გახდა 1999 წელს - მილიარდერი რადიოშოუში "მისი ცხოვრების სიყვარულის" შესახებ გამოუტყდა მსმენელს. ამის შემდეგ უკვე ცნობილი მოდელი მელანია ბრიტანული GQ-ის გარეკანისთვის შიშვლად გადასაღებად მიიწვიეს... მალე მელანია ტრამპის მესამე ცოლი გახდა, მათ ქორწილში გახლდათ ჰილარი კლინტონიც. მელანიამ ტრამპს მეხუთე შვილი გაუჩინა. 2010 წლის თებერვალში მელანიამ საკუთარი დიზაინის საკოლექციო საიუველირო ხაზი გახსნა. ასევე, აქვს კოსმეტიკის ხაზიც.

წინასაარჩევნოდ New York Post -მა გამოაქვეყნა 1995 წელს ფრანგული მამაკაცების ჟურნალ Max-ისთვის გადაღებული მელანიას თამამი ფოტოები. Daily Mail-მა კი დაბეჭდა შიშველი მელანიას ფოტო...

"ტრამპის გამარჯვება უკანასკნელი სიგნალი უნდა გახდეს ლიბერალური დემოკრატიის მომხრეებისთვის"

კლემენს ვერგინი, ამერიკელი ჟურნალისტი: - ბევრს ეშინია, რომ ტრამპი დადებს "დიდ გარიგებას" მოსკოვთან, გავლენის ზონებად მსოფლიოს დაყოფაზე. ახლა, როდესაც პუტინის სასურველმა კანდიდატმა გაიმარჯვა, მოსალოდნელია, რომ რუსეთის პრეზიდენტი გაამახვილებს ყურადღებას ორ ქალბატონზე ევროპაში - მას სურს მარინ ლე პენი გაზაფხულზე საფრანგეთის პრეზიდენტი გახდეს. შემდეგ კი იმედოვნებს, რომ გერმანიის კანცლერი - ანგელა მერკელიც წააგებს არჩევნებს.

ჯეიმს სტავრიდისი, ნატოს ყოფილი სარდალი: - ტრამპი არასოდეს მალავდა, რომ ნატოზე დიდი წარმოდგენა არა აქვს. მან ნატოს "მოძველებული" უწოდა და წამოაყენა წინადადება, რომ ამერიკის ერთგულება თავისი მოკავშირეებისადმი შეფასდეს მზადყოფნით, გადაიხადონ ფული თავდაცვისთვის! გააგრძელებს თუ არა ამერიკა ამ საპატიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, დამოკიდებულია იმაზე, მოხერხდება თუ არა ტრამპის დარწმუნება, რომ ალიანსი ღირს იმ ფულად, რაც ჯდება.

ტორსტენ ბენერი, გერმანელი პოლიტოლოგი: - ტრამპის გამარჯვება უნდა გახდეს უკანასკნელი გამაფრთხილებელი სიგნალი ლიბერალური დემოკრატიის მომხრეებისთვის: საჭიროა საკუთარი იდეალების დაცვა ისე, როგორც ამას მემარჯვენე პოპულისტები აკეთებენ. თუ საფრანგეთის პრეზიდენტი მარინ ლე პენი გახდა, ევროკავშირი ამას ვერ გადაიტანს.

ალფრედ კოხი, გერმანიის ყოფილი ვიცე-პრემიერი: - ერთი მხრივ, ტრამპი იძულებულია, ანგარიში გაუწიოს რესპუბლიკურ უმრავლესობას კონგრესში, რესპუბლიკური პარტია კი უფრო კრიტიკულად არის განწყობილი პუტინის მიმართ, ვიდრე კლინტონის დემოკრატები. მეორე მხრივ, ტრამპი, როგორც ბიზნესმენი, მიჩვეულია პირობის შესრულებას, მაგრამ პუტინი გამუდმებით არღვევს პირობებს. თუ ამას ტრამპთანაც ჩაიდენს, რაც გარდაუვალია, ტრამპი ამას ხისტად უპასუხებს".

ეკა ასათიანი