ქართველი ქალის სილამაზით აღტაცებული კომუნიზმის უკანასკნელი მებაირაღის, ფიდელ კასტროს ცხოვრება და სიკვდილი ( + ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

ქართველი ქალის სილამაზით აღტაცებული კომუნიზმის უკანასკნელი მებაირაღის, ფიდელ კასტროს ცხოვრება და სიკვდილი ( + ფოტოგალერეა)

"სენაკში მყოფმა კასტრომ, დამშვიდობებისას, ხელი მაღლა ასწია და შესძახა "ვივატ, კუბა"! ამის გამგონე ერთმა მეგრელმა სევდიანად ჩაილაპარაკა, "ვავა, ცხაკაია"

ფოტოგალერეა

კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ათწლეულობის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კუბის რესპუბლიკას. კასტროს გარდაცვალების შესახებ მოსახლეობას რევოლუციონერის ძმამ, რაულ კასტრომ აცნობა. როგორც სატელევიზიო მიმართვაში რაულ კასტრომ განაცხადა, "ამხანაგი ფიდელის მიერ გამოხატული სურვილის შესაბამისად, მისი ნეშტი კრემირებული იქნება".

კუბის ხელისუფლებაში ფიდელ კასტრო 1959 წელს, სამხედრო გადატრიალების გზით, მოვიდა.

ამერიკელებმა ორჯერ სცადეს კასტროს რეჟიმის ჩამოგდება. 1961 წლის აპრილში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ (CIA) საგანგებოდ გაწვრთნილ კუბელ ემიგრანტთა ჯგუფი ღორების ყურის გავლით გადასხდა კუნძულზე, მაგრამ კუბის თავდაცვის ძალებმა იოლად მოახერხეს მათი განადგურება. ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა 1962 წელს ჩატარებული ოპერაცია "ორტსაკ" (ORTSAC), ანუ "კასტრო" თუ მას უკუღმა წავიკითხავთ. ამ ორმა წარუმატებელმა ოპერაციამ გამოუვალ მდგომარეობამდე მიიყვანა ისედაც დაძაბული აშშ-ისა და კუბის ურთიერთობა. (იხილეთ ვრცლად)

კასტრო საბჭოთა კავშირის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა და სწორედ ამის დამსახურებით ინარჩუნებდა წლების განმავლობაში ძალაუფლებას.

მას ერთდროულად ეთაყვანებოდნენ და სძულდათ კიდეც. "თავისუფლების კუნძულზე" სიცოცხლის ბოლომდე პოპულარული იყო. ზოგიერთი მას მე-20  საუკუნის გენიოსად მიიჩნევდა და რუზველტს, ჩერჩილსა და სტალინს ადარებდა. დიქტატორად კი მიიჩნევდნენ, მაგრამ როგორც ამბობენ, საკუთარი სახელის უკვდავყოფაზე მაინცდამაინც არასდროს უზრუნია. კუბაზე მისი ერთი ქანდაკებაც არსად დგას, არც მისი სახელი ჰქვია რომელიმე ქუჩას...

ამბობენ იმასაც, მისი თითქმის 50-წლიანი მმართველობის განმავლობაში მისი მოკვლა 640-ჯერ სცადეს, თუმცა იღბლიანი ფიდელი ყოველ ჯერზე ადვილად გადარჩა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, კასტრო მარტო ებრძოდა აშშ-ს და ცდილობდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში თავისი მომხრე რეჟიმების შექმნას, რასაც წარმატებით ართმევდა თავს. 2006 წლის 31 ივლისს კუჭის ოპერაციის (კიბო ჰქონდა) გამო პრეზიდენტობა დროებით ძმას, რაულს გადააბარა. 2008 წლის 19 თებერვალს კი ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ფიზიკური მდგომარების გამო ახალ საპრეზიდენტო ვადაზე უარს ამბობდა: "არ გემშვიდობებით. ვიბრძოლებ, როგორც რიგითი ჯარისკაცი".

24 თებერვალს რაულ კასტრო ოფიციალურად გახდა კუბის ახალი პრეზიდენტი. 2011 წლის 19 აპრილს ფიდელმა უკანასკნელი თანამდებობა - კომპარტიის ხელძღვანელობაც დატოვა და ისიც რაულმა შეითავსა. კომუნისტური ეპოქის უკანასკნელი დინოზავრის პოლიტიკური გზა ასე დასრულდა.

ფიდელ კასტროს პირადი ცხოვრება, მის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, არანაკლებ საინტერესოა. აქსიომაა, რომ ქვეყნის ლიდერთა პირადი ცხოვრება მკაცრადაა გასაიდუმლოებული, თუმცა ადრე თუ გვიან ყველა საიდუმლო მჟღავნდება.

ერთხელ კასტროს ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ქალმა უცნაური კითხვა დაუსვა შვილების შესახებ, რაზეც მოულოდნელად ფიდელმა უპასუხა: "ჩემი შვილები თითქმის ერთი ტომია".

შეძლებულ ოჯახში დაბადებული კუბის ლიდერი არამარტო კარგი განათლებით, კარგი მანერებითა და გარეგნობითაც გამოირჩეოდა, მის თაყვანისმცემელ ქალებსგული მისდიოდათ, როცა ის რევოლუციის შემდეგ ტრიუმფით შედიოდა ჰავანაში.

როგორც ამტკიცებენ, ფიდელს შვიდი ქალისგან 11 შვილი ჰყავს, თუმცა მისი რომანები ერთ ასეულს მაინც ითვლის.

დიდი საბჭოეთის მეგობარი ფიდელ კასტრო  საბჭოთა საქართველოსაც სტუმრობდა.

ხრუშჩოვმა იგი საქართველოში, კერძოდ, გუდაუთის რაიონის სოფელ დურიფში მიიწვია. სუფრაც ქართულ, ტრადიციულ ყაიდაზე გაშალეს. ფიდელს განსაკუთრებით შებოლილი სულგუნი მოსწონებია და თურმე სურდა სულგუნის ოსტატების კუბაში წაყვანაც კი მოინდომა თურმე...ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ხრუშჩოვმა გულნატკენი არ დატოვა სტუმარი და ბრძანა გლეხებისგან შებოლილი სულგუნი შეესყიდათ და სტუმრისთვის გაეტანებინათ.

გლეხებმა, რომლებსაც შეიძლება არც ეჭაშნიკებოდათ სულგუნის გაყიდვა, მიჰყიდეს ყველის მარაგი საბჭოთა მოხელეებს.

სენაკში მყოფმა კასტრომ, დამშვიდობებისას, ხელი მაღლა ასწია და შესძახა "ვივატ, კუბა"! ამის გამგონე ერთმა მეგრელმა სევდიანად ჩაილაპარაკა, "ვავა, ცხაკაია".

საქართველოსთან ფიდელს კიდევ ერთი საინტერესო ისტორია აკავშირებდა. მას ქართველი ქალბატონი თურმე ისე მოეწონა, რომ კუბაში გადასახლებაც კი შესთავაზა.

ეს ქალბატონი საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის დიქტორი, ულამაზესი ლია მიქაძე იყო. კუბის რევოლუციის ლიდერისა და ლია მიქაძის შესახებ ისტორიაზე საქართველოში საკმაოდ დიდხანს ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ, თუმცა ჭორად ხმები ქალაქში მაინც დადიოდა...

1961 წელს 25 წლის საოცრად მომხიბვლელი გარეგნობის ლია მიქაძე (და უკვე საკმაოდ პოპულარული წამყვანი) ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, რომელსაც ცნობილი კომუნისტი - პარტოკრატი, მოლოტოვი ხელმძღვანელობდა, კუბაში გაემგზავრა. ჯგუფში იყვნენ ხელოვნების გიგანტები: ვერა მარეცკაია, გიორგი ტოვსტონოგოვი, ოლეგ ეფრემოვი, აკაკი ხორავა, იონა ტუსკია... კუბა რევოლიციის ორი წლის თავს ზეიმობდა. ხოსე გრანტეს მოედანზე სამხედრო აღლუმი გაიმართა. ექვსი საათის განმავლობაში ახალგაზრდა ლიდერი, ფიდელ კასტრო მგზნებარე სიტყვით გამოდიოდა. იქ შენიშნა თურმე მან ლია მიქაძე და შემდეგ " ბონიტა, ბონიტას" ("ლამაზო") ძახილით ცდილობდა მისი ყურადღების მიქცევას, კასტრო მაშინ უცოლო იყო, არც ლია იყო გათხოვილი, მაგრამ კასტროს შეთავაზებაზე უარი თქვა. მეორედ მათი შეხვედრა თბილისში შედგა. (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "პლეხანოველთა" ოინი, ანუ როგორ მოხვდნენ "ფიდელი და ნიკიტა" თბილისის მილიციაში