როგორ ეხმარებოდა კრემლი ტრამპს?! - კვირის პალიტრა

როგორ ეხმარებოდა კრემლი ტრამპს?!

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო შეფასების თანახმად, რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, რათა დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, სადაზვერვო უწყებებმა რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული პირები გამოავლინეს, რომლებმაც WikiLeaks-ს ”დემოკრატიული პარტიის” სერვერის გატეხვის მეშვეობით მიღებული ათასობით დოკუმენტი მიაწოდეს. სპეცსამსახურების წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პირები ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში სპეცოპერაციის ნაწილს წარმოადგენენ.

„სადაზვერვო გაერთიანების შეფასებით, რუსეთის მიზანი იყო ერთ-ერთი კანდიდატისთვის ხელის შეწყობა და ტრამპისთვის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებაში დახმარების გაწევა“, - გამოცემა The Washington Post ციტირებს ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის სიტყვებს.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულეს ამერიკის ოფიციალური სტრუქტურების მონაცემთა ბაზის გატეხვაში. მთავარი სამიზნე ”დემოკრატიული პარტიის” სერვერები იყო. თუმცა, ამ ბრალდებებს მოსკოვში კატეგორიულად უარყოფდნენ.

ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო შეფასებას უკვე გამოეხმაურა.

„ეს იგივე ხალხია, ვინც განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი გააჩნია. არჩევნები დიდი ხნის უკან დასრულდა აშშ-ის ისტორიაში ამომრჩეველთა კოლეგიის შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვებით. დროა წინ წავიდეთ და ამერიკა კვლავ დიადი გავხადოთ“, - ნათქვამია ტრამპის გუნდის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით