ხომ არ შედიოდა რუსი დიპლომატის მკვლელობა თავად კრემლის ინტერესებში და რატომ? - კვირის პალიტრა

ხომ არ შედიოდა რუსი დიპლომატის მკვლელობა თავად კრემლის ინტერესებში და რატომ?

რამდენიმე დღის წინ, თურქეთის ქალაქ ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობამ მსოფლიოში მიმდინარე სხვა ამბები დროებით დაჩრდილა. ამ ამბავმა ალეპოში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები და გერმანიაში დატრიალებული სისხლიანი ტერაქტი ერთგვარ ჩრდილშიც კი მოაქცია.

კარლოვის მკვლელობიდან რამდენიმე დღეა გასული. თავდაპირველად გავრცელებული ოფიციალური განცხადებების შემდეგ ამ მოვლენის გაანალიზების დროც დადგა და პოლიტიკურმა მიმომხილველებმა საკუთარი ვერსიების წამოყენება დაიწყეს. რუსი დიპლომატის მკვლელობა ერთეული პიროვნების მიერ ალეპოში დაღვრილი უდანაშაულო ადამიანების სისხლის გამო შურისძიებაა თუ საქმე უფრო სერიოზულადაა და კარლოვი საიდუმლო პოლიტიკური შეთქმულების მსხვერპლი გახდა.

სანამ ამ ვერსიებზე ვისაუბრებდეთ, ისტორია გავიხსენოთ. ანდრეი კარლოვი პირველი რუსი დიპლომატი არ გახლავთ, რომელიც უცხოეთში თავისი ქვეყნის სამსახურს შეეწირა.

1829 წლის 11 თებერვალს, თეირანში რუსეთის ელჩი ალექსანდრე გრიბოედოვი მოკლეს. 1923 წლის 10 მაისს, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენელი იტალიაში ვაცლავ ვოროვსკი შვეიცარიის ქალაქ ლოზანას სასტუმრო "სესილში" დახვრიტეს. 1927 წლის 7 ივნისს, პოლონეთში საბჭოთა კავშირის ელჩი პეტრე ვოიკოვი ქალაქ ვარშავის რკინიგზის სადგურზე სიცოცხლეს გამოასალმეს.

კარლოვის მკვლელობიდან რამდენიმე საათში რუსულ ვებგვერდებზე "მსოფლიო ტერორისტების" წინააღმდეგ დიდი კმპანია გაჩაღდა. ამ აქციაში რუსი პოლიტიკოსები მონაწილეობას არ იღებდნენ და "ძირითადი მამოძრავებელი ძალა" უბრალო ხალხი გახლდათ. რასაკვირველია, ტერორისტების დანდობა არ შეიძლება და მას ბოლომდე უნდა ებრძოლო, მაგრამ... რუსეთის მოსახლეობის ნაწილი საკუთარ მთავრობას ქალაქ ალეპოს დაბომბვების გაძლიერებისაკენ და სირიაში უფრო ხისტი მოქმედებებისაკენ მოუწოდებდა.

მოგვიანებით საქმეში უშუალოდ პოლიტიკოსებიც ჩაებნენ. ვინმე ანტონ ხაშენკომ პუტინის ადმინისტრაციას სირიაში "სადამსჯელო ზომების" გაძლიერებისაკენ აშკარად მოუწოდა.

"ტერორისტების დანდობა არ შეიძლება, არ აქვს მნიშვნელობა კაცია, ქალი თუ ბავშვი. რამდენიმე დღის წინ შვიდი წლის გოგონამ თავი აიფეთქა და თან რამდენიმე ადამიანი წაიყოლია. მესმის, რომ იგივე ალეპოში მშვიდობიანი მოსახლეობა იჩაგრება, მაგრამ რამდენია მათ შორის ტერორისტი? მიმაჩნია, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა ამ ხალხის მიმართ დაწოლა უფრო უნდა გააძლიეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ანდრეი კარლოვის ტრაგედია ერთეულ შემთხვევად არ დარჩება".

უფრო შორს წავიდა რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი ვლადიმერ ვასილიევი.

"მსოფლიოში გავრცელებული ფოტოსურათები, სადაც ვითომდა ალეპოში დასახიჩრებული ბავშვები არიან გამოსახული, დადგმული სცენებია, რომლებსაც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ეგვიპტეში ამზადებენ. არ ვუარყოფ, რომ ალეპოში უდანაშაულო ადამიანების სისხლი დაიღვარა, მაგრამ არა იმ მასშტაბებით როგორც ეს მსოფლიოს სურთ რომ წარმოუდგინონ", - განაცხადა ბატონმა ვასილიევმა.

ანკარაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საერთო ფონი მკვეთრად შეიცვალა და რუსეთის მთავრობას სირიაში უფრო დაუნდობელი მოქმედებებისაკენ მოუწოდებენ მედიიდანაც.

ისმის კითხვა, ხომ არ შედიოდა კარლოვის მკვლელობა რუსეთის ინტერესებში? ამ ქვეყანას ხანგრძლივი არსებობის ისტორიაში სახელი გაფუჭებული აქვს და სასურველი მიზნის მისაღწევად უკან არასოდეს არ იხევდა.

ორიოდე დღის წინ, ანალოგიური კითხვა გამოცემა "New York Daily"-ის ჟურნალისტებმაც დასვეს. გაზეთის პოლიტიკური მიმომხილველების ვარაუდით, ანკარის ტერაქტის შემდეგ რუსეთის სირიაში მოქმედება გაცილებით ხისტი გახდება და ეს ქვეყანა ამ არაბული ქვეყნიდან სამხედრო ძალების გამოყვანას გაურკვეველი ვადით გადადებს. გარდა ამისა, მომხდარი რუსეთს თურქეთზე კიდევ უფრო მეტი გავლენის მოპოვების საშუალებას მისცემს.

ისმის კითხვა, როგორ შეაღწია შურისმაძიებელმა თუ ტერორისტმა მევლუთ მერტ ალტინტაშმა დანაშაულის ჩადენის ადგილზე. რუსეთის ელჩის თანამდებობა და სტატუსი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას გაძლიერებულ დაცვას ექვემდებარება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელი ყოფილი პოლიციელი გახლდათ და ანკარის თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო ცენტრში გადაადგილებისთვის წესრიგის დამცველის ვადაგასული მოწმობა გამოიყენა.

ისმის კიდევ ერთი კითხვა, ალბათ შეიძლებოდა ტერორისტის ცოცხლად აყვანა და რატომ გახდა აუცილებელი მისი ლიკვიდაცია?! თურქული პოლიციის მაღალჩინოსნების განცხადებით, მევლუთ მერტის მოქმედება საგამოფენო დარბაზში მყოფი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. ამ მიზეზის გამო მისი ადგილზევე დახვრეტა განხორციელდა. ამ დროს გავრცელებული ვიდეოკადრებიდან კარგად ჩანს, რომ მკვლელი იქ მყოფი ხალხის მიმართ აგრესიას არ იჩენდა და მისი სამიზნე მხოლოდ რუსეთის ელჩი გახლდათ. არსებობს "გონივრული ეჭვი", რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ცოცხლად დატოვება ვიღაცის ინტერესებში არ შედიოდა.

ეს ყველაფერი ვარაუდი და მომხდარის ერთ-ერთი ვერსიაა. რეალურად რა და როგორ იყო, პასუხებს ალბათ ვერც მივიღებთ ან ცნობილი ძალიან გვიან გახდება.

პოლიტკონიუქტურა ამ ფაქტს ახლავს და მომხდარის საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოყენებას, ბევრი შეეცდება. მოგეხსენებათ, ელჩის მკვლელობა თურქეთმა პირველივე საათებში ამერიკაში მყოფ ფეთიულა გიულენს დაუკავშირა...

ფაქტი ერთია, სხვადასხვა ქვეყნების წამყვანი პოლიტიკოსების პროგნოზით, ტერორიზმთან უშეღავათო ბრძოლის საბაბით რუსეთის მოქმედება უფრო აგრესიული გახდება. ეს ეხება როგორც სირიას, ასევე სხვა ქვეყნებსაც. გავიხსენოთ თხუთმეტიოდე წლის წინანდელი საქართველოს ისტორია, როდესაც პანკისის ხეობაში დაბანაკებული ჩეჩენი მებრძოლების განადგურების მომიზეზებით, ჩვენი ჩრდილო მეზობელი ლამის ქვეყანაში შემოგვივარდა და ომი დაგვიწყო. მაშინ საფრთხეს გადავურჩით, მაგრამ არავინ იცის ხვალ და ზეგ მოვლენები როგორ წარიმართება და ამჟამინდელი რუსეთის მმართველი წრეების თავში რა ახალი ვერაგული გეგმა დაიბადება.