ადამიანები ცდილობენ დროულად გააღწიონ საფრთხის ზონიდან - მიწისძვრის შემდეგ ახალ ზელანდიას ცუნამის პირველმა ტალღამ მიაღწია - კვირის პალიტრა

ადამიანები ცდილობენ დროულად გააღწიონ საფრთხის ზონიდან - მიწისძვრის შემდეგ ახალ ზელანდიას ცუნამის პირველმა ტალღამ მიაღწია

ცუნამის პირველმა ტალღამ ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ქვეყანაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრიდან 2 საათში მიაღწია.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, პირველი ტალღები არ არის ძლიერი და მათი სიმაღლე დაახლოებით 2,5 მეტრია, თუმცა, დიდია საფრთხე, რომ მომდევნო რამდენიმე საათში ის გაცილებით უფრო საშიში გახდეს.

მიწისძვრა ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულს დაატყდა თავს და ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილში იგრძნობოდა. ამერიკის გეოლოგიური კვლევის ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ახალი ზელანდიის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქიდან, კრაისტჩერჩიდან 95 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა და მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავემ 7,8 მაგნიტუდა შედგინა. მომხდარიდან მალევე გამოცხადდა ცუნამის საფრთხე და დაიწყო სანაპირო ზოლიდან მოსახლეობის ევაკუაციაც. ევაკუაცია გამოცხადდა ახალი ზელანდიის დედაქალაქ უელინგტონშიც.

ათასობით ადამიანმა უკვე დატოვა საცხოვრებელი. მოქალაქეები ცდილობენ დროულად გააღწიონ საფრთხის ზონიდან.

არსებული ცნობებით, მიწისძვრის ეპიცენტრის სიახლოვეს დაინგრა და დაზიანდა შენობები, ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 2 ადამიანი.

პ.ს. ახალ ზელანდიაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, დანგრეულია შენობები, დაზიანებულია გზები და ელექტროგადამცემი ხაზები. ეპიცენტრის სიახლოვეს მდებარე დასახლებებში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი და არაერთი დაწესებულების მუშაობა. არ მუშაობს რკინიგზა, რიგ დასახლებულ პუნქტებში ასევე შეწყვეტილია სხვა სატრანსპორტო საშუალებებით მიმოსვლაც.