სააკაშვილი, სააკაშვილის დაქალი ტიმოშენკო და "ამერიკელ სააკაშვილად შერაცხული" ტრამპი - მაშინ, როცა ევროპაში პუტინის აჩრდილი დადის - კვირის პალიტრა

სააკაშვილი, სააკაშვილის დაქალი ტიმოშენკო და "ამერიკელ სააკაშვილად შერაცხული" ტრამპი - მაშინ, როცა ევროპაში პუტინის აჩრდილი დადის

აშშ-ში - "მილიონიანი საპროტესტო მსვლელობისთვის" ემზადებიან, კიევში - ახალი "მაიდანისთვის"

წინა კვირას ბულგარეთსა და მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მისმა შედეგებმა, ისევე როგორც რვა ნოემბერს აშშ-ში ჩატარებულმა არჩევნებმა მოულოდნელი შედეგი მოიტანა: ორივე ქვეყანაში პრორუსმა კანდიდატებმა იმარჯვეს.

მოლდოვაში სოციალისტების ლიდერმა იგორ დოდონმა ერთიანი მემარჯვენე ოპოზიციის ხელმძღვანელს, პარტია "აქცია და სოლიდარობის" კანდიდატს მაია სანდუს აჯობა.

ბულგარეთში ასევე სოციალისტმა, ამ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა რუმენ რადევმა პარლამენტის სპიკერი ცაცკა ცაჩევა დაამარცხა.

სოციალისტების ხელისუფლების სათავეში მოსვლით ჩვენს კონტინენტზე ახალი დროება დგება. მართალია ეს პრეცედენტი ჯერჯერობით მხოლოდ ორ ქვეყანაში დაფიქსირდა, მაგრამ მაგალითი გადამდებია და არ გაგიკვირდეთ, უახლოეს მომავალში რუსეთმა საკუთარი გავლენის ქვეშ კიდევ რამდენიმე ევროპული სახელმწიფო მოაქციოს. აშშ-ში "ბლუმბერგის" მიერ "ამერიკელ სააკაშვილად შერაცხული" დონალდ ტრამპი მოვიდა, რადევზე და დოდონზე უკვე მოგახსენეთ. წამყვანი ევროპელი პოლიტიკური ექსპერტების პროგნოზით, საფრანგეთს უახლოეს მომავალში "ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი ჩაიბარებს და მონასტერიც აირევა. აქეთ პუტინი და სოციალისტი პრეზიდენტები, იქით ნაციონალისტი ლე პენი და არაპროგნოზირებადი დონალდ ტრამპი.

მდგომარეობა იძაბება აშშ-შიც. ჰილარი კლინტონის მომხრეები დანებებას არ აპირებენ და საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღისთვის ემზადებიან. "ჰილარისტები" ჯერჯერობით "მცირემასშტაბიან" აქციებს მართავენ, რომელიც ზოგ შემთხვევაში პოლიციასთან დაპირისპირებით სრულდება.

რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელესში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს. საბედნიეროდ მსხვერპლი არ ყოფილა. ქალაქ პორტლენდში ჩატარებული მიტინგი კი უსისხლოდ არ დასრულებულა და პოლიციასთან შეტაკების შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.

ცნობილი გახდა რომ კლინტონის მომხრეები დროებითი "ტაიმ-აუტის" ასაღებად ემზადებიან. გადაწყდა რომ მომავალი წლის 21 იანვარს, ქალაქ ნიუ-იორკში არნახული საპროტესტო მსვლელობა გაიმართება, რომელშიც ერთ მილიონამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

თავად ამ "არეულობის" მთავარი მიზეზი არხეინადაა, პრეზიდენტობისთვის ემზადება და ამერიკულ მასმედიას საკუთარ გეგმებს აცნობს.

სიმართლე ითქვას და ტრამპმა ერთი მომგებიანი ქულა უკვე ჩაიწერა. ის ახალ თანამდებობაზე ყოფნის დროს ხელფასს არ აიღებს და ამ თანხას საქველმოქმედო ღონისძიებებს მოახმარს. აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური ანაზღაურება წელიწადში 400 ათასი დოლარია. საინტერესოა რომ ტრამპი პირველი არ არის რომელმაც ხელფასზე უარი განაცხადა. ანალოგიურად მოიქცნენ 1929-1933 წლებში ჰერბერტ ჰუვერი და 1961-1963 წლებში ჯონ კენედი.

რაც შეეხება ახალი პრეზიდენტის უახლოეს გეგმებს, ტრამპმა კიდევ ერთხელ დააასტურა რომ მექსიკის საზღვართან დიდ კედელს აუცილებლად ააშენებს. ასევე შეასრულებს კიდევ ერთ წინასაარჩევნო დაპირებასაც, - ქვეყნიდან სამ მილიონამდე არალეგალის დეპორტაციას მოახდენს, თუმცა ეს "სასჯელი" მხოლოდ დამნაშავეებს, ნარკოტიკებით მოვაჭრეებსა და სხვადასხვა ბანდის წევრებს შეეხებათ.

ამერიკის შეერთებული შტატები "საინტერესო" ცხოვრების მოლოდინშია. უახლოეს მომავალში პოლიტიკურ "სიახლეებს" უნდა ველოდოთ უკრაინაშიც. ჯერ იყო და მიხეილ სააკაშვილმა და ვიქტორ იუშენკომ ქვეყანაში "წესრიგის" დამყარება გადაწყვიტეს, გაერთიანდნენ, ახალი პარტია ჩამოაყალიბეს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმაღლეს რადაში მოსახვედრად იბრძოლებენ.

ცნობილი გახდა რომ მათ გზას ქალბატონი იულია ტიმოშენკოც დაადგა. პარტია "ბატკივშინას" ლიდერმა თანამემამულეებს არც მეტი და არც ნაკლები ახალი "მაიდანის" მოწყობისაკენ მოუწოდა.

სააკაშვილის "დაქალის" მტკიცებით მის ქვეყანაში კორუფციამ უმაღლეს დონეს მიაღწია. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, უკრაინა იღუპება და სასწრაფოდ მდგომარეობის გამოსწორებაა აუცილებელი.

"პეტრო პოროშენკო ქვეყნის მართვას ვერ ახერხებს. მას უკრაინა ერთი დიდი საწარმო ჰგონია. პრეზიდენტმა საკვანძო თანამდებობებზე თავისი ბიზნეს პარტნიორები დანიშნა. უკრაინის ეროვნული ბანკი კორუფციის ჭაობად გადაიქცა და ქვეყანას სრული გაღარიბებისაკენ მიაქანებს. მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. ხალხმა გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას და აქტიურ მოქმედებაზე გადავიდეს", - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

ტიმოშენკო ახალი მაიდანისთვის სერიოზულად ემზადება. მისი "დაწყების" თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. უკრაინული მასმედიის ცნობით, "ბატკივშინას" აქტივისტებმა ხუთასი კარავი უკვე შეიძინეს და მომავალი პოლიტიკური პერიპეტიებისთვის სერიოზულად ემზადებიან.

უკრაინაზე ვსაუბრობთ და როგორ იქნება მიხეილ სააკაშვილი არ ვახსენოთ. ამ ქვეყნის პოლიტიკური მიმომხილველები თვლიან, რომ საქართველოს ყოფილ პირველ პირს უმაღლეს რადაში მოხვედრის გარკვეული შესაძლებლობა ნამდვილად გააჩნია. ის თავის ირგვლივ "ევროპულად მოაზროვნე" ანტირუსულ ელექტორატს შემოიკრებს და პარლამენტში შეღწევას ამ ძალების დახმარებით შეეცდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ სააკაშვილს უკრაინის ძალოვან სტრუქტურებში გარკვეული დასაყრდენი გააჩნია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში ორი წელია "მოღვაწეობს" და ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას ალღო უკვე აუღო. ამ გამოცდილებას მომავალ არჩევნებში აუცილებლად გამოიყენებს, მაგრამ...

დიახ, არსებობს ერთი მაგრამ, უკრაინაში უკვე დაიწყეს მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და საქართველოში ექსტრადირებაზე ლაპარაკი, ასე, რომ ამ ჩვენმა მიშამ თუ ძალიან "გაახურა" არ არის გამორიცხული საქართველოში ჩამოსასვლელი ბილეთი აჩუქონ, გვირაბის გათხრა კი ციხიდან დასჭირდეს.

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)