"პირველი აფეთქებიდან ცოტა ხანში, პოლიციელებთან მამაკაცი მივიდა და თავი აიფეთქა" - კვირის პალიტრა

"პირველი აფეთქებიდან ცოტა ხანში, პოლიციელებთან მამაკაცი მივიდა და თავი აიფეთქა"

თურქეთი ისევ ტერორისტული თავდასხმის სამიზნეა. დაღუპულია 29, დაშავებულია 170 -მდე ადამიანი. გარდაცვლილთაგან 27 სამართალდამცავი, ორი კი მშვიდობიანი მოქალაქეა. ამჯერად ორი აფეთქება სტამბოლის ისტორიულ ნაწილში, სტადიონის, Vodafone Are-ს ახლოს მოხდა, სადაც საფეხბურთო გუნდებს "ბეშიქთაშსა" და "ბურსასპორს" შორის მატჩი 2 საათის დასრულებული იყო. პირველი აფეთქება  სწორედ სტადიონის იმ გამოსასვლელთან მოხდა, საიდანაც "ბურსასპორის" გულშემატკივრები გამოვიდნენ. საბედნიეროდ, სამართალდამცავთა თქმით, აფეთქებისას სტადიონი უკვე ცარიელი იყო და მის სიახლოვეს მხოლოდ სამართლადამცავები რჩებოდნენ, სავარაუდოდ, სწორედ ისინი იყვნენ ტერორისტთა სამიზნე.

"აქვე მაღაზიაში ვიყავი შესული, როდესაც აფეთქების ხმა გავიგე, ირგვლივ მინები ჩაილეწა, საშინელი ხმაური იყო. გარეთ გამოვედით, მანქანებს ცეცხლი ეკიდა, კვამლი იდგა... სადღაც ერთ წუთში უკვე მეორე აფეთქება მოხდა. როგორც მოგვიანებით გავიგე, ჯერ მოძრავი მანქანა აფეთქდა, რომელსაც დისტანციურად მართავდნენ, პირველი აფეთქებიდან ცოტა ხანში კი სამართლადამცავებთან მამაკაცი მივიდა და თავი აიფეთქა. საშინელება ხდებოდა, ცეცხლწაკიდებულ ავტობუსში დაშავებული და დაღუპული პოლიციელები იყვნენ", - ყვება ერთ-ერთ თვითმხილველი.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს განცხადებითაც, თავდასხმის ობიექტი სწორედ პოლიციელების ავტობუსი იყო.

მისივე ინფორმაციით, უკვე დაკავებულია აფეთქებების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 10 პირი.

თურქეთში ერთდღიანი გლოვა გამოცხადეს.

ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, თავდამსხმელთა მთავარი მიზანი, რაც შეიძლება მეტი მსხვერპლის გამოწვევა იყო.

"ტერორისტული თავდასხმა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურისა და მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელდა. ბეშიქთაშის სტადიონის სიახლოვეს განხორციელებულმა თავდასხმამ ცხადჰყო, რომ ექსტრემისტების მთავარი მიზანი მეტი მსხვერპლის გამოწვევა იყო. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს გარდაცვლილები და დაშავებულები"- განაცხადა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.

სამართალდამცველებმა აფეთქების მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს, გადაკეტეს გზები.

ტერაქტზე პასუხისმგებლობ ჯერ არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.