“ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით” - თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლეს - კვირის პალიტრა

“ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით” - თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლეს

თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი მოკლეს.

რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე „რუსეთი თურქების თვალით“ სიტყვით გამოდიოდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს უკნიდან იმ დროს ესროლა, როდესაც ის სიტყვით გამოსვლას ასრულებდა.

ადამიანი, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩზე ანდრეი კარლოვზე თავდასხმა განახორციელა, ლიკვიდირებულია. თურქული ტელეკომპანია „NTV“-ს ინფორმაციით, მისი ლიკვიდაცია საპოლიციო შტურმის შედეგად განხორციელდა.

“ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით”, - დაიყვირა თავდამსხმელმა და რუსეთის ელჩს ხუთი ტყვია ესროლა. თვითმხილველებზე დაყრდნობით რუსულია მედია წერს, რომ ტერორისტი ყვიროდა „ალაჰ აქბარ“. მათივე ცნობით, აღნიშნული ტერაქტი მიმართული იყო ელჩის წინააღმდეგ, რადგან გასროლის შემდეგ, თავდამსხმელმა ღონისძიებაზე დამსწრეთ საშუალება მისცა, საგამოფენო სალონის შენობა დაეტოვებინათ.

"როიტერის" ცნობით, ადამიანი, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩს, ანდრე კარლოვს ესროლა, ანკარაში პოლიციაში მუშაობდა.

ამავდროულად, ტელეკომპანია „NTV“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დამნაშავე საგამოფენო სივრცეში როგორც პოლიციელი შეიპარა, სადაც რუსეთის ელჩი სიტყვით გამოდიოდა. ვარაუდობენ, რომ მის მიერ წარმოდგენილი დამადასტურებელი საბუთი, შესაძლოა, ყალბი ყოფილიყო.

"ინტერპრესნიუსი"