ტრაგედია "ფეისბუკლაივისას"- გოგონები, რომელთაც საკუთარი სიკვდილი გადაიღეს - კვირის პალიტრა

ტრაგედია "ფეისბუკლაივისას"- გოგონები, რომელთაც საკუთარი სიკვდილი გადაიღეს

მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" ახალი ფუნქცია - პირდაპირი ეთერი, იგივე "ლაივი" უფროდაუფრო პოპულარული ხდება.

ადამიანები მობილური ტელეფონებიდან "ფეისბუკის" დახმარებით პირდაპირ ერთვებიან სახლიდან, სამსახურიდან, ქუჩიდან, მათ შორის ტრანსპორტიდანაც, იმ დროსაც კი, როდესაც პარალელურად მანქანას მართავენ. ამ დროს კი ნაკლებად ვაანალიზებთ იმ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა "ლაივმა" მოგვიტანოს.

სწორედ მსგავსი რამ შეემთხვა პენსილვანიელ ბრუკ მირანდა ჰუჯს, რომელიც ავტომობილის მართვის პარალელურად "ფეისბუკის" პირდაპირ ეთერს რთავდა, რის შედეგიც ფატალური გამოდგა, გოგონა თანამგზავრთან, მეგობარ 19 წლის სანია მორისონ ტომთან ერთად ავარიაში მოჰყვა. სამწუხაროდ, ორივე დაიღუპა. მათ მანქანას უკნიდან ტრაილერი დაეჯახა.

შემთხვევა პენსილვანიაში, ღამით მოხდა. რვაწუთიან ვიდეოში, რომელიც მომხდარ ამბავს ასახავს, ისმის გოგონების ხმა და ასახულია შეჯახების მომენტიც... ვიდეოში ჩანს, როგორ ნათდება ავტომობილი შიგნიდან და ისმის დამუხრუჭების ხმა, მომდევნო 7 წუთი მანქანაში სიჩუმე და სიბნელეა, შემდეგ კი ისმის მამაკაცის ხმა და ჩანს მისი სახე დაბურულად.

ვიდეო უკვე წაიშალა "ფეისბუკიდან" და პოლიციის ინფორმაციით, მას გამოძიება გამოიყენებს.

მაიკლ ჯეი პარკი - ტრეილერის მძღოლი, ავარიისას არ დაშავებულა. როგორც Scranton Times-Tribune-ს გამომძიებელმა უთხრა, ჯერჯერობით უცნობია ტრეილერის მძღოლს მოუწევს თუ არა პასუხისგება.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა "ფეისბუკის" წარმომადგენლობა. პრესპიკერ ანდრეა საულის განცხადებით, ადამიანები, ვინც უყურებს "ფეისბუკის" ლაივვიდეოს და მიიჩნევენ, რომ ეს ვიდეო შეიცავს ძალადობის ნიშნებს ან საფრთხე ემუქრება ვიდეოში მონაწილე პირებს, მოუწოდებს მაყურებლებს, ვიდეო "დაარეპორტონ",რის შემდეგაც "ფეისბუკი" შესაბამის ზომებს მიიღებს.

"ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ადამიანებს, იმ შემთხვევაში თუ ლაივვიდეოს დროს ადამიანს ხედავენ საფრთხეში, შეატყობინონ სამართალდამცავებს", - განუცხადა ანდრეა საულმა Scranton Times-Tribune-ს.

წყარო