"შესაძლოა ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებიც იყოს... მეშინია, რომ მომკლავენ" - 7 წლის გოგონას მიმართვა ალეპოს ჯოჯოხეთიდან - კვირის პალიტრა

"შესაძლოა ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებიც იყოს... მეშინია, რომ მომკლავენ" - 7 წლის გოგონას მიმართვა ალეპოს ჯოჯოხეთიდან

ფოტოგალერეა

მას შემდეგ, რაც ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილი, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში ასადის ოპოზიციის ძალები აკონტროლებდნენ, რუსეთის ავიაციის დახმარებით ბაშარ ალ ასადის ძალებმა დაიკავა, მშვიდობიანი მოსახლეობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. 15 დეკემბერს მოსახლეობის ნაწილმა ქალაქი დატოვა, მათი მგზავრობისთვის მობილიზებული იყო ავტობუსები, ნაწილი კი დახმარებას და ქალაქიდან გაყვანას კვლავაც ელოდება. გაერო-ს ინფორმაციით, 16 დეკემბრის მდგომარეობით, იდლიბის პროვინციის მიმართულებით დღის განმავლობაში 50 000-მდე ადამიანს გადაიყვანენ.

"ჩემი სახელია ბანა, 7 წლის ვარ, მსოფლიოს მივმართავ აღმოსავლეთ ალეპოდან, შესაძლოა ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებიც იყოს, ირგვლივ სროლის ხმა არ წყდება, გაქცევა ერთადერთი გამოსავალია, მაგრამ მეშინია, რომ მომკლავენ", - ეს პოსტი პატარა გოგონამ ალეპოდან "ტვიტერის" საშუალებით ჯერ კიდევ 13 დეკემბერს გაავრცელა, მაშინ, როდესაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობდა ასადის სამხედრო ძალებსა და მეამბოხეებს შორის. როგორც მისი პოსტებიდან ირკვევა, ის დაჭრილ მამასთან ერთად იყო და დედასთან დაკავშირებას სოცოალური ქსელის საშუალებით ცდილობდა.

მართლაც რომ ჯოჯოხეთი დატრიალდა ალეპოს იმ ნაწილში, საიდანაც პატარა ბანა და უამრავი მისი თანატოლი დახმარებას ითხოვს.

რუსეთის ავიაციამ გაუგონარი სისასტიკით გაასწორა ქალაქის ეს ნაწილი მიწასთან, თუმცა კრემლის წარმომადგენლებს ყოფნით თავხედობა მომხდარზე ცინიზმითაც კი ილაპარაკონ. გაეროში რუსეთის წარმომადგენელის თქმით, თურმე "სირიაში ბავშვებს მტვერს აყრიან და დაბომბვების მსხვერპლად ასაღებენ..."

გავრცელებული ინფორმაციით, ალეპოში დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი ყოველ წამს იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი დროებით შეწყდა, მცირე მასშტაბის შეტაკებები კვლავაც გრძელდება. დაპირისპირებამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ქალების და ბავშვების. ქალაქში დაწყებულია მარადიორობა და ასადის ჯარისკაცების ქცევა ყოველგვარ ზღვარს სცდება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათობით ქალმა გაუპატიურების შიშით თავი მოიკლა.

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი კი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და ამბოხებულების ქვეყნიდან გაძევებას „ისტორიული მოვლენა“ უწოდა.

ასადის აგრესიულ პოლიტიკას და ხალხის უმოწყალო ხოცვა-ჟლეტას თითქმის მთელი მსოფლიო უპირისპირდება, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა კი რუსეთისა და ირანის ელჩებს საყვედური გამოუცხადა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მათ მოსახლეობას საშუალება მისცეს ცხელი წერტილი დაეტოვებინათ, მათ დახმარებითა და ავიაიერიშებით უამრავი უდანაშაულო მოქალაქე დაიღუპა.

გაეროს წარმომადგენლები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, დაშავებულები და უსახლკაროდ დარჩენილები ქალაქიდან გამოიყვანონ.

იხილეთ ფოტოგალერეა

თარგმნა ეკა გადახაბაძემ