"ტრამპი პუტინისთვის საჩუქარი არ იქნება" - კვირის პალიტრა

"ტრამპი პუტინისთვის საჩუქარი არ იქნება"

ვინ დაიკავებს უმაღლეს თანამდებობებს თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციაში?

მსოფლიო, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვებით ჯერ კიდევ გაოცებულია, სუნთქვაშეკრული შეჰყურებს აშშ-ს - რას გააკეთებს ახალი პრეზიდენტი, როგორ განვითარდება მოვლენები? ამერიკული პრესა განიხილავს, თუ რა შეიძლება იყოს ტრამპის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის პირველი ნაბიჯები.

ამასობაში კი, იქმნება გაერთიანება, სახელწოდებით: "ტრამპი, არ არის ჩვენი პრეზიდენტი". ისინი აპირებენ დიდი კოალიცია შექმნან და სერიოზული მიტინგი ჩაატარონ, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს და ამით გამოხატონ თავისი პროტესტი.

ვიდრე ტრამპის პირველი ნაბიჯი დაამახსოვრდება მსოფლიოს, საერთაშორისო პრესა აანალიზებს, სახელმწიფო ადმინისტრაციის სავარაუდო კანდიდატებს.

"2016 წლის, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს, ე.წ. კრიტიკულ არჩევნებს უწოდებენ საარჩევნო კამპანიის წარმოების ტექნოლოგიის თვალსაზრისით, რაც ნიშნავს იმას, რომ ტრამპმა შეძლო და მიიმხრო კონკურენტი დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველი", - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გივი ამირანაშვილი, რომელთან ინტერვიუსაც გთავაზობთ.

- ბატონო გივი, აშშ-ში სახელმწიფო მდივნის პოსტი უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც ძალიან საინტერესოა ვინ შეიძლება დაიკავოს ეს თანამდებობა თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციაში. როგორ ფიქრობთ, ტრამპი შეძლებს ძლიერი გუნდის შემოკრებას?

- გამომდინარე იქედან, რომ ტრამპი საგარეო პოლიტიკის დიდი ცოდნით არ გამოირჩევა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის, თუ ვის აირჩევს გუნდის წევრებად, მით უფრო საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. შერჩეული კანდიდატების ბიოგრაფიისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდება მსჯელობა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსალოდნელი პირველი ნაბიჯების შესახებ.

რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ იქნება აშშ-ს სახელმწიფო მდივანი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის პოსტზე განიხილება რესპუბლიკელი მიტ რომნის კანდიდატურა. როგორც ამბობენ, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ტრამპისა და რომნის პირისპირ შეხვედრა.

მიტ რომნი მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. აღსანიშნავია, რომ იმჟამად ტრამპმა მას "ლუზერი" უწოდა. მიტ რომნი გამოცდილი პოლიტიკოსია, გამოირჩევა რუსეთის მიმართ ხისტი გამონათქვამებით. მან რუსეთს ამერიკის ნომერ პირველი გეოპოლიტიკური მტერი უწოდა. იგი ასევე მხარს უჭერს ე.წ. "პატრიოტის აქტს" და გუანტანამოს ციხის ფუნქციონირების მომხრეც იყო.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად ასევე განიხილება ჯონ ბოლტონი. ეს არის ამერიკის ყოფილი ელჩი გაერო-ში. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამერიკამ უკრაინას უნდა გადასცეს ლეტალური იარაღი. აღნიშნულ პოსტზე ასევე სახელდება ნიუ იორკის ყოფილი მერის, რუდი ჯულიანის კანდიდატურა.

სულ ახლახან, ცნობილი გახდა ინფორმაცია ტრამპის მიერ განხორციელებული საკადრო დანიშვნების თაობაზე. როგორც ირკვევა, მან ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შესთავაზა ამერიკის არმიის გადამდგარ გენერალს მაიკლ ფლინს, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში მუშაობდა ამერიკის თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს დირექტორად 2012 წლიდან, თუმცა, მოგვიანებით 2014 წელს გადადგა ისლამისტების მიმართ ობამას მიერ გატარებული პოლიტიკის მიუღებლობის გამო. ის გამოირჩევა ისლამის მიმართ კრიტიკული პოზიციით. აღსანიშნავია ისიც, რომ მაიკლ ფლინი პოლიტიკური მრწამსით დემოკრატია, თუმცა ტრამპის გუნდში 2016 წლის თებერვალში გამოჩნდა. ის ელოდა, რომ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებდა, თუმცა, როგორც ვიცით, მის ნაცვლად მაიკლ პენსის წარდგენას გეგმავს.

ფლინის დანიშვნით, ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისლამისტების მიმართ აშშ-ის შეუვალი პოლიტიკა. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული თანამდებობა განსაკუთრებით პრესტიჟული და ანგარიშგასაწევი იყო "ცივი ომის" პერიოდში, როცა ამ პოსტს სხვადასხვა წლებში იკავებდნენ საგარეო პოლიტიკის ისეთი გამორჩეული და ბუმბერაზი ფიგურები, როგორიცაა ზბიგნევ ბჟეზინსკი და ჰენრი კისინჯერი, რომელთა აზრი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხშირად უფრო მეტად ფასობდა, ვიდრე ამერიკის იმდროინდელი სახელმწიფო მდივნების. სწორედ ამიტომ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლობის კანდიდატზეა ბევრად დამოკიდებული, როგორი იქნება მისი ავტორიტეტი და გავლენა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და აქედან გამომდინარე, მისი როლი საგარეო პოლიტიკაში.

მეორე საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც უკვე ცნობილია, არის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) დირექტორის პოსტზე კანზასელი რესპუბლიკელის, მაიკ პამპეოს წარდგენა. იგი იყო წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის წევრი და აქტიურად იყო ჩართული 2012 წელს, ბენგაზიში, ამერიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობის შენობაზე ისლამისტების თავდასხმის გამოძიების საქმეში. იგი ხშირად აკრიტიკებდა ობამას ადმინისტრაციას იმის გამო, რომ სათანადოდ არ აფასებდა სამხედროებს და სადაზვერვო სამსახურის სპეციალისტების აზრს ხშირად არ იზიარებდა. რომპეი იყო გუანტანამოს ციხის დახურვის წინააღმდეგი. ის ისლამისტემის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრეა.

როგორც ვხედავთ, აღნიშნული კანდიდატების დანიშვნით ტრამპს განზრახული აქვს არათუ შეარბილოს ისლამისტებისა ან თუნდაც რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა, არამედ მოსალოდნელია ამ პოლიტიკის გაძლიერება. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპის ერთობ არათანმიმდევრული წინასაარჩევნო კამპანიისგან განსხვავებით, მისი პრეზიდენტობის პერიოდი იქნება მეტად თანმიმდევრული. ტრამპი ნამდვილად არ იქნება საჩუქარი პუტინისთვის, როგორც ეს ბევრს ჰგონია.

ამასთანავე, ტრამპმა, ვიდრე საგარეო პოლიტიკის დალაგებას შეუდგება, უნდა მოაგვაროს ურთიერთობები რესპუბლიკური პარტიის შიგნით. ცნობილი ფაქტია, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, პოლ რაიანთან მას დაძაბული ურთიერთობა აქვს და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, მან ტრამპის ნებისმიერი ინიციატივა დაბლოკოს. ბევრი ექსპერტი ლაპარაკობს იმაზე, რომ პოლ რაიანი შესაძლოა, კარგი გაგებით, ტრამპის არაორდინალური პოლიტიკის ან გადაწყვეტილების დამბალანსებელი გახდეს კონგრესში.

ვიცით ასევე, რომ ვიცე-პრეზიდენტი იქნება მაიკლ პენსი, ინდიანას ყოფილი გუბერნატორი, რომელიც არ ეთანხმება ტრამპს ზოგიერთ საკითხში, მათ შორისაა: ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გადახედვა, ქვეყნიდან ემიგრანტების გაძევება და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა ბოლო დღეებში აქტიურად დაიწყო რესპუბლიკური პარტიის შიგნით კონსულტაციები. განსაკუთრებით ყურადსაღებია საგარეო პოლიტიკის "მძიმეწონოსან", ჰენრი კისინჯერსთან მისი შეხვედრა. ამან აშკარა გახადა ტრამპის სერიოზული ზრახვები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გააქტიურების თაობაზე. იგი ასევე შეხვდა იმ რესპუბლიკელებსაც, რომლებთანაც, რბილად რომ ვთქვათ, ნელ-თბილი ურთიერთობა ჰქონდა მანამდე.

აღნიშნული ნაბიჯი კიდევ ერთხელ ცხადყობს იმას, რომ ამით ტრამპი ცდილობს რესპუბლიკური პარტიის ერთიანობას გაუსვას ხაზი და მიაღწიოს კონგრესის მხარდაჭერას როგორც საკადრო, ასევე საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში.

- უახლოეს მომავალში ამერიკის საგარეო პოლიტიკაში რადიკალურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ?

- ჩემი აზრით, ამერიკის საგარეო პოლიტიკაში პირველი 6 თვე იქნება მოლოდინისა და დაკვირვების ეტაპი. როგორც ვიცით, თებერვალში დანიშნული ნატო-ს სამიტი გადაიდო. ამით ამერიკის ახალ პრეზიდენტს სიტუაციაში გარკვევისთვის მეტი დრო მისცეს. არც რუსეთთან ველოდები გადატვირთვის პოლიტიკას, ვინაიდან, როგორც მაკკეინმა განაცხადა, სწორედ ამ გადატვირთვის პოლიტიკას მოჰყვა უკრაინაში რუსეთის შეჭრა და სირიის პრობლემები.

ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამერიკის საგარეო პოლიტიკა უკრაინაში, რადგან ეს აუცილებლად აისახება საქართველოზე. არ ველოდები აშშ -ის პოლიტიკის გაუარესებას საქართველოსთან დაკავშირებით, პირიქით, საქართველოს მხარდამჭერი ბევრი რეზოლუცია, რომელიც მიიღეს კონგრესში, ინიცირებული იყო რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ. რუსეთის საგარეო პოლიტიკა კი, ამ ეტაპზე ძირითადად მიმართულია უშუალოდ უკრაინასა და სირიისკენ.

უფრო მეტიც, მოსალოდნელია ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დასრულების წინა პერიოდში, რუსეთის მიმართ ამერიკის პოლიტიკა უფრო ხისტი გახდეს, ვინაიდან, მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევის სურვილის შემთხვევაში, მას მოუწევს წინასაარჩევნო კამპანიის ხასიათიდან გამომდინარე, რუსეთთან დაკავშირებით მკვეთრი განცხადებების გაკეთება და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.

ნინო ცხვარაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)