მიშას პროგნოზი, ტრამპზე მდიდარი სანტა და მსოფლიო პროლეტარიატის ჰომოსექსუალი ბელადი ლენინი - კვირის პალიტრა

მიშას პროგნოზი, ტრამპზე მდიდარი სანტა და მსოფლიო პროლეტარიატის ჰომოსექსუალი ბელადი ლენინი

რამდენიმე დღის წინ გავლენიანი ბრიტანული გამოცემა "The Guardian" აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მის მოსალოდნელ საგარეო კურსსა და უკრაინის მიმართ ურთიერთდამოკიდებულებას შეეხო.

გაზეთის პოლიტიკური მიმომხილველების მტკიცებით, მილიარდერი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება. ეს ფაქტორი იმისი საწინდარია, რომ უახლოეს მომავალში აშშ ყირიმს ოფიციალურად სცნობს. ბრიტანელი ანალიტიკოსების აზრით, ყირიმის საკითხის ირგვლივ პუტინსა და ტრამპს შორის უახლოეს თვეებში გაცხოველებული ვაჭრობა გაიმართება. აშშ რუსეთს სირიაში მოქმედების სრულ თავისუფლებასაც მისცემს, უკრაინის მიმართ კი ეკონომიურ-პოლიტიკურ მხარდაჭერას შეასუსტებს.

გაზეთს მაგალითისთვის მიხეილ სააკაშვილის სიტყვებიც მოჰყავს, სადაც ეს უკანასკნელი ღიად აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი პუტინის სასარგებლოდ უკრაინას მხარდაჭერას მოაკლებს. ალბათ საინტერესოა "დიდი მიხეილის" ეს ნააზრევი. ჯერ იყო და "ტრამპი ჩემი დიდი ხნის მეგობარიაო" - აცხადებდა და მის არჩევას დიდი ზარ-ზეიმით შეხვდა, ახლა კი "პუტინისტობასა" და უკრაინის ღალატს ღიად აბრალებს.

რასაკვირველია, ზემოთ მოყვანილი პროგნოზები სავარაუდო პოლიტიკურ წინათგრძნობათა რიცხვს მიეკუთვნება. საიდუმლო არ არის, რომ ბატონ დონალდს რუსეთის მიმართ "რბილი ურთიერთობა" გააჩნია, თუმცა ისიც საკითხავია, თეთრ სახლში შებრძანების შემდეგ რა საგარეო კურსს აირჩევს. მანამდე დრო კიდევ არის და მსოფლიოში არაერთი საინტერესო მოვლენა შეიძლება მოხდეს.

საინტერესოა, რომ თითქოსდა "The Guardian"- ის წერილს ელოდაო, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ამჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალში საგარეო კურსის შეცვლას კატეგორიულად არ აპირებს. სახელმწიფო მდივანმა ისიც აღნიშნა, რომ აშშ ყირიმის დამოუკიდებლობას არასდროს ცნობს და უკრაინის დანაწევრებასაც მხარს არასდროს დაუჭერს.

სანამ პოლიტიკოსები მსოფლიოს მომავალზე ბჭობენ და გეგმებს აწყობენ, ცნობილი ბიზნესმენები დროს უქმად არ კარგავენ და თავიანთ საქმეებს ჩვეული გულმოდგინებით აკეთებენ.

გამოცემა "USA TODAY"-ის მტკიცებით, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 86 წლის მილიარდერი უორენ ბაფეტის ქონება 11 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

მისტერ უორენს აშშ-ის არაერთი წამყვანი ბანკის აქციები გააჩნია, რისმა ფასმაც ტრამპის წარმატების შემდეგ მნიშვნელოვნად მოიმატა. ამისი მიზეზი ის გახლავთ, რომ აშშ-ის ახალი პირველი პირი მომავალში ბანკებზე სახელმწიფოს გავლენის შემცირებას გეგმავს. ამ ფაქტორმა აქციების ფასის ზრდაზე იმოქმედა.

ამ ამბავში "საინტერესო" ის გახლავთ, რომ თავად უორენ ბაფეტი წინასაარჩევნო კამპანიის დღეებში მხარს ჰილარი კლინტონს უჭერდა და ეს "სიმპათია" "შემოწირულობების" სახით რამდენიმე მილიონი დოლარი დაუჯდა. სამაგიეროდ დახარჯული უკვე უკან დაიბრუნა და პირიქით, გვარიანი მოგებაც ნახა. ტრამპის გაპირველკაცებამ უორენ ბაფეტი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში, მექსიკელი კარლოს სლიმის შემდეგ მეორე საფეხურზე დააყენა. ამჟამად უხუცესი უორენის ქონება 70 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ცოტა ხნის წინ რუსულ მასმედიაში საინტერესო ამბავი ამოვიკითხე. არ ვიცი საქართველოში ლენინის იდეების თაყვანისმცემლები თუ შემორჩნენ. თუ არსებობენ ალბათ ცოცხალი ვერ გადავურჩები, რადგან "გავბედავ და გაცნობებთ", რომ მსოფლიოს პროლეტარიატის ბელადი თურმე აქტიური ჰომოსექსუალისტი ყოფილა. ჩვენი ყოფილი ბელადის ბოი ჯორჯის, ელტონ ჯონის ან ბორის მოისეევის თანამოძმეთა შორის დასახელების მიზეზი კი შორეულ წარსულში უნდა ვეძიოთ.

ულიანოვ-ლენინის დედა, მარია ალექსანდრეს-ასული რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მეორის კარის ფრეილინა ყოფილა. სამეფო კარზე ცხოვრებისას "სუსტი სქესის" გადაჭარბებული მოყვარული ალექსანდრე მესამის თვალთახედვის არეში მოხვდა. მათი "გულთბილი" ურთიერთობის შედეგად ამ სამყაროს ლენინის უფროსი ძმა ალექსანდრე მოევლინა. "სექსაპილური" ფრეილინა ამით არ დაკმაყოფილდა და ერთი წლის შემდეგ უცნობი მამაკაცისაგან კიდევ ერთი შვილი, ამჟამად გოგონა გააჩინა. ცხადია, რომ ასეთ ამორალურ ქალბატონს მეფის სასახლეში არავინ გააჩერებდა. გამოსავალიც მოიძებნა. იმდროინდელმა ოხრანკამ პეტერბურგში ჰომოსექსუალისტი ილია ულიანოვი აღმოაჩინა. ამ უკანასკნელს ცოლად "შეცდენილი" მარია გაატანეს და საცხოვრებლად ციმბირში განაწესეს.

იქ ბატონმა ილიამ გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა, მისმა მეუღლემ კი ჭკუა ვერ ისწავლა და აქტიური "ცხოვრება" გააგრძელა. დროთა განმავლობაში სხვადასხვა მამაკაცებისაგან კიდევ ოთხი შვილი, მათ შორის ქვეყნის მომავალი ბელადი გააჩინა. ილიჩის ბავშვობა და ყრმობა მწარე აღმოჩნდა. სახლში "ოფიციალური" მამა არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებისაკენ უბიძგებდა, გარეთ კი მშობლების ქცევის წესის გამო მუდმივად თანატოლების დაცინვის ობიექტი ხდებოდა. რასაკვირველია ყოველივე ამას ლენინის ფსიქიკაზე გავლენა უნდა მოეხდინა და საბჭოთა ხალხის მომავალმა წინამძღოლმა მთელი კაცობრიობა ბავშვობიდანვე შეიძულა.

ეს ისტორია წინა საუკუნის სამოცდაათიან წლებში თურემე  მწერალმა მარიეტა შაგინიანმა გამოაშკარავა, მაგრამ იმდროინდელი პარტიული ლიდერების, ბრეჟნევისა და სუსლოვის აქტიური ჩარევის შემდეგ დიდი ხნით დავიწყებას მიეცა.

მაგრამ მოდით "ნორმალური ორიენტაციის" მქონე დონალდ ტრამპის სამშობლოს დავუბრუნდეთ.

მალე ახალი წელი გვეწვევა. ამასთან დაკავშირებით ამერიკულმა ჟურნალმა "ფორბსმა" გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა, რომ სანტა კლაუსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი გამოგონილი ჰუმანისტი ყოფილა.

ამერიკელები მიიჩნევენ, რომ სანტას არსებობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გჯეროდეს. ამერიკელების 75 პროცენტს მიაჩნია, რომ სანტა კლაუსს ნამდვილად მოაქვს მათთვის იმედი. ოკეანისგაღმელთა 60 პროცენტი კი დასავლური სამყაროს ამ თოვლის არსებას პოპულარობით უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე დონალდ ტრამპს, ჰილარი კლინტონს, ბრედ პიტს და "თვით" რომან აბრამოვიჩს.

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)