ვისთვის იკისრა პურ-მარილი ობამამ, ვინ გაიმეტა "სასიკვდილედ" ტრამპი და რატომ "აუჯანყდნენ" ქვეშევრდომები ინგლისის დედოფალს?! - კვირის პალიტრა

ვისთვის იკისრა პურ-მარილი ობამამ, ვინ გაიმეტა "სასიკვდილედ" ტრამპი და რატომ "აუჯანყდნენ" ქვეშევრდომები ინგლისის დედოფალს?!

რამდენიმე კვირის შემდეგ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა თანამდედობას ოფიციალურად დაემშვიდობება და თეთრი სახლის "გასაღებს" დონალდ ტრამპს გადასცემს.

ბოლო დროის განმავლობაში ამერიკული მასმედიის "საყვარელი საქმიანობა" ტრამპი-ჰილტონის საარჩევნო დაპირისპირებისა, მოგვიანებით კი "ჰილარისტების" მიერ ორგანიზებული "ანტიტრამპისეული" მანიფესტაციების გაშუქება გახლდათ.

ოკეანისგაღმა პოლიტიკური ვნებათაღელვა "შედარებით" ჩაწყნარდა და ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმაც "ჩრდილში" მყოფი ბარაკ ობამაც "გაიხსენეს".

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ USA TODAY გაავრცელა "ნიუსი" რომ აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა თავისი ეკონომიკური მრჩევლებისთვის "პურ-მარილი" იკისრა. ამ ჟესტით ობამამ ამ ხალხს ბოლო წლებში გაწეული დახმარებისთვის და რჩევებისთვის მადლობა გადაუხადა. სუფრა თეთრ სახლთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოეწყო და მას ქალბატონი მიშელ ობამაც ესწრებოდა.

საინტერესოა ანალოგიურ ნაბიჯს 2018 წელს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც თუ გადადგამს და გამოსამშვიდობებელ "ქეიფს" თბილისის რომელიმე რესტორანში გადაიხდის.

მაგრამ კვლავ ბარაკ ობამას დავუბრუნდეთ. ამ დღეებში თანამემამულეებმა ბატონ ბარაკს სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთეს. ობამა ქვეყნის ყველაზე "შნოიანი მამაკაცის" წოდებით დააჯილდოვეს. გამოცემამ New York Post თხუთმეტი ათასი მკითხველი გამოკითხა და პირველობა ქვეყნის ამჟამინდელ პირველ პირს მიანიჭა. ობამამ გამოკითხვაში თვით ბრედ პიტსა და ალ პაჩინოს აჯობა.

გამოცემამ Washington Post დონალდ ტრამპს "კბილი წაჰკრა" და აბრაამ ლინკოლნის ბიოგრაფია გაახსენა.

აშშ-ის პირველი პირები ხშირად განსაკუთრებით უიღბლონი არიან. ამისი ნათელი დადასტურება აბრაამ ლინკოლნის ბიოგრაფია გახლავთ. 31 წლის ასაკში - მარცხი ბიზნესში, მომდევნო წელს - სასამართლო პროცესის წაგება, 35 წლისას - სატრფოს სიკვდილი, 38 წლის ასაკში - არჩევნებში დამარცხება, 43 წლის - კონგრესში ვერ მოხვედრა, 55 წლის - სენატის გარეთ დარჩენა, 56 წლის - აშშ - ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის ჩავარდნა, 60 წლისამ ბოლო და ბოლოს საწადელს მიაღწია და ქვეყნის პირველი პირის სავარძელს დაეუფლა, მაგრამ იდილიამ დიდი ხანი ვერ გასტანა და სიცოცხლესაც გამოასალმეს.

არ ვიცი ვაშინგტონელ ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა რა დაუშავა, ასე სასიკვდილოდ რომ "გაიმეტეს".

ისიც საინტერესოა თავად ტრამპი ამ "გაფრთხილებას" როგორ მოეკიდება, მაგრამ მეეჭვება ამ ადამიანმა ლინკოლნის ბედი გაიზიაროს, - კაჟივით ჯანმრთელია, საკუთარი ცხოვრება იდეალურად აქვს აწყობილი და იმ სამყაროში გადასახლებასაც დიდი ხნის განმავლობაში არ აპირებს.

აშშ-დან დიდ ბრიტანეთში გადავინაცვლოთ. გამოცემა The Sun-ის მტკიცებით, ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი დედოფალ ელისაბედს აუმხედრდა. გაზეთის ინფორმაციით, 100 ათასმა ადამიანმა მისი უდიდებულესობის წინააღმდეგ ოფიციალური პეტიცია შეიტანა. საქმე ეხება თანხებს, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მომავალ წელს უნდა გამოყოს და ბუკინგემის სასახლის შეკეთებას უნდა მოხმარდეს.

ეს "რემონტი" დაახლოებით 369 მილიონი ფუნტი სტერლინგი (ნახევარი მილიარდი დოლარი) დაჯდება. ბრიტანელები ამ ფაქტმა გააღიზიანა. მათი აზრით, ბუკინგემის სასახლის შეკეთების თანხა პირადად სამეფო ოჯახმა უნდა გაიღოს და ამ ხარჯმა უბრალო ბრიტანელი გადასახადების გადამხდელთა კისერზე არ გადაიაროს. ჯერჯერობით უცნობია დედოფლის რეაქცია მისი ქვეშევრდომების ამ გაღიზიანების მიმართ. ასევე უცნობია დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელთა პოზიციაც.

ალბათ დროა ბრიტანული მაგალითი საქართველოშიც გადმოვიტანოთ. რამდენი "ადგილობრივი" მაღალჩინოსანია, საკუთარ კეთილდღეობას სახელმწიფო ხაზინის ხარჯზე რომ იწყობს და ქვეყნის ფულს პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს.

სიტყვამ საქართველო მოიტანა და სოციალურ ქსელებში ერთ საყურადღებო გზავნილს წავაწყდი.

"დიდი უცნაური "ქვეყანაა" ქართული "ფეისბუკი". ყველა სიღარიბეზე, უფულობაზე, უმუშევრობასა და სიძვირეზე წუწუნებს და მერე ეს ყველა სულ რესტორნებიდან, ბარებიდან და უცხოური დასვენების ადგილებიდან ტვირთავს "გართობის" ამსახველ ფოტოებს".

ეს ალბათ ქართული გამოუსწორებელი "წეს-ჩვეულების" ბრალია - გვიყვარს სმა-ჭამა და კარგი ცხოვრება მაშინაც კი, თუ ჯიბეში ლარიანის მეტი არაფერი გვაბადია...

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)